გაზეთ Le Monde-ის სარედაქციო სტატია: აშშ-ის არმიის თავდასხმა კარაკასზე და მადუროს დაკავება აჩვენებს, რომ ვაშინგტონი ახლა ყველა უფლებას ითხოვს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საკუთარ „უკანა ეზოდ“ მიიჩნევს
ჩვენ ვცდებოდით, როდესაც დავცინოდით დონალდ ტრამპის სურვილს, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე მექსიკის ყურისთვის ამერიკის სახელი გადაერქვა - ამერიკული არმიის თავდასხმა კარაკასზე და ნიკოლას მადუროს დაკავება აჩვენებს, რომ ვაშინგტონი ახლა ყველა უფლებას ითხოვს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საკუთარ „უკანა ეზოდ“ მიიჩნევს, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde სარედაქციო სტატიაში სათაურით „აშშ-ის მტაცებლური იმპერიალიზმის დაბრუნება“.
„ამ ოპერაციით, რომელიც „ნარკოტერორიზმის“ ბუნდოვანი ბრალდებით არის გამართლებული, შეერთებული შტატები ამერიკის კონტინენტს ერთი საუკუნით მეტით უკან აბრუნებს. ვაშინგტონის მიერ განხორციელებული ძალისმიერი ქმედებიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე ვენესუელურ ნავთობზე უხერხული დაჟინებით საუბრისას, დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ახალი ამერიკული იმპერიალიზმი ისეთივე მტაცებლურია, როგორიც წარსულში იყო“, - ნათქვამია სტატიაში.
ამ სიტუაციაში ნიკოლას მადუროს წვლილიც არ არის მცირე. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების აშკარა წაგების შემდეგ, ხელისუფლების ნებისმიერი გზით, მათ შორის ტერორით შენარჩუნებით, მან საბოლოოდ დაკარგა სახალხო ლეგიტიმაციის ნარჩენებიც კი. ნახშირწყალბადებით მდიდარი, თუმცა სტერილური იდეოლოგიით, არაკომპეტენტურობით, ძალადობითა და კორუფციით გაღატაკებული ქვეყნის სათავეში მისი კატასტროფული მოღვაწეობა, რამაც მთელ ამერიკის კონტინენტზე მიგრაციული ტალღა გამოიწვია, დიდი ხანია მისი გადადგომის სასარგებლოდ მეტყველებდა.
„თუმცა, რეჟიმის სისასტიკე ყველაფრის უფლებას ვერ იძლევა. თუ არ გვსურს, რომ თვალი დავხუჭოთ ყველა მოსალოდნელ შედეგზე, ძალისმიერი გზით ხელისუფლებიდან ამგვარი ჩამოშორება ვერავისთვის იქნება დამაკმაყოფილებელი. პირველი შედეგი, რა თქმა უნდა, ვენესუელელებს ეხებათ, რომლებმაც 3 იანვარს შეიტყვეს, რომ ვაშინგტონი ამიერიდან მათ ქვეყანას განუსაზღვრელი ვადით მართვას უპირებს. აშშ-ის ინტერესები, როგორც მათ დონალდ ტრამპი ხედავს, აღემატება ვენესუელელი ხალხის ნებას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და წლების განმავლობაში დიქტატურით ნაწამები დემოკრატიის აღორძინების სურვილს. ყველა ეს არსებითი საფიქრალი, მის თვალში, ამერიკული ნავთობკომპანიების ინტერესების შემდეგ მოდის“, - აღნიშნულია სტატიაში.
სარედაქციო სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ „ამერიკული ოპერაციის კიდევ ერთი თანამდევი მსხვერპლი სამართალია. საუბარია არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნარჩენებზე, რომელსაც მსოფლიო დიდი მტაცებლების მიერ თავსმოხვეული ჯუნგლების კანონებისგან უნდა დაეცვა, არამედ დონალდ ტრამპი ფეხქვეშ თელავს აშშ-ის კონსტიტუციასაც, რომელიც ადგენს, რომ ომის გამოცხადების უფლება მხოლოდ კონგრესს აქვს“.
