შიო III: ქრისტიანობის მიღებამ და შემდგომ, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ასევე, სულიერად
„ქრისტიანობის მიღებამ და შემდგომ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად... ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარებისა“, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს, სვეტიცხოვლობას იქადაგა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
ყოვლადსამღვდელონო მეუფენო,პატიოსანნო მამანო, დედანო, ძვირფასო ძმებო და დებო!
გილოცავთ თორმეტი მოციქულის ხსენებას და სვეტიცხოვლობას. დღეს ასევე არის ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული, რადგან ის თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რაოდენ მადლობელი უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიისა. შეიძლება ითქვას, დღეს ჩვენი ერი რომ არსებობს და ცოცხლობს, ეს მათი ღვაწლის, მათი ქადაგების დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და შემდგომ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარებისა.
წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. ბედნიერნი ვართ, რომ ამ თარიღს აღვნიშნავთ და ეს არის სწორედ მათი ღვაწლის, მათი ქადაგების დამსახურება, რამეთუ წმინდა ნინოს ღვაწლიც იყო მათი მსახურების გაგრძელება.
მოხარულნი ვართ, რომ დღეს, ჩვენს ეპოქაშიც, ჩვენს უახლეს ისტორიაში არიან ასეთი მოღვაწეები და მოვესწარით ასეთ ადამიანებს. ერთ-ერთი უპირველესი დღეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ბედნიერნი ვართ, რომ მოვესწარით მის ღვაწლს და ვართ მისი მემკვიდრეები, ასევე, როგორც მოგახსენეთ, მოციქულთა მემკვიდრეებიც ვართ, პირველ რიგში.
აი, დღეს დავფიქრდეთ, ვართ თუ არა მზად, გავაგრძელოთ ეს მემკვიდრეობა, მივბაძოთ მათ მაგალითს, გავყვეთ მათ გზას.
დღეს სამოციქულოში წაკითხული იყო პავლე მოციქულის სიტყვები: „მობაძავ ჩემდა იქმნენით, როგორც მე ქრისტესი“ (1 კორ. 11,1). ვართ თუ არა მზად, მათი მიმბაძველები გავხდეთ? იმიტომ, რომ მათ თავიანთი ღვაწლი აღასრულეს სიცოცხლის ფასად და უკლებლივ ყველა მათგანი მოწამებრივად აღესრულა, გარდა იოანე ღვთისმეტყველისა, რომელმაც ასევე უამრავი ტანჯვა დაითმინა. ვართ თუ არა მზად ამ გზისთვის, ვიყოთ მათი მოწაფენი და გამგრძელებლები?
აი, დავფიქრდეთ ჩვენს თავზეც. მაგალითად, როდესაც მოგველის რაიმე ამქვეყნიური, მიწიური სარგებელი, ხშირად მზად ვართ, დავითმინოთ მრავალგვარი ჭირი, განსაცდელი, მწუხარება, დამცირებაც და სასჯელიც კი, ოღონდ ამ ჩვენს სხვადასხვა მიწიურ მიზანს მივაღწიოთ, რადგან, ვიმეორებ, მოგველის გარკვეული სარგებელი.
მაგრამ სულის გადარჩენის საქმეში, ასევე იმაში, რომ თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ღმერთის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, ხშირად ვიჩენთ სიზარმაცეს, უდარდელობას, უზრუნველობას და უმადურობას. რა გამართლება გვექნება ასეთი საქციელისთვის, მაშინ, როცა ვხედავთ, რომ ამდენი სიკეთე მივიღეთ ღმერთისგან - ჩვენმა ქვეყანამაც, ჩვენმა ოჯახებმაც, პირადად ჩვენც და დღესაც ვიღებთ უამრავ სიკეთეს.
წმინდა მოციქულები ასე არ იყვნენ. ისინი იწვოდნენ ქრისტეს სიყვარულით. ეს შესანიშნავად გამოჩნდა წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებში. ის წერს: ვინ განგვაშორებს ჩვენ (მოციქულებს გულისხმობს) ქრისტეს სიყვარულს - ჭირი, მწუხარება, შიმშილი, სიშიშვლე, საფრთხე თუ მახვილი? (რომ. 8, 35). ე. ი. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ სხვადასხვაგვარი ჭირი ვერ განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს, არამედ სიკვდილის საშიშროებაც რომ დაგვემუქროს, მაშინაც ვერ გავშორდებით ქრისტეს, ვერ შეგვაშინებს ეს.
აი, ასეთი სიყვარული და რწმენა ჰქონდათ მათ. მიუხედავად იმისა, რომ მოციქულებმა, მართლაც, გაიარეს ყველა ეს ჩამოთვლილი განსაცდელი (ამასაც აღწერენ ძალიან დაწვრილებით), მათ მაინც ჰქონდათ დიდი სიხარული გულში, სიხარულით იღვწოდნენ, რადგან იცოდნენ - დროებითი ჭირისთვის, მწუხარებისა და სირთულეებისთვის მათ მოელოდათ ზეციური გვირგვინები და დიდი მისაგებელი, მადლი ღვთისგან. ამიტომაც ისინი ამ ყველაფერს არარად მიიჩნევდნენ, მოთმინებით იტანდნენ და მით უფრო მეტი და მეტი მადლი და სიხარული ჰქონდათ.
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვეცადოთ, ასე შევიყვაროთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მართლაც, მეტს არც არაფერს არ გვთხოვს უფალი, რომ იგი შევიყვაროთ და მისი მცნებები დავიცვათ. ვისაც ასე უყვარს უფალი, ის მის მცნებებსაც იცავს, იმიტომ, რომ როცა ვინმე გიყვარს, ცდილობ, მისი სიყვარულიც დაიმსახურო.
აი, როგორც წერს წმინდა იოანე ოქროპირი საოცარ სიტყვებს, გახდე იმის ღირსი, რომ ჯეროვნად გიყვარდეს უფალი, ეს არის უკვე სასუფეველი ცათა, ეს არის ნეტარება, ეს არის ურიცხვი სიკეთის მომტანიო.
მაგრამ ჩვენი სიყვარული რომ იყოს ჯეროვანი და გულწრფელი, ამისთვის, ღვთის სიყვარულის გულისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც, როგორც ამბობს უფალი, რომ ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველები: „გიყვარდეს ღმერთი შენი მთელი გულით, მთელი შენი სულით, გონებით და მთელი ძალით და მოყვასი შენი, როგორც თავი თვისი“ (მარკ. 12, 30). ეს ორი მცნება ბუნებრივად უკავშირდება ერთმანეთს, რადგან ვისაც უყვარს ღმერთი, ის მოყვასს არასდროს არ შეურაცხყოფს, არამედ, პირიქით, ყოველთვის სიკეთეს გაუკეთებს მას, იმიტომ, რომ ახსოვს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რაც თქვენ გაუკეთეთ ერთ ამ მცირე ჩემს ძმათაგანს, ის მე გამიკეთეთო (მთ. 25, 40).
ასე რომ, როდესაც ადამიანის წინაშე არის გლახაკი, გაჭირვებული, ღარიბი, მთხოვნელი, ის არ ხედავს მასში ამ გლახაკს და ღარიბს, არამედ ხედავს უფალ იესო ქრისტეს, რომელიც დაგვპირდა, რომ ამ გლახაკისთვის გაკეთებული სიკეთე ჩაითვლება ქრისტესთვის გაკეთებულ სიკეთედ. ასე რომ, ვიმეორებ, ასეთი ადამიანი ყოველთვის ქრისტეს სიდიადეს ხედავს და არა გლახაკს მის წინაშე, ყველაფერს დიდი მოშურნეობით ასრულებს და გულმოწყალებას აღასრულებს დიდი სიყვარულითა და დიდი მონდომებით.
ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს არის მოციქულთა დღესასწაული. ესენი იყვნენ ჭეშმარიტების და სიყვარულის მქადაგებლები. ამგვარად, ნუ უგულებელვყოფთ ამ უმთავრეს სამკურნალოს ჩვენი სულისა - სიყვარულს მოყვასისადმი, მოწყალებას, თანალმობას, თანაგრძნობას, რადგან, როგორც გითხარით, ეს უმთავრესი სამკურნალოა ჩვენი სულის, მისი ჭილობების; ისე კურნავს ეს წამალი ჩვენს სულს, რომ არანაირი იარა აღარ რჩება მასში, თითქოს საერთოდ არც ყოფილა. მაგალითად, გავიხსენოთ წმინდა პავლე მოციქული, რომელიც იყო სასტიკი მდევნელი და დამარბეველი ეკლესიისა და გახდა არათუ მორწმუნე, არათუ მხოლოდ მოციქული, არამედ წინამძღოლი ეკლესიისა. აი, ასეთი საოცარი ცვლილება მოხდა მასში. ასეთი საოცარი ცვლილება იქნება ჩვენშიც, თუ ამ გზის ერთგულნი დავრჩებით და არა მარტო პირადად ჩვენში, არამედ მთელი ჩვენი ერი კიდევ უფრო მეტად იცვლის ფერს, გაძლიერდება და გამთლიანდება.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! კიდევ ერთხელ გილოცავთ თორმეტი მოციქულის ხსენებას, მოციქულთა მადლი და ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს! მოციქულთა ლოცვით, ღმერთმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ!“, - განაცხადა შიო III-მ.
1783965973
მსოფლიოThe Telegraph: 2026 წელს ევროპამ ვლადიმერ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა
„წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-...
1783962532
მსოფლიოვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მიუხედავად დასავლეთის რუსოფობიური ნაწილის ბრძოლისა, ქვეყანა წინ მიიწევს და წარმატებულადაც!
„კოლექტიური დასავლეთის რუსოფობიური ნაწილი რუსეთს ებრძვის, თუმცა ქვეყანა მაინც წინ მიიწევს და წარმატებებს აღწევს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „სახალხო ფრონტის“ ფორუმზე – „ყველა...
1783961303
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
თელავში, სტიქიის ზონაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩავიდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, სტიქიის შედეგად ქალაქისთვის მიყენებული ზიანი აღირიცხება და სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიი...
1783956911
მსოფლიო„ჰორმუზის სრუტის მცველი გავხდებით, ამ სრუტის მფარველი ანგელოზიც კი“ - ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანზე კვლავ მიიტანს იერიშს
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კვლავ მიიტანს ირანზე იერიშს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. „გუშინ ღამით მათ ძლიერად დავარტყით. ჩვენ შეთანხმება გვქონდა. ეს არავი...
1783953256
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ის, რომ დღეს ევროპაში აღარც უსაფრთხოებაა და აღარც თანამშრომლობა, სწორედ ამ ბიუროკრატების დამსახურებაა. ეს ლიდერები, რომლებიც დღეს მართავენ ევროკავშირს, აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარი პრაგმატიზმისგან
ის, რომ დღეს ევროპაში აღარც უსაფრთხოებაა და აღარც თანამშრომლობა, სწორედ ამ ბიუროკრატების დამსახურებაა, - განაცხადა კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“...































