დავით ჩიხელიძე: „მექას შეთანხმება“ ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის ძალთა ბალანსის ახალ ეტაპს იწყებს

„2026 წლის 7 აგვისტოს მექაში საუდის არაბეთს, თურქეთსა და პაკისტანს შორის გაფორმებული შეთანხმების შეფასებისას ყველაზე დიდი შეცდომა იქნება მისი ან გადაჭარბებულად წარმოჩენა, როგორც „ახალი ნატოსი“, ან პირიქით - მისი უბრალო დეკლარაციად გამოცხადება“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, აღნიშნულმა ხელშეკრულებამ ცხადყო, რომ ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში ძალთა ბალანსის ახალი ეტაპი იწყება.

„შეთანხმების ფორმულირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: მისი მიხედვით, ერთ-ერთ ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმა სამივე სახელმწიფოზე თავდასხმად განიხილება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ეს მექანიზმი ტექნიკურად ნატოს მე-5 მუხლს შეადარა. თუმცა აუცილებელია აღვნიშნოთ, ამ ეტაპზე არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ მექას შეთანხმება ნატოს ანალოგიურ სრულფასოვან სამხედრო ალიანსად მივიჩნიოთ. უფრო სწორი იქნება, შეთანხმება განვიხილოთ, როგორც სამი სახელმწიფოს მიერ შექმნილი სტრატეგიული შეკავების ახალი ჩარჩო, რომლის რეალური სამხედრო შინაარსი, ინსტიტუციური მექანიზმები და პრაქტიკული ვალდებულებები მომავალში უნდა დაზუსტდეს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

დავით ჩიხელიძის თქმით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საუდის არაბეთის, პაკისტანისა და თურქეთის დღევანდელი თანამშრომლობა ერთ დღეში არ შექმნილა და შეთანხმება ნულიდან არ დაწყებულა. მისი თქმით, საფუძველი ჩაეყარა 2025 წლის 17 სექტემბერს საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის გაფორმებულ სტრატეგიული ურთიერთთავდაცვის შეთანხმებას, სადაც პირველად ჩაიწერა პრინციპი, რომლის მიხედვითაც ერთ ქვეყანაზე აგრესია ორივე ქვეყანაზე აგრესიად განიხილება. შესაბამისად, 2026 წლის მექას შეთანხმება შეიძლება ჩაითვალოს უკვე არსებული საუდის-პაკისტანის უსაფრთხოების ჩარჩოს გაფართოებად, რომელშიც თურქეთიც შევიდა.

„ამიტომ ახალი შეთანხმების მნიშვნელობა მხოლოდ ხელმოწერილ დოკუმენტში არ უნდა ვეძებოთ. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ 2025 წელს დაწყებული ორმხრივი უსაფრთხოების ფორმატი ერთ წელიწადში უკვე სამმხრივ ფორმატად გაფართოვდა. ამასთან, თავად 2025 წლის შეთანხმებაზეც დეტალები შეზღუდული იყო და პაკისტანის ოფიციალურ განცხადებებში არ დადასტურებულა რაიმე ფორმალიზებული „ბირთვული ქოლგა“. შესაბამისად, არც ახლა გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ საუდის არაბეთმა პაკისტანისგან ბირთვული გარანტია მიიღო“, - წერს ჩიხელიძე.

ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახლად შექმნილი სამმხრივი გაერთიანების მთავარი მნიშვნელობა სამხედრო სფეროს სცდება. მისი შეფასებით, საუდის არაბეთს აქვს კაპიტალი, ენერგორესურსები და ეკონომიკური შესაძლებლობები, პაკისტანს - მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალი და ბირთვული სახელმწიფოს სტატუსი, თურქეთს კი - განვითარებული თავდაცვითი ინდუსტრია, დიდი შეიარაღებული ძალები, სამხედრო გამოცდილება და ფართო გეოგრაფიული წვდომა. ამ სამი კომპონენტის კომბინაცია კი შეთანხმებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

როგორც დავით ჩიხელიძე განმარტავს, საუდის არაბეთი ამ სამეულის ეკონომიკური ბირთვია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქვეყნის ნომინალურმა მშპ-მ 2025 წელს დაახლოებით 927 მილიარდ დოლარს მიაღწია. პარალელურად, რიადი ცდილობს ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას და ტურიზმის, ტექნოლოგიების, ინფრასტრუქტურის, მრეწველობისა და სხვა სექტორების განვითარებას, თუმცა ნავთობი კვლავ რჩება საუდის არაბეთის გეოპოლიტიკური ძალის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ.

