მეუფე შიო: დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს ღვთისმშობლის წილხვედრ სამშობლოზე, დედა ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი კალთა ჩვენს ქვეყანას

„დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს ღვთისმშობლის წილხვედრ სამშობლოზე, საქართველოზე. დედა ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი კალთა ჩვენს ქვეყანას, მისი ლოცვითა და მეოხებით გაამთლიანოს უფალმა, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას. იგი გადავიდა მარადიულ ცხოვრებაში, თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა, რომ მიეღო მისი წმინდა სული და ზეცაში აეყვანა. ანგელოზები განცვიფრებულნი იყვნენ და ზეიმობდნენ, ხოლო ადამიანები გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ ღვთისმშობელმა დაგვტოვა. მაგრამ დედა ღვთისმშობელს არ დავუტოვებივართ, როგორც ეს ნათქვამია დღესასწაულის ტროპარში: „შობასა ქალწულება დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე“.
ამიერიდან იგი გახდა მარადიული მეოხი ჩვენი, მთელი კაცობრიობისა და ყოველი ჩვენგანის დედა. ეს აისახა იმ ლოცვებსა და საგალობლებში, რომლებიც მას ეძღვნება, სადაც ნათქვამია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი, გვიცავს ყოველგვარი უბედურებისგან, შეურაცხყოფისგან, მწუხარებისგან და მეტიც, შეგახსენებთ, როგორ მთავრდება დღევანდელი დღესასწაულის ტროპარი: „და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩვენთა“. ე. ი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სიკვდილისგან გვიხსნის ჩვენ.
წმინდანებს როცა მივმართავთ, ვამბობთ: „ევედრე ღმერთსა ჩვენთვის“, ხოლო როცა მივმართავთ ღვთისმშობელს, ვამბობთ: „გვაცხოვნენ ჩვენ“, „გვიხსნენ ჩვენ“, „მიხსნენ ჩვენ“. რომელი სიკვდილისგან გვიხსნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი? სიკვდილი არსებობს სხვადასხვანაირი: არსებობს ხორციელი სიკვდილი, რომელიც ყველას მოგველის და არსებობს კიდევ სულიერი სიკვდილი, მარადიული სიკვდილი, როცა ადამიანი კვდება და მიდის სიბნელეში, ეს არის დასასრული. მაგრამ როდესაც ვიხსენიებთ ჩვენს მიცვალებულებს, ახლობლებს თუ, ზოგადად, მიცვალებულებს და ვლოცულობთ მათთვის, ღმერთს ასე ვევედრებით: „განუსვენე მათ და დაამკვიდრე ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა არა არს მწუხარება, სულთქმა“ და ა. შ.
რას ნიშნავს „ადგილსა ნათლისასა“? ე. ი. იქ, სადაც არის ქრისტეს სინათლის სხივები, ქრისტეს სინათლის და დიდების სხივებში დაამკვიდრე, უფალო, მიცვალებულები. სწორედ ეს არის, ძვირფასო ძმებო და დებო, ხსნა და ცხონება, მარადიული ცხოვრება. გახსოვთ ალბათ, წმინდა წერილში, საეკლესიო ლოცვებში, უფალი იესო ქრისტე იწოდება „ცხოვრების წინამძღვრად“ და თავად „ცხოვრებადაც“. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“ (ინ. 14, 6), - ამბობს უფალი. „თქვენ მოკალით წინამძღვარი ცხოვრებისა, რომელიც ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა“ (საქმ. 3, 15), - უთხრა წმინდა პეტრე მოციქულმა იერუსალიმის ტაძართან შეკრებილ ხალხს. სწორედ ამიტომ ღვთისმშობელიც იწოდება „დედად ცხოვრებისა“, როგორც ასევე ნათქვამია დღევანდელ ტროპარში: „მიხვედ ცხოვრებად, დედა ეგე ცხოვრებისა“.
იესო ქრისტე იწოდება „ცხოვრებად“, რამეთუ იგი გვაძლევს ცხოვრებას. ამგვარად, სიცოცხლე მხოლოდ იესო ქრისტეშია, მხოლოდ იესო ქრისტესთან ერთად არის და ეს სიცოცხლე ქრისტეში გრძელდება არა მხოლოდ ამ მიწიურ ცხოვრებაში, არამედ გარდაცვალების შემდეგაც, როცა ვიცავთ მის მცნებებს, როცა გვიყვარს უფალი, როცა გვინდა მასთან ყოფნა, ისიც ჩვენთან არის და ჩვენშია.
ამით ვხდებით მისი მარადიული, საღვთო დიდების თანაზიარნი, ძმებო და დებო. აი, სწორედ ამაზე ლოცულობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთვის, სწორედ ამგვარად გვიხსნის იგი სიკვდილისგან, გვანიჭებს სიცოცხლეს და დაგვამკვიდრებს თავისი მეოხებით, როგორც ტროპარშია ნათქვამი, „მარადიული საღვთო დიდების სხივებში“. აი, რაზე მეტყველებს დღევანდელი დღესასწაული.
აი, რას ვთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. აი, რას სთხოვს იგი ჩვენთვის ქრისტეს და როგორ გვაცხონებს იგი თავისი მეოხებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.
დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს ღვთისმშობლის წილხვედრ სამშობლოზე, საქართველოზე. დედა ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი კალთა ჩვენს ქვეყანას, მისი ლოცვითა და მეოხებით გაამთლიანოს უფალმა, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო.
მინდა, დღეს, თქვენთან ერთად, დიდი სიყვარულით მივულოცო ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. მან მთელი თავისი სიცოცხლე, ღვაწლი მიუძღვნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განდიდებას, მისი სიწმინდის მსახურებას და მისი დიდების, მისი სახელის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ეკლესიაში გაძლიერებას.
ღმერთმა დალოცოს იგი, გააძლიეროს ღვთისმშობელმა, მიმადლოს მას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ და ეს სიტყვები ღვთისმშობლის ლოცვისა - „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ“ - ყოფილიყოს მუდამ ჩვენს ბაგეებზე, ჩვენს გონებასა და ჩვენს გულებში. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ! ამინ“, - აცხადებს მეუფე შიო.
1756377246
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - სალომე ზურაბიშვილი ძალიან არათანმიმდევრული გახდა, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ აქვს კარგად წარმოდგენილი, რაზე საუბრობს
„სალომე ზურაბიშვილი ძალიან არათანმიმდევრული გახდა, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ აქვს კარგად წარმოდგენილი, რაზე საუბრობს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლ...
1756373614
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სიჩუმეს ამჯობინებს საქართველოსთან მიმართებით, რაც ეჭვს იწვევს, ამიტომ ჩვენ ამ კითხვას ვსვამთ - რატომ?
USAID-ს, რა თქმა უნდა, საკუთარი პოლიტიკური მიზნები ვერ ექნებოდა, ის იყო ინსტრუმენტი „დიფ სტეიტის“ ხელში. USAID, NED, მსგავსი ორგანიზაციების ხელით აღსრულდებოდა „დიფ სტეიტის“ პოლიტიკა. განსაკუთრებულად ე...
1756372440
ახალი ამბებიდეკანოზი გიორგი სანამაშვილი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს შორის ღვთისმშობლის მიძინების დღე გამორჩეულია, მისი უწმინდესობა ყოველთვის ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით დედა ღვთისმშობელს ავედრებს
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი ში...
1756370411
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ტრამპის პოლიტიკას დიდი ხანია ესატყვისება და აცხადებს, რომ USAID-დან თანხები რევოლუციების, ქაოსის მოსაწყობად გამოიყენებოდა, დუმილი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ბევრ კითხვას ბადებს
„პროკურატურა დგამს სამართლებრივად ძალიან სწორ ნაბიჯებს საბოტაჟის გამოსაძიებლად“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც არასამთავრ...
1756368616
ახალი ამბებითინათინ რუხაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მინისტრმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია...