მიტროპოლიტი შიო: თუ გვინდა გავხდეთ სიძის საქორწილო ნადიმის თანაზიარნი და მონაწილენი, ასე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ითხოვს ჩვენგან უფალი: ყველაფერს ვაკეთებდეთ ქრისტესთვის რწმენით, ქრისტეს ჭვრეტით, მისი მცნებების აღსრულების სურვილით

„თუ გვინდა, გავხდეთ სიძის საქორწილო ნადიმის თანაზიარნი და მონაწილენი, ასე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ითხოვს ჩვენგან უფალი: ყველაფერს ვაკეთებდეთ ქრისტესთვის რწმენით, ქრისტეს ჭვრეტით, მისი მცნებების აღსრულების სურვილით...“, - აღნიშნა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირმა) დღეს, 14 სექტემბერს საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებული ქადაგებისას.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს - ახალი საეკლესიო წლის დაწყებას, ასევე, სასწავლო წლის დაწყებას.
როგორც გითხარით, ახლა გადავიხადეთ სწავლის დაწყების პარაკლისი, დავლოცეთ ჩვენი ქვეყნის სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, პედაგოგები, პროფესორები; ყველას ვლოცავთ დიდი სიყვარულით და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ. ყველაზე კარგი დარიგება მათთვის - მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისთვის და, საერთოდ, ყველა ადამიანისთვის - არის უფალ იესო ქრისტეს სწავლება, რომელიც წარმოდგენილი იყო დღეს წაკითხულ სახარებაში, ძვირფასო ძმებო და დებო. ერთმა მეფემ თავისი ძისთვის გამართა საქორწილო ნადიმი (როგორც მოგეხსენებათ, მეფეში იგულისხმება თავად ღმერთი) და დაპატიჟა მრავალი ადამიანი, მაგრამ მათ სხვადასხვა რამ მოიმიზეზეს და მოსვლა არ ინებეს. ერთმა თქვა, რომ ყანა იყიდა და უნდა დაეხედა; მეორემ თქვა, რომ ხარები შეიძინა და უნდა გამოეცადა; მესამემ ცოლი შეირთო და ვერაფრით მოვიდოდა ამ ნადიმზე. ყველა ძალიან ზრდილობიანად იხდის ბოდიშს და უარს ამბობს.
დააკვირდით, ამ ყველა მოწვეულმა იცოდა, რა მდიდარი მასპინძლობა, რა სიხარული ელოდა მეფესთან, მაგრამ ისინი იმდენად დაკავებული იყვნენ თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით, რომ მეფის ნადიმისთვის ვერ მოიცალეს. შემდეგ მეფე უბრძანებს თავის მონებს, გავიდნენ და მოიწვიონ ყველა, ვისაც ნახავენ ქუჩაში, რათა შეავსოს ეს ნადიმი და დასძენს: „მრავალნი არიან მოწვეულნი, მაგრამ მცირედნი რჩეულნი“ (მთ. 22, 14).
ეს იგავი, ძვირფასო ძმებო და დებო, ყველა დროში ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას და აქტუალობას. განა ჩვენც არ ვიცით, რომ უფალი გვიწვევს სასუფეველში თავის ნადიმზე, მარადიულ სიხარულში და განა ჩვენც არ ვამბობთ, რომ დაკავებულნი ვართ ისეთი საქმეებით, რომ ვერ ვიცლით უფალთან მოსასვლელად, სულიერი ცხოვრებისთვის?! ჩვენც ასე ვწუხვართ და ზრდილობიანად ვამბობთ ხოლმე, როგორც ეს მოწვეული სტუმრები: „გვაპატიე, ვერ მოვალ, ეს საქმე მაქვს, ის საქმე მაქვს, ვერ ვიცლი“ და ა. შ. ჩვენც მათსავით ვერ ვათავსებთ უფლისგან მომავალ უმაღლეს მოწოდებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასთან. მუდამ რაღაცით ვსაქმიანობთ, დაკავებული ვართ, „ამაოება ამაოებათა“ (ეკლ. 1, 2). ხომ გახსოვთ ეკლესიასტეს ეს ცნობილი სიტყვები. დაახლოებით ასეა. სულიერი ცხოვრებისთვის, სულიერი საქმისთვის ვერ ვიცლით.
დღევანდელი სახარება სწორედ ამ კითხვის წინაშე გვაყენებს: როგორ შევათავსოთ ჩვენი უმაღლესი, ღვთისგან მომავალი მოწოდება (რაც არის სწრაფვა სასუფევლისკენ) ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასთან, რომელიც ჩვენ ასე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია?!
აი, როგორი პასუხია ამ შეკითხვაზე: უფალი იესო ქრისტე სულაც არ ითხოვს ჩვენგან, უარი ვთქვათ ჩვენს მოვალეობებზე, ჩვენს პასუხისმგებლობაზე, თუნდაც იმასთან მიმართებით, რასაც ვფლობთ. მაგალითად, უარი ვთქვათ შრომაზე. პირიქით, ყოველი ადამიანის დანიშნულებაა, იშრომოს და ქმნიდეს რაღაც ფასეულობებს, აშენებდეს სულიერს თუ მატერიალურს.