„ამიტომ სამმხრივი ფორმატის ეკონომიკური მნიშვნელობა მხოლოდ სამი ქვეყნის ვაჭრობას არ ეხება. ის უკავშირდება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ნავთობის მიწოდების სტაბილურობას, წითელ ზღვას, სპარსეთის ყურეს, საზღვაო მარშრუტებსა და აზია-ევროპის სავაჭრო ქსელებს. თუ უსაფრთხოების თანამშრომლობა ეკონომიკურ თანამშრომლობადაც გადაიქცა, საუდის არაბეთის კაპიტალი შეიძლება გახდეს თურქული თავდაცვითი მრეწველობისა და პაკისტანის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ფინანსური წყარო. ამ ფინანსური კავშირის კარგი მაგალითია პაკისტანის ცენტრალურ ბანკში საუდის არაბეთის დეპოზიტები. 2026 წლის აპრილში რიადმა პაკისტანის ცენტრალურ ბანკში არსებული 5 მილიარდი დოლარის დეპოზიტის ვადა კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა და დამატებით 3 მილიარდი დოლარის დეპოზიტიც გამოყო. ეს პაკისტანს სავალუტო რეზერვების გამყარებასა და საგარეო ფინანსურ ვალდებულებებზე ზეწოლის შემცირებაში ეხმარება. ეს გარემოება მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ საუდის არაბეთ-პაკისტანის ურთიერთობა მხოლოდ თავდაცვით თანამშრომლობაზე არ დგას - უსაფრთხოების, ფინანსური და ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული“, - აცხადებს იგი.

რაც შეეხება პაკისტანს, ჩიხელიძის თქმით, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მხოლოდ სამხედრო ტექნიკა არ არის, არამედ მასშტაბია. მსოფლიო ბანკის მიხედვით, პაკისტანის მოსახლეობამ 2025 წელს დაახლოებით 255 მილიონს მიაღწია, ხოლო ეკონომიკა დაახლოებით 407 მილიარდ დოლარს შეადგენდა. პაკისტანი ასევე არის ბირთვული სახელმწიფო, რაც შეთანხმების გარშემო ყველაზე დიდ სტრატეგიულ კითხვას ქმნის.

„თუმცა აქაც აუცილებელია სიფრთხილე: არ არსებობს საჯაროდ დადასტურებული საფუძველი იმის სათქმელად, რომ საუდის არაბეთს მექას შეთანხმებით პაკისტანის ბირთვული არსენალი ან ბირთვული გარანტია ავტომატურად მიეწოდება. პირიქით, შეთანხმების მონაწილეები ხაზს უსვამენ, რომ მისი მიზანი რეგიონული უსაფრთხოებისა და შეკავების გაძლიერებაა. სხვა სიტყვებით, პაკისტანის ბირთვული შესაძლებლობა უკვე თავისთავად ცვლის იმ სახელმწიფოთა გათვლებს, რომლებიც ამ სამეულის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებას განიხილავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების დადასტურებული შეთანხმება არ არსებობს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისივე შეფასებით, თუ საუდის არაბეთი ამ გაერთიანებას ფინანსურ და ენერგეტიკულ რესურსს აძლევს, ხოლო პაკისტანი - ადამიანურ და სტრატეგიულ წონას, თურქეთი მის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპონენტს აძლიერებს. თურქეთის თავდაცვითი ინდუსტრია ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა და ქვეყანას უკვე აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები უპილოტო სისტემების, ავიაციის, საზღვაო პლატფორმების, ელექტრონული სისტემებისა და სხვა თავდაცვითი ტექნოლოგიების სფეროებში. შესაბამისად, მექას შეთანხმება საუდის არაბეთისთვის შეიძლება ნიშნავდეს არა მხოლოდ დამატებით სამხედრო პარტნიორს, არამედ საკუთარი თავდაცვითი ინდუსტრიის განვითარების დაჩქარებასაც.

