ლევან მაჭავარიანი: დარწმუნებული ვარ, როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს ევროკავშირშიც და აღარ იქნებიან ეს ხელდასმული ბიუროკრატები, რომლებიც დღეს განსაზღვრავენ პოლიტიკას
„ქართული ოცნება“ აღქმებით არ ვსაუბრობთ, ყოველთვის ფაქტებით ვადასტურებთ ყველაფერს და მოსახლეობას დავუსაბუთებთ, თუ რატომ არის სიცრუე ის, რაც ანგარიშია ჩაწერილი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მინდა, ყველას შევახსენო, რომ დაახლოებით, ერთი თვის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში, რომელიც ეყრდნობოდა ჩენდლერის ინსტიტუტის, ატლანტიკური საბჭოს, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ასე შემდეგ მონაცემებს.
იქ იყო კონკრეტული მიმართულებები, სადაც ფაქტებზე და მოცემულობებზე დაყრდნობით თავადვე აღიარეს, რომ საქართველო შედის ტოპ 20 ევროპულ ქვეყანაში, ვასწრებთ აბსოლუტურად ყველა კანდიდატ წევრ ქვეყანას და ძალიან ხშირ შემთხვევაში მოქმედ ქვეყნებსაც, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
ეს მიმართულებები არის – კანონის უზენაესობა და სასამართლო, მიმზიდველი გარემო ინვესტორებისთვის, ეფექტური და შორსმჭვრეტელი მთავრობა, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, კორუფციის სიმცირე, დანაშაულის კონტროლი, დემოკრატიის გარდაქმნის პროცესი, ცვლილებებზე და გამოწვევებზე მთავრობის ეფექტური რეაგირება. ახლა რასაც ვხედავთ ამ ანგარიშში, აბსოლუტურად საპირისპირო ჩანაწერებია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, გრიგოლ გეგელია საუბრობდა მარტა კოსზე, კაია კალასზე, ურსულა ფონ დერ ლაინზე და მათ ისე აღმატებულად მოიხსენიებდა, გეგონებოდა, ან გოლდა მეიერზე საუბრობდა, ან მარგარეტ ტეტჩერზე.
„ეს სამი ქალბატონია, რომლებიც მართავს დღეს ევროკავშირს და სამივეს აქვს რეპუტაცია შელახული. ქალბატონ კოსზე ძალიან ბევრი იწერება მის ქვეყანაში სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის კუთხით; ქალბატონი კალასი, რომელიც გახლდათ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, გაგანია ომის პერიოდი იყო, როდესაც გვმოძღვრავდა სანქციების დაწესებაზე და აღმოჩნდა, რომ მის ქმარს უზარმაზარი ბიზნესები ჰქონდა რუსეთში და მილიონობით დივიდენდებს შოულობდა; ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენზე „ფაიზერის“ სკანდალი დღემდე მუსირებს, გამოძიება მიმდინარეობს, ახლა რა ეტაპზეა, მე დეტალები არ ვიცი, მაგრამ მილიარდობით დოლარზეა საუბარი, გამჭვირვალობას უწუნებენ, რაღაც მესიჯები არ გაასაჯაროვა და მგონი, ორჯერ იყო იმპიჩმენტის კანდიდატი და ასე შემდეგ.
ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს უკვე ღიად აკრიტიკებენ ევროკავშირში უკვე ლიდერების დონეზე, როდესაც მან აშშ-თან გააფორმა ევროკავშირისთვის ისეთი კაბალური ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ 750 მილიარდი დოლარის ენერგორესურსი უნდა შეისყიდონ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 600 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ, ასობით მილიარდის შეიარაღება უნდა იყიდონ და 15-პროცენტიანი ტარიფებია, როდესაც ამერიკულ პროდუქციაზე არის ნული ტარიფი. მას ღიად აკრიტიკებენ, ისევე, როგორც კაია კალასს აკრიტიკებენ, რომელიც ბოლოს ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე იყო და ამ ქალის ხელში თუ არის ჩვენი საგარეო პოლიტიკა, კარგად ყოფილა ჩვენი საქმეო“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ ესახება 2030 წელს ქვეყნის გაწევრიანება, როდესაც ევროკავშირი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ თუ პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, არ გათავისუფლდებიან უკანონოდ დაკავებული პირები, სასამართლოში კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა არ დაინერგება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გენერალური პროკურორის არჩევის წესი არ შეიცვლება და ასე შემდეგ, ქვეყანა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ამ ევრობიუროკრატებთან ურთიერთობების დალაგება არის რთული, საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს, გამოღვიძების პროცესშია ევროპა და ჩეხეთი არის ამის ძალიან კარგი მაგალითი, სადაც ვხედავთ, რომ უკვე რაღაცები შეიცვალა.
„მე დარწმუნებული ვარ, როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს ევროკავშირშიც და აღარ იქნებიან ეს ხელდასმული ბიუროკრატები, ვინც არიან, არარჩეულები, რომლებიც დღეს განსაზღვრავენ და აყალიბებენ ევროკავშირის პოლიტიკას. ქალბატონი ფონ დერ ლაიენი რომ ბრძანდებოდა შუა აზიაში, შუა დერეფანზე საუბრობდა და საქართველო არც უხსენებია, ბატონმა ალიევმა გააკრიტიკა, რუკა არ იცის, მგონი, მაგ ქალბატონმაო.
ბევრი რაღაც შეიცვლება, ჩვენ ამის მოლოდინის რეჟიმი გვაქვს, ხუთი წელია წინ და თუ არ შეიცვლება, ძალიან ბევრი პრობლემა ექნება ევროკავშირს, პირდაპირ ვთქვათ. ეს პრობლემები იქნება არამარტო ეკონომიკური პრობლემები, იქიდან გამომდინარე, რომ კი, ინერციით სიმდიდრე მოჰყვება ევროკავშირს, მაგრამ 2008 წელს მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი რომ იყო მისი წილი, დღეს არის 17,5 პროცენტი. არის იდენტობის პრობლემაც.
ბატონმა კობახიძემ რომ თქვა, მერე კუდი მოაბეს ამას, რანაირად თქვაო და მან ფაქტის კონსტატაცია მოახდინა, კვლევები აჩვენებს ამას, რომ ბრიტანეთიდან დაწყებული, ძალიან მრავალი ქვეყანა არის ევროპაში, სადაც დღეს ყველაზე პოპულარული სახელია მუჰამედი.
მე რამეს კი არ ვერჩი. მშვენიერი სახელია მუჰამედი. ამ შემთხვევაში იდენტობის პრობლემაზე არის საუბარი. ეს უკონტროლო მიგრაცია რომ არის არალეგალური, ის ლგბტ თემები და ჩვენ გვსაყვედურობენ, რატომ მიიღეს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი, როდესაც ეს გამოგონილი თემა არისო
. არადა, 2026-2030 წლების სტრატეგია ახლა დაამტკიცეს, სადაც პირდაპირ ასახულია ის, რომ არასრულწლოვან ბავშვებს უნდა ჰქონდეთ უფლება, მშობლების ნებართვის გარეშე გადაიკეთონ სქესი. ასეთ მარაზმში არიან გადასული და თუ ევროპელი ხალხი ვერ გამოიღვიძებს და ამათ ხელში იქნება ევროკავშირი, მაშინ არ მგონია, ნათელი მომავალი ჰქონდეს ევროკავშირს, თუმცა, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ბევრი რაღაც შეიცვლება და ეს ევრობიუროკრატებიც შეიცვლებიან, დღეს არიან და ხვალ აღარ იქნებიან. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
1762374312
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის ისეთი მედია მრავალფეროვნება, როგორიც საქართველოშია
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დასავლეთში შეშფოთებულები არიან საქართველოში მედიის მდგომარეობით, თუმცა ვერც ერთ სახელმწიფოს ვერ დაასახელებენ, ს...
1762370912
ახალი ამბებიივანე ჩხაიძე: ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული და თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები რისკს წარმოადგენენ
ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული, - განუცხადა „ქრონიკას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო...
1762368653
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: მაღვიძარასავით უნდა იყოს ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, საქართველოსთან მიმართებით რაც ხდება, თვალის დახუჭვა ამ უსამართლობაზე არ მგონია, რომ კარგის მომტანი იყოს თავად ევროპული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „მაღვიძარასავით უნდა იყოს ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, საქართველოსთან მიმართებით რაც ხდება, თვალის დახუჭვა ამ უსამართლობაზე არ მგონია, რომ კარგის მომტანი იყოს თავად ევრო...
1762365881
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერ-რიადში სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარენიკოლოზ სამხარაძე, კომიტეტის დელეგაციის წევრებთან ერთად, საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანს ვალიდ ალორაინანს შეხვდა. შეხვედრაზე ი...
1762364928
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: სამარცხვინოა, როცა საქართველოს ვინმე დააბრალებს, რომ უკრაინასთან მიმართებით რამეში ტყუის
„სამარცხვინოა, როცა საქართველოს ვინმე დააბრალებს, რომ უკრაინასთან მიმართებით რამეში ტყუის. საქართველომ ყველაფერი გააკეთა 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული იმისთვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთ...































