მანდატური სასამართლოს კანცელარიის შენობაში ალეკო ელისაშვილის დაკავების ეპიზოდზე - გვკბენდა ხელზე, მკლავზე, ბეჭზე, ხორცი მქონდა ამოგლეჯილი, ეს იარა დღემდე მაქვს - იარაღი ჰქონდა ამოღებული, განცდა გამიჩნდა, რომ ჩვენთვის უნდა ესროლა
„გვკბენდა ხელზე, მკლავზეც, ბეჭზეც. ეს იარა დღემდე მაქვს. საბოლოოდ, იარაღის წართმევა მოვახერხეთ, ნიღაბი მოვხსენით და ვიცანით, რომ ალეკო ელისაშვილი იყო. ხორცი მქონდა ამოგლეჯილი, ისე მქონდა ნაკბენი“, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა გიორგი რიჟამაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის საქმეზე აძლევს ჩვენებას.
რიჟამაძე იმ სამი მანდატურიდან ერთ-ერთია, ვინც ალეკო ელისაშვილი სავარაუდო ფაქტის განხორციელების დროს, სასამართლოს კანცელარიის შენობაში დააკავა.
„2025 წლის 28 ნოემბერს ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას, 24-საათიან განაწესში მორიგედ ვიყავი. სამნი ვიყავით - მე, დავით ხარებაშვილი და რევაზ ბუღათრიშვილი. გადავნაწილდით პოსტებზე, მე ცენტრალურ შემოსასვლელში ვიყავი... დავით ხარებაშვილი რაციით დამიკავშირდა, რომ ცენტრალურ ჭიშკართან გავსულიყავი. სასამართლოს დერეფანი და კანცელარია ერთმანეთთანაა დაკავშირებული და სწორედ ამ გზით წავედი, გარეთ გავედი, სადაც ხარებაშვილი იყო, მან მითხრა, რომ ვიღაც პირი იყო შემოჭრილი, ამ დროს რევაზ ბუღათრიშვილი მოდიოდა ჩვენკენ და ვუთხარი, რომ სასამართლოს უკან გადასულიყო და საბადრაგოს მხარეს წავიდა.
ხარებაშვილმა მითხრა, რომ ვიღაც პირმა კანცელარიის შუშა ჩაამტვრია და იქ შევიდა. მე და რევაზ ბუღათრიშვილი იმ ადგილას მივედით, რაზეც დავითმა მიგვითითა. ჩამტვრეული იყო შუშა, შუქი ჩამქრალი იყო. მალევე გავიგე რევაზის ხმა, აქ არის შენობაშიო. ამავდროულად ყვირილის და გინების ხმა მესმის - ხელს ნუ მიშლიო, მესმის ასეთი სიტყვები. ვიღაც უცხო პიროვნება იყო, სახეზე ჰქონდა ნიღაბი, ხელზე ხელთათმანი, რევაზი წაქცეული ჰყავდა და ურტყამდა, რევაზი ყვიროდა, ბენზინი აქვს და ცეცხლის წაკიდებას აპირებსო, ბენზინის მძაფრი სუნიც ვიგრძენი, დავინახე სანთებელა და ბოთლი. მივედი და დაკავება დავიწყე, ის წინააღმდეგობას მიწევდა. დავით ხარებაშვილი შემოვიდა, მანაც სცადა დახმარება, შემდეგ ხელბორკილის მოსატანად გავიდა.
პიროვნებამ პირის მეშვეობით გაიძრო ხელთათმანი, ხელის წაღება მოახერხა მუცლის არეში, იარაღის კაბურა ჰქონდა მიმაგრებული, იარაღი ამოიღო, ვცდილობდი იარაღის წართმევას, ამავდროულად გვემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რომ დაგვხოცავდა მე და რევაზის, ამის რეალური შიში გაგვიჩნდა, რადგან იარაღი ამოღებული ჰქონდა, პერიოდულად ხან ჩემკენ იშვერდა, ხან რევაზისკენ.
გვკბენდა ხელზე, მკლავზეც, ბეჭზეც, ეს იარა დღემდე მაქვს. საბოლოოდ, ამ იარაღის წართმევა მოვახერხეთ, იარაღი ძირს დავაგდეთ, დავით ხარებაშვილი მალევე მოვიდა, ნიღაბი მოვხსენით და ვიცანით, რომ ალეკო ელისაშვილი იყო. წამოვაყენეთ ფეხზე, გვერდზე დივანზე გადავსვით. ველოდებოდით პოლიციის მოსვლას, ვკითხეთ, რას გვერჩოდა. გვითხრა, რომ პატრიოტი პიროვნებაა და ეს სასამართლო უსამართლოა და უსამართლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ მოსამართლეებსო და რომ შენობის დაწვას აპირებდა. მალევე მოვიდა პოლიცია, თავისი უფლებები გააცნეს, დაიწყეს ჩხრეკა.
იარაღის წართმევას რომ ვცდილობდი, მაშინ მიკბინა ხელზე, რათა თავისი განზრახვა სისრულეში მოეყვანა.
ჩემთვის და რევაზისთვის რომ ესროლა, ამისთვის ჰქონდა ამოღებული, ეს განცდა გამიჩნდა....
საიდანაც ჩვენ შემოვედით, შავი ფერის ჩანთა დავინახეთ და გვერდით ეგდო ბოთლი, სადაც ყვითელი სითხე ესხა. ხელი მქონდა დაზიანებული, რევაზ ბუღათრიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა რიჟამაძემ.
დაცვის მხარის კითხვაზე, რატომ დაასკვნა, რომ ალეკო ელისაშვილი იარაღის სროლას აპირებდა ან ხელს ამისთვის ითავისუფლებდა, რიჟამაძემ უპასუხა, რომ ის მათ ემუქრებოდა.
„იარაღის წართმევას რომ ვცდილობდი, მაშინ მკბენდა ხელზე, რომ ის ხელი გამოეთავისუფლებინა. გვემუქრებოდა დაგხოცავთო, სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდა. ნიღაბი მე მოვხსენი, ბორკილი რომ დავადეთ. როგორც მახსოვს, კი არ მოვხსენი, ჩამოვუწიე... სურათი გადაღებული მაქვს, შემიძლია განახოთ, როგორ მდგომარეობაში მქონდა ხელი“, - განაცხადა რიჟამაძემ.
მას ალეკო ელისაშვილმა მიმართა კითხვით, „როგორ ხარ ისე, ხომ ხარ კარგად?“ აღნიშნულზე მანდატურმა უპასუხა: „ხორცი ჰქონდა ამოგლეჯილი, ისე მქონდა ნაკბენი".
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.
გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.ის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამ საქმეზე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1779185971
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დ...
1779184972
ახალი ამბებიკახა კალაძე: დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი აქციებზე მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა ჰქონდათ
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...
1779182630
ახალი ამბებიკახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე: არ აქვს მნიშვნელობა საუბარი იქნება ჩემზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...
1779182019
ახალი ამბებიკახა კალაძე: გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია
საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდული ბარათის...
1779179147
ახალი ამბებიპრემიერი ოპოზიციაზე: გადახედეთ ლიდერებს - „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები, ბუნებრივია, ამ სახეებს წარმატების არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სარჩელზე, აგენტურისთვის არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში
გადახედეთ ლიდერებს - „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები, ბუნებრივია, ამ სახეებს წარმატების არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინი...