ჩიხელიძის თქმით, სამი ქვეყნის გაერთიანების მასშტაბის წარმოდგენისთვის რამდენიმე მაჩვენებლის ცოდნაა საჭირო. 2025 წლის მონაცემებით, პაკისტანის მოსახლეობა დაახლოებით 255 მილიონია, თურქეთის - 86 მილიონი, ხოლო საუდის არაბეთის - 35 მილიონი. მთლიანობაში ეს არის 375 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო თურქეთისა და საუდის არაბეთის ეკონომიკების ნომინალური მოცულობა, პაკისტანის ეკონომიკასთან ერთად, დაახლოებით 3 ტრილიონ დოლარს უახლოვდება.

„ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ სამ ქვეყანას ერთიანი სამხედრო ბიუჯეტი, ერთიანი არმია ან ერთიანი სამეთაურო სისტემა აქვს. თუმცა მათი რესურსების გაერთიანება საკმაოდ სერიოზულ პოტენციალს ქმნის. მექას შეთანხმების კიდევ ერთი განსაკუთრებული ასპექტი გეოგრაფიაა. საუდის არაბეთი მდებარეობს სპარსეთის ყურისა და წითელი ზღვის სივრცეში, პაკისტანი - სამხრეთ აზიასა და არაბეთის ზღვას შორის, ხოლო თურქეთი ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი სახელმწიფოა. ანუ სამი ქვეყანა ქმნის ერთგვარ სტრატეგიულ ხიდს სამხრეთ აზიიდან ახლო აღმოსავლეთის გავლით ევროპისკენ. ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების მომავალში გაფართოება მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობას კი არ შეიძლება ნიშნავდეს, არამედ შესაძლებელია განვითარდეს: თავდაცვა, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა, ტექნოლოგიები და ლოგისტიკა. სწორედ ასეთი კომბინაცია აქცევს შეთანხმებას მნიშვნელოვან მოვლენად“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

ექსპერტი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი რეგიონულ თანამშრომლობას ეგვიპტესთან ერთად უკვე სხვა ფორმატშიც ავითარებენ. კერძოდ, 2026 წლის 21 ივნისს ოთხმა ქვეყანამ R4-ის ფორმატის მეოთხე საკონსულტაციო შეხვედრა გამართა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს არა მხოლოდ რეგიონული უსაფრთხოება, არამედ ენერგეტიკული ბაზრები, საზღვაო მარშრუტები, გლობალური მიწოდების ჯაჭვები და საერთაშორისო ვაჭრობა. ეს მიუთითებს, რომ მექას შეთანხმების უკან უკვე არსებობს უფრო ფართო პოლიტიკური და ეკონომიკური კოორდინაციის ფორმატი.

„შეთანხმების ტექსტში კონკრეტული მოწინააღმდეგე არ სახელდება და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ხაზგასმით განაცხადა, რომ შეთანხმება არც ირანის და არც სხვა კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. თუმცა გეოპოლიტიკური კონტექსტი ბევრად უფრო მეტს ამბობს. სამივე ქვეყანა ირანის მეზობელია ან ირანის უშუალო რეგიონულ გარემოში მოქმედებს. პაკისტანს ირანთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ისევე როგორც თურქეთს, საუდის არაბეთი კი ირანის მთავარი რეგიონული კონკურენტია სპარსეთის ყურის სივრცეში. ამიტომ ირანისთვის მნიშვნელოვანი თავად შეთანხმების არსებობაა: სამი ცალკეული ურთიერთობა ახლა ნაწილობრივ ერთ კოლექტიურ უსაფრთხოების ფორმულაში იყრის თავს. თუმცა პაკისტანის მონაწილეობა ამ ფორმატში ავტომატურად ანტიირანულ ალიანსად მის გამოცხადებას ართულებს. ისლამაბადს თეირანთან საკუთარი ურთიერთობები და საზღვარი აქვს და მას შეუძლია გარკვეულწილად დამაკავშირებელი როლის შესრულებაც. მით უფრო გასათვალისწინებელია ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როცა პაკისტანი თეირანსა და ვაშინგტონს შორის შუამავლის როლს ასრულებდა“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.

მისივე თქმით, მექას შეთანხმების განხილვა ისრაელის ფაქტორის გარეშე შეუძლებელია. რეგიონში ბოლო წლების ომებმა და ისრაელის სამხედრო ოპერაციების გაფართოებამ არაბულ ქვეყნებში უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა. ამ გარემოში საუდის არაბეთს აღარ სურს უსაფრთხოების მთლიანად ერთ გარე ძალაზე დამოკიდებულება. თურქეთისთვის კი ისრაელთან დაძაბულობის ზრდა დამატებითი ფაქტორია, თუმცა შეთანხმება ოფიციალურად არც ისრაელის წინააღმდეგ არის მიმართული და ახლად შექმნილი ალიანსის მთავარი პოლიტიკური ძალა სწორედ ამ სტრატეგიულ გაურკვევლობაშია.

ვაშინგტონის როლთან დაკავშირებით ექსპერტი განმარტავს, რომ ახალი პაქტი აჩვენებს რიადის მცდელობას, უსაფრთხოების არქიტექტურა უფრო მრავალმხრივი გახადოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საუდის არაბეთი აშშ-ს ტოვებს. ეს არის დაზღვევის სტრატეგია, რათა უსაფრთხოება მხოლოდ ერთ პარტნიორზე არ იყოს დამოკიდებული, შესაბამისად, შესაძლოა ვიხილოთ არა აშშ-ის ჩანაცვლება, არამედ უსაფრთხოების სისტემის უფრო მრავალპოლუსიან მოდელზე გადასვლა.

„სამხედრო პაქტების ხანგრძლივობა ხშირად მათი ეკონომიკური საფუძვლით განისაზღვრება. ამ შემთხვევაში სამი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს საკმაოდ კარგად ავსებს: საუდის არაბეთს აქვს ფინანსური რესურსები და ენერგეტიკული ძალა, თურქეთს - წარმოება, ტექნოლოგია და თავდაცვითი ინდუსტრია, პაკისტანს - დიდი შიდა ბაზარი, ადამიანური რესურსი, სამხედრო გამოცდილება და სტრატეგიული მდებარეობა. ამიტომ, თუ თავდაცვითი თანამშრომლობა ეკონომიკურ თანამშრომლობადაც გადაიქცა, შეიძლება მივიღოთ არა უბრალოდ სამხედრო ალიანსი, არამედ ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების ერთმანეთთან დაკავშირებული ქსელი.

რაც შეეხება საფრთხეებს, აქ მთავარი საფრთხე თვითონ შეთანხმება კი არა, მისი შემდგომი ევოლუციაა. თუ მექას შეთანხმება დარჩება პოლიტიკური შეკავების მექანიზმად, მისი რისკები შედარებით შეზღუდული იქნება. მაგრამ თუ მომავალში შეიქმნა მუდმივი სამხედრო სამდივნო, ერთობლივი სამეთაურო სტრუქტურები, საერთო სამხედრო დაგეგმვა, ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, ახალი წევრების ფართო მონაწილეობა ან ბირთვულ სფეროში რაიმე ფორმალიზებული თანამშრომლობა, მაშინ უკვე სრულიად განსხვავებულ უსაფრთხოების არქიტექტურასთან გვექნება საქმე. ამ შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთი შეიძლება უფრო მკაფიოდ დაიყოს ურთიერთდაპირისპირებულ უსაფრთხოების ჯგუფებად, რაც გაზრდის ესკალაციისა და რეგიონული კონფლიქტის გაფართოების რისკს“, - აცხადებს ჩიხელიძე.

დავით ჩიხელიძის შეფასებით, ახალი შეთანხმების განხილვისას მნიშვნელოვანია, საკითხს მხოლოდ უსაფრთხოების რისკების ჭრილში არ შევხედოთ. საქართველოს სამივე მონაწილე ქვეყანასთან - თურქეთთან, საუდის არაბეთთან და პაკისტანთან სტაბილურად კარგი ურთიერთობები აქვს, ხოლო თითოეულ მათგანთან თბილისს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები გააჩნია. შესაბამისად, ახალი სამმხრივი ფორმატის ჩამოყალიბება საქართველოსთვის ავტომატურად საფრთხეს არ წარმოადგენს, პირიქით - სწორი ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის პირობებში მას ახალი შესაძლებლობებიც შეიძლება მოჰყვეს.

„განსაკუთრებით საინტერესოა შუა დერეფნის პერსპექტივა. თურქეთი უკვე ღიად განიხილავს შუა დერეფანს, როგორც აზიასა და ევროპას შორის ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო ალტერნატივას. მარშრუტი ჩინეთიდან ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქეთში, შემდეგ კი ევროპაში გრძელდება. საქართველოს ამ სისტემაში მხოლოდ სატრანზიტო ტერიტორიის ფუნქცია არ აქვს - ქვეყანა წარმოადგენს იმ რგოლს, რომელიც კასპიის რეგიონს თურქულ სატრანსპორტო ქსელთან აკავშირებს.

ამ ფონზე შეთანხმებას შეიძლება ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა ჯერ მხოლოდ პოტენციური შედეგი ჰქონდეს: თუ თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის თანამშრომლობა თავდაცვითი სფეროდან ეკონომიკასა და ლოგისტიკაზე გავრცელდა, საქართველოსთვის შუა დერეფნის მნიშვნელობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. საუდის არაბეთი ამ სამეულში კაპიტალისა და ენერგეტიკული რესურსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, თურქეთი - რეგიონული ლოგისტიკური და საწარმოო ცენტრი, ხოლო პაკისტანი - სამხრეთ აზიის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი. შესაბამისად, სამ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შემთხვევაში ჩნდება დამატებითი მოთხოვნა იმ სატრანსპორტო მარშრუტებზე, რომლებიც სამხრეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთს ევროპასთან აკავშირებს. აქ განსაკუთრებით საინტერესოა არა მხოლოდ კლასიკური ჩინეთი-ევროპის მარშრუტი, არამედ შუა დერეფნის სამხრეთის მიმართულებით გაფართოების შესაძლებლობაც. თურქეთი უკვე მუშაობს ყურის ქვეყნებთან სახმელეთო სატრანზიტო კავშირების გაძლიერებაზე. ეს ნიშნავს, რომ რეგიონში პარალელურად ყალიბდება აღმოსავლეთ-დასავლეთის რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული სატრანსპორტო ქსელი, რომელთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩრდილოეთი მარშრუტი სწორედ საქართველოს გავლით გადის“, - განმარტავს ექსპერტი.

მისივე თქმით, საქართველოსთვის შესაძლოა საინტერესო გახდეს არა ის, თუ რომელი სამხედრო ბლოკის წევრი ან პარტნიორი გახდება ესა თუ ის ქვეყანა, არამედ როგორ შეიძლება ამ ახალი გეოპოლიტიკური ქსელების ეკონომიკურ და სატრანზიტო შესაძლებლობებად გარდაქმნა.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, საქართველოს აქ რამდენიმე უპირატესობა გააჩნია. პირველი ეს არის გეოგრაფია - საქართველო მდებარეობს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ სივრცეში და შუა დერეფნის ერთ-ერთი აუცილებელი რგოლია. მეორე ფაქტორია თურქეთთან სტაბილური ურთიერთობა, რადგან თურქეთისთვის საქართველოს გავლით აზერბაიჯანთან და ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებული მარშრუტები უკვე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა. მესამე უპირატესობა საუდის არაბეთთან არსებული კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებია - თუ რიადის ინვესტიციები რეგიონულ ლოგისტიკურ, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში გაიზრდება, საქართველოს შეუძლია ამ პროცესში არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნის, არამედ საინვესტიციო და ლოგისტიკური პარტნიორის როლის გაძლიერება. მეოთხე კი პაკისტანის ფაქტორია - თუმცა პაკისტანი საქართველოსთვის გაცილებით ნაკლებად ათვისებული ეკონომიკური მიმართულებაა, 250 მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყნის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია თურქეთთან და საუდის არაბეთთან მომავალში საქართველოსთვის ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს ქმნის.