„მცდელობა, რომ რეჟიმის შეცვლის გეგმა წარმოჩნდეს როგორც უბრალო საპოლიციო ოპერაცია - ეჭვმიტანილის ამერიკული სასამართლოს წინაშე წარსადგენად - მხოლოდ მათ დააკმაყოფილებს, ვისაც ამერიკული კანონები არ ადარდებს. აშკარაა, რომ ასეთთა შორისაა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც, მიუხედავად იმისა, რომ ის ყოფილი სენატორია. 2003 წელს, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის პირობებში, შეერთებული შტატები ერაყში საერთაშორისო მანდატის გარეშე შეიჭრა, თუმცა მას შემდეგ, რაც კონგრესის წევრებმა ძალის გამოყენების ნებართვას მხარი დაუჭირეს. ეს პრეცედენტი გვახსენებს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს უხეშმა ჩარევამ - საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე - ავტორიტარული მმართველობით დასუსტებულ ქვეყნებში. ზედმეტად ოპტიმისტი უნდა იყო, რათა წარმოიდგინო, რომ იმპერიალისტური იდეოლოგიითა და ძარცვის სულით ასე დაბრმავებული ადმინისტრაცია ვენესუელაში ყველა შესაძლო სცენარისთვისაა მომზადებული“, - წერენ სტატიის ავტორები.
„საჭიროა შევახსენოთ, რომ ერაყში შეჭრა იყო პირველი მძლავრი დარტყმა იმ საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც თავად შეერთებულმა შტატებმა ჩამოაყალიბა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. არადა, ეს წესრიგი ემსახურებოდა მათ ინტერესებს ისე, რომ ფეხქვეშ არ თელავდა მთავარ უნივერსალურ პრინციპებს და საერთაშორისო ურთიერთობების რეგულირების მექანიზმს ქმნიდა, რომელიც, მართალია, არასრულყოფილი, მაგრამ აუცილებელი იყო. მოგვიანებით, ვლადიმერ პუტინმა ისარგებლა ამ ნაპრალით როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, რასაც სიკვდილი და ნგრევა მოჰყვა. თუ კარაკასის პრეცედენტი დამკვიდრდება, ისინი, ვინც ამერიკული „უროს“ ძალაში მხოლოდ ღირსებებს ეძებენ და მის საფრთხეებს უგულებელყოფენ, მწარედ ინანებენ საკუთარ შემწყნარებლობას, როდესაც მათი პირადი ინტერესებიც, ასეთივე თვითნებობით, მტვრად იქცევა“, - ნათქვამია სარედაქციო სტატიაში.
1767612542
ახალი ამბებისამგორში ხანძარია
სამგორში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ავტომობილების მეორეული ნაწილების ბაზრობაზე ცეცხლი ორ საწყობს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშვე...
1767611805
ახალი ამბებიორბანი: ლიბერალური მსოფლიო წესრიგი იშლება, ტრამპის არჩევა მისთვის სასიკვდილო დარტყმა გახდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრელებს მოუწოდა, 2026 წლის არჩევნებში ხმა მისცენ მის პარტიას, რათა ქვეყანა ომში არ აღმოჩნდეს ჩათრეული. „წლის პირველ დღეებში ჩვენ მნიშვნელოვანი შეხსენება მივ...
1767608988
მსოფლიოსაფრანგეთის მოსახლეობის 60%-ზე მეტი, ქვეყანაში არსებული ვითარების აღსაწერად სიტყვა „შეშფოთებას“ ირჩევს
„იმ სიტყვებს შორის, რომლებიც ფრანგების განწყობის აღსაწერად შეირჩა, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი შეშფოთებას ასახელებს, მიუხედავად რესპონდენტთა პოლიტიკური შეხედულებებისა“, - იტყობინება ფრანგული ტელეკომპანია...
1767607406
ახალი ამბებივოლსკი: რა კონფიგურაციის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, ეს იქნება არაღიარების პოლიტიკის კიდევ ერთი წარმატება
ჩვენი ინტერესი და მთავარი ამოცანაა, რა კონფიგურაციის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლ...
1767605260
ახალი ამბებიმაჭარაშვილი: „იგლ ჰილსთან“დაკავშირებით, ის პროვოკაციული განცხადებები, რომელსაც ოპოზიცია ავრცელებდა, მათ შორის ფასებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უსაფუძვლო აღმოჩნდა და აღმოჩნდება ყოველთვის
„იგლ ჰილსთან“დაკავშირებით, ის პროვოკაციული განცხადებები, რომელსაც ოპოზიცია ავრცელებდა, მათ შორის ფასებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უსაფუძვლო აღმოჩნდა და აღმოჩნდება ყოველთვის“, - ამის შესახებ „ხალხის...