ე. ი. შემოქმედებითი აქტივობა ადამიანის მოწოდებაა, ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ როგორ უნდა აკეთებდეს ამ ყველაფერს ადამიანი? - ყოველთვის მხედველობაში უნდა იქონიოს მისი უმაღლესი მოწოდება, რაც ღვთისგან მოდის. ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ბევრად უფრო აღმატებული რამ, ვიდრე ის, რასაც მე ვაკეთებ, როცა ვქმნი რაღაც ფასეულობას ამ დედამიწაზე.
რა არის ეს აღმატებული? - ცხოვრება ქრისტეში, ცხოვრება ღმერთში, სწრაფვა სასუფევლისკენ და ამ ღვთის სასუფევლის შენება ჩემს სულში და ჩემ გარშემოც. თუ ასე ვიშრომებთ, მაშინ ეს შრომა არასდროს აღიმართება წინაღობად ჩვენსა და ღმერთს შორის; რა საქმესაც უნდა ვაკეთებდეთ, მიწას ვამუშავებდეთ თუ ოჯახურ ცხოვრებას წარვმართავდეთ, ვიყოთ დაკავებული პოლიტიკური, სამეცნიერო თუ სახელოვნებო საქმიანობით, ეს ყველაფერი, ვიმეორებ, წინაღობა კი არ იქნება ჩვენსა და ღმერთს შორის, არამედ, პირიქით, მოემსახურება ერთ მთავარ უმაღლეს მიზანს: ცათა სასუფევლისა და ღვთის სასუფევლის დამკვიდრებას.
თუ გვინდა, გავხდეთ სიძის საქორწილო ნადიმის თანაზიარნი და მონაწილენი, ასე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ითხოვს ჩვენგან უფალი: ყველაფერს ვაკეთებდეთ ქრისტესთვის რწმენით, ქრისტეს ჭვრეტით, მისი მცნებების აღსრულების სურვილით, როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული: „სჭამთ თუ სვამთ თუ რასაც აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორ. 10, 31). თუ ასე მოვიქცევით, ჩვენზე აღსრულდება „გამოცხადების“ წიგნის ცნობილი სიტყვები: „ნეტარ არიან კრავის საქორწილო ნადიმზე წვეულნი“ (გამოცხ. 19, 9). ამინ. დღეს ჩვენთან სტუმრად ბრძანდება სტუმარი ბულგარეთის ეკლესიიდან. ეს გახლავთ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი ანტონი, რომელთან ერთადაც ვიმსახურეთ, აღვავლინეთ წმინდა ლიტურგია. ძალიან სასიამოვნო, სასიხარულო განწყობა იყო, ძვირფასო მეუფე. მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა და პატივისცემა. გთხოვთ, ჩვენგან სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა მის უწმინდესობას, ბულგარეთის პატრიარქ დანიელს და მოგვიხსენოთ თქვენ წმინდა ლოცვებში. [მიტროპოლიტმა ანტონმა წარმოთქვა სამადლობელი სიტყვა და მიტროპოლიტ შიოს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა].
ძვირფასო მეუფე, მეც მინდა მოგართვათ ეს ხატი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ნიშანდობლივია, რომ დღეს, საეკლესიო ახალი წლის დასაწყისში გვესტუმრეთ. დღეს ვლოცულობთ ბულგარელი და ქართველი ხალხისთვის, ამ ორი ძველი და ძმური ხალხის მეგობრობისთვის, მშვიდობისა და გაძლიერებისთვის“, - აღნიშნულია ქადაგებაში.
1757855761
მსოფლიომარკო რუბიო ისრაელში ჩავიდა
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში მარკო რუბიო ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ისრაელში გამგზავრებამდე მან ჟურნალისტებს განუცხა...
1757853899
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: დამხობა, თავისი არსით, არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი - სისხლის სამართლის კოდექსში დამხობის ფორმები არ არის გათვალისწინებული და ისჯება ნებისმიერი სახის დამხობისკენ მოწოდება
„დამხობა, თავისი არსით, არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი“, - წერს სოციალურ ქსელში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე. დეპუტატი თან ურთავს კანონის იმ მუხლს, სადაც წერია,...
1757851804
საზოგადოებაირაკლი ტაბლიაშილი „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე: თუ ეს ასეა, რას უშლი ხელს, გაატარე, მიჰყევი საზღვრამდე, გაიტანონ რუსეთში და ააფეთქონ
ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი საქართველოში „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმიანება. „თუ ეს ასეა, რას უშლი ხელს, გაატარე, გაიტანონ, მიჰყევ...
1757850473
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა - საქვეყნოობაც, მოწოდებაც, დამხობასთან მიმართებაც და ობიექტი - სახელმწიფო ხელისუფლებაც
იურისტი სხვანაირად ვერ იმსჯელებს, აქ საქმე უმარტივესადაა: ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა - საქვეყნოობაც, მოწოდებაც, დამხობასთან მიმართებაც და ობიექტი - სახელმწიფო ხელისუფლე...
1757848414
საზოგადოებაპროკურატურა: ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ პროკურორმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში განმარტა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა, რადგან ექსპერტიზაც კი არ არის ამ ეტაპზე დანიშნული
საქართველოს პროკურატურის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გახსნასთან დაკავშირებულ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს...