მაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ეს პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს
თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ღონისძიების „მოკავშირეები ანკარაში“ ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა 7 ივლისს მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის მიღმა: სტრატეგიული გაურკვევლობის ეპოქაში ორიენტირება“, სადაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ნატო-ს მრავალწლიან პარტნიორობაზე და აღნიშნა, რომ ალიანსმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, ხოლო საქართველო აქტიურად იყო ჩართული ალიანსის მისიებსა და ოპერაციებში.
“საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო პარტნიორობა მრავალი წლის განმავლობაში ვითარდება. ნატო-მ და მისმა წევრმა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგსა და ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში. საკმარისია გავიხსენოთ ავღანეთის მისია, სადაც საქართველო, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყანა, სამხედრო კონტინგენტის რაოდენობით ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი იყო. ეს ნათლად ადასტურებს საქართველოსა და ნატო-ს პარტნიორობის სიმტკიცეს,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
“საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, მრავალი წლის განმავლობაში, როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება, რაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოს პასუხი ოკუპაციასა და კონფლიქტზე ნათელია - ჩვენ არ განვიხილავთ სამხედრო გზას კონფლიქტის გადაწყვეტის საშუალებად. მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ეს პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტზე და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა მზარდია, ხოლო საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის დაკავშირებადობისა და ეკონომიკური მარშრუტების განვითარების მიმართულებით.
“არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რეგიონი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული როლი მნიშვნელოვნად იზრდება. რუსეთ-უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, დამოკიდებულება შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიის და საქართველოს მიმართ იცვლება,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ რეგიონული დაკავშირებადობა და ერთობლივი პროექტები მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. მან ასევე აღნიშნა "შუა დერეფნის" მზარდი როლი, რომელიც მნიშვნელოვან გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ სივრცეს წარმოადგენს.
“ჩვენს რეგიონში არსებობს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სახით. ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უსაფრთხოების თვალსაზრისით კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან ერთობლივად განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები და სატრანსპორტო დერეფნები დღეს სრულიად განსხვავებული მნიშვნელობის მქონეა,“ - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ჰიბრიდული საფრთხეები, დეზინფორმაცია და ინფორმაციული მანიპულაციები სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სტაბილურობა. მისი შენარჩუნება დღეს სულ უფრო რთულ ამოცანად იქცა, რადგან ვცხოვრობთ ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციების ეპოქაში. ამ თვალსაზრისით, საქართველოს გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გადაჭარბებული საგარეო გავლენის შეზღუდვა ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად,“ - განაცხადა საგარეო მინისტრმა.
გამოსვლის დასასრულს მინისტრმა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები ქვეყნის წარმატების საფუძველია.
“მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური მდგრადობა და თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები არის საქართველოს წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველი. თუ ქვეყანა ახერხებს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკური რეფორმების უწყვეტად განხორციელებას, შედეგიც თვალსაჩინოა. თუ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას შევხედავთ, ის ევროპის მასშტაბით მართლაც შთამბეჭდავია,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინიტრო ავრცელებს.
1783447058
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ნებისმიერი ე.წ შეთანხმება თუ ხელშეკრულება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, იმთავითვე ბათილია
ჰააგაში მიმდინარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ოკუპაციის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მან აქვე დაგმო რუსეთს...
1783445110
მსოფლიოდანიის პრემიერი მოკავშირეებს მოუწოდებს, პატივი სცენ დანიის სუვერენიტეტს და აღიარონ, რომ გრენლანდია არ იყიდება
დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი მოკავშირეებს მოუწოდებს, პატივი სცენ დანიის სუვერენიტეტს და აღიარონ, რომ გრენლანდია არ იყიდება. აღნიშნული განცხადება პრემიერმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ნა...
1783443766
საზოგადოებაგიორგი ჯინჭარაძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი გადასცდა 50 მილიონს, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ახალი პროექტები
როდესაც ვიწყებთ საუბარს ახალ პროგრამებზე, ახალ ინიციატივებზე, მთავარი არის ბიუჯეტი და მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით აფხაზეთის მთავრობი...
1783442227
მსოფლიოსაერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ დროებით მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ძალაში 2023 წლის 12 ოქტომბრიდან იყო
„რუსეთს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის შეზღუდვა დროებით მოეხსნა, რაც გზას უხსნის 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ქვეშ სრულფასოვან გამოსვლას“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegrap...
1783440799
მსოფლიოჯანმო: სიცხის ახალი ტალღის გამო, ევროპას შესაძლოა უფრო მომაკვდინებელი კვირები ელოდეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ სამშაბათს განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში ფორმირებადი ახალი, ინტენსიური სიცხის ტალღის გამო, ევროპას უფრო მომაკვდინებელი კვირე...



