„აქ განსაკუთრებით საინტერესოა R4-ის ფორმატი, სადაც თანამშრომლობა მხოლოდ სამხედრო სფეროთი არ შემოიფარგლება. თუ ეს ფორმატი მომავალში ეკონომიკურ და სატრანსპორტო თანამშრომლობადაც გაღრმავდა, საქართველოსთვის ეს შეიძლება დამატებითი შესაძლებლობა გახდეს. საქართველოს ინტერესშია, რომ შუა დერეფანი მხოლოდ ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალ გზად არ დარჩეს. მისი პოტენციალი გაცილებით ფართოა - ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით ახლო აღმოსავლეთისა და ყურის ქვეყნებთან დაკავშირებაც შესაძლებელია. ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების გაუარესებამ შეიძლება პარადოქსული შედეგიც გამოიწვიოს: თუ წითელი ზღვის, სუეცის არხისა და სპარსეთის ყურის მარშრუტებზე რისკები გაიზრდება, კომპანიებისა და სახელმწიფოებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება ალტერნატიული მარშრუტების არსებობა. ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით არსებული შუა დერეფნის ეკონომიკური მნიშვნელობა შეიძლება გაიზარდოს. ეს უკვე საქართველოსთვის პირდაპირი ეკონომიკური ინტერესია“, - წერს იგი.

ამასთან, ექსპერტი დასძენს, რომ საჭიროა რეალისტური შეფასებაც: მექას შეთანხმება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ საუდის არაბეთიდან ან პაკისტანიდან ტვირთების დიდი ნაკადი საქართველოს გავლით გადმოერთვება. ამისთვის საჭიროა კონკურენტუნარიანი ტარიფები, გამართული საბაჟო პროცედურები, საკმარისი სარკინიგზო და საპორტო სიმძლავრეები და სტაბილური ლოგისტიკური გარემო. სანამ ახალი რეგიონული ეკონომიკური კავშირები საბოლოოდ ჩამოყალიბდება, ქვეყანამ უნდა შეძლოს საკუთარი ინფრასტრუქტურული და სატრანზიტო შესაძლებლობების მაქსიმალურად მომზადება.

„ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ საქართველომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა: დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა, უმჯობესდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, იგეგმება დამატებითი ვაგონებისა და ლოკომოტივების შეძენა, წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა (კობი-გუდაურის სრულიად ახალი გზა, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის დასრულება, დაგეგმილი სამხრეთის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობა და ა.შ.). თუ თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი მომავალში თავდაცვის სფეროს მიღმა უფრო ფართო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გადავლენ, საქართველოსთვის სასურველი იქნება, რომ ამ პროცესში შუა დერეფანი მათთვის ბუნებრივ და კონკურენტუნარიან ევროპულ მიმართულებად ჩამოყალიბდეს.

ამიტომ ახალი ალიანსი საქართველოსთვის მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების საკითხი არ არის. ის შეიძლება გახდეს კიდევ ერთი ფაქტორი იმ უფრო ფართო პროცესში, რომლის შედეგადაც შავი ზღვა, კავკასია და საქართველო აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური კავშირის მნიშვნელოვნად უფრო მნიშვნელოვან რგოლად ჩამოყალიბდება. საქართველოსთვის საუკეთესო სტრატეგია ამ ეტაპზე რაციონალური, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა და თურქეთთან, საუდის არაბეთთან, პაკისტანთან არსებული კარგი ურთიერთობების შენარჩუნება და ამ ურთიერთობების ვაჭრობის, ინვესტიციების, ენერგეტიკისა და განსაკუთრებით სატრანზიტო ფუნქციის გასაძლიერებლად გამოყენებაა. თუ ახალი რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა მართლაც უფრო მრავალპოლუსიანი გახდება, საქართველოსთვის მთავარი კაპიტალი ისევ მისი გეოგრაფია იქნება. მაგრამ გეოგრაფია თავისთავად უპირატესობა მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ქვეყანა მას ინფრასტრუქტურით, სტაბილურობითა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით იყენებს“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786278648

ახალი ამბები

პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდ...

პროკურატურა

1786275797

ახალი ამბები

თბილისის ზღვაში არასრულწლოვანი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.  დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,...

თბილისის ზღვა

1786273870

საზოგადოება

თორნიკე ფაღავა: 2008 წლისა და 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს დადგნენ - მათ ორივე შემთხვევაში უღალატეს სახელმწიფო ინტერესებს

„(2008 წლის აგვისტოს ომის) დასრულებიდან მალევე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა PACE-ს რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება პირდაპირ დააბრალა ქართველ სამხედროებსა და საქართველოს სახელმწიფოს“, - ამის...

თორნიკე ფაღავა

1786273319

საზოგადოება

პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შ...

პროკურატურ

1786270451

საზოგადოება

თამარ ზოდელავა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

 იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს უწყებებს...

თამარ ზოდელავა