პატრიარქი: გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა

„უფალი დღესაც ჩვენთან არის, იგი ასრულებს თავის აღთქმას, დანაპირებს. თავისი მადლით, თავისი სიტყვით, თავისი სიყვარულით ის არის ჩვენში და ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს“, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ამაღლების დღესასწაულზე ქადაგებაზე განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, თუ ზოგიერთი ჩვენგანი უფლის მყოფობას ვერ ამჩნევს, ვერ გრძნობს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მიზეზი არის ჩვენში: ან საკმარისად არ გვიყვარს იგი, ან არ ვფიქრობთ მასზე და ამიტომ ეს მადლიც გვაკლია, ამიტომ ვერ ვგრძნობთ მის მყოფობას, მის სიახლოვეს.

„ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ამაღლების დიდებულ დღესასწაულს!

მამა კახაბერ, მადლობა მოლოცვისთვის, თბილი სიტყვებისთვის. თქვენ რაც ბრძანეთ, რომ აქ ნუგეშობს, ლოცულობს და სულს იცხონებს მრავალი ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს არის თქვენი დამსახურებაც მათ შორის და იმ სამღვდელოების, რომელიც აქ უკვე წლებია მოღვაწეობს. მეც მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღვაწლისთვის, თქვენი მისიონერული და სამოძღვრო საქმიანობისთვის, რომელიც ესოდენ სასარგებლოა ჩვენი ეკლესიისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მოვლენას, როდესაც უფალი იესო ქრისტე ბოლოჯერ ესაუბრება თავის მოციქულებს, უკანასკნელად ეცხადება და უბრძანებს მათ, რომ იერუსალიმში დაელოდონ სულიწმინდის გარდამოსვლას. შემდეგ მიჰყავს ისინი ელეონის მთაზე, აკურთხებს და მათ თვალწინ იწყებს ზეცად ამაღლებას. ისინი, ამის მხედვარნი, გაოგნებულნი არიან. მათ გამოეცხადათ ორი ანგელოზი და უთხრა: „კაცნო გალილეველნო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას, იესო, რომელიც თქვენგან ზეცად ამაღლდა, ასევე მოვა, როგორც ამაღლდა ზეცად“ (საქმ. 1, 11). სახარება მოგვითხრობს, რომ ისინი ბრუნდებიან იერუსალიმში ძალიან დიდი სიხარულით.

თითქოს განშორება მოხდა უფალთან, დამთავრდა ის მათი ყოველდღიური ბედნიერება იესო ქრისტესთან საუბრების და ურთიერთობის. მაშ, რა ახარებდა მათ? რატომ ჰქონდათ ასეთი დიდი სიხარული? ჩვენც რატომ ვზეიმობთ ამ დიდ მოვლენას?

პირველ რიგში, უფალი იესო ქრისტე დაჰპირდა მათ სულიწმინდის მოვლინებას, სულიწმინდის მიცემას. შემდეგ, განსაკუთრებით ამ მოვლენის მერე, მათ განუმტკიცდათ, გაუმყარდათ რწმენა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ნამდვილად ძე ღვთისა და გამოჩნდა, რომ მასში ორი ბუნებაა: საღვთო და კაცობრივი. ასევე, უფალმა აღუთქვა მათ, რომ მუდამ მათთან ერთად იქნება: „მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ (მთ. 28, 20), - ხომ გახსოვთ ეს სიტყვები? მაგრამ ეს სიტყვები არ იყო განკუთვნილი მხოლოდ მოციქულებისთვის, იმიტომ, რომ ისინი გარდაიცვალნენ, მაგრამ სოფლის აღსასრული ჯერ არ დამდგარა, ხომ სწორია? მაშასადამე, ეს სიტყვები განკუთვნილია ყველა დროის ქრისტიანისთვის, ყველასთვის არის!

მართლაც, ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი დღესაც ჩვენთან არის, იგი ასრულებს თავის აღთქმას, დანაპირებს. თავისი მადლით, თავისი სიტყვით, თავისი სიყვარულით ის არის ჩვენში და ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს. თუ ზოგიერთი ჩვენგანი მის მყოფობას ვერ ამჩნევს, ვერ გრძნობს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მიზეზი არის ჩვენში: ან საკმარისად არ გვიყვარს იგი, ან არ ვფიქრობთ მასზე და ამიტომ ეს მადლიც გვაკლია, ამიტომ ვერ ვგრძნობთ მის მყოფობას, მის სიახლოვეს.

ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩემში ეს მიზეზი. ამას უფალს რომ ვკითხავთ, აუცილებლად დაგვანახებს, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ უფრო მეტად და მეტად ვიგრძნოთ უფლის სიახლოვე და მისი სიყვარული.
კიდევ ერთ საიდუმლოსთან არის დაკავშირებული უფლის ზეცად ამაღლების მოვლენა. ეს არის აღთქმა იმისა, რომ იგი მეორედ მოვა დედამიწაზე, მეორედ მოვა, როგორც მეუფე და მსაჯული. როგორც იცით, უკვე დიდებით იქნება მისი მოსვლა, მაგრამ ამ მოვლენის დღისა და საათის შესახებ, როგორც თავად უფალი ბრძანებდა, არავინ იცის, მხოლოდ ზეციურმა მამამ უწყის ეს. არის ცნობილი მხოლოდ ზოგიერთი ნიშანი და წინაპირობა მისი მეორედ მოსვლის.

ასე რომ, ეს დიდი მოვლენა შთაგვაგონებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ როგორც ამბობს მოციქული პავლე, ჩვენი მოქალაქობა ზეცაშია, საიდანაც მოველით ჩვენს მაცხოვარს, იესო ქრისტეს (ფილ 3, 20); და რომ გვმართებს, ვფიქრობდეთ ზეცისას და არა მიწისას, და მივისწრაფოდეთ ზეციურისკენ, სადაც მარჯვენით ღვთისა ბრძანდება უფალი ჩვენი იესო ქრისტე (კოლ 3, 2-1). როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიწიური ცხოვრება - ეს არის დროებითი მგზავრობა. წმინდა იოანე ოქროპირი ძალიან ხშირად ამბობს ამას და რომ ჩვენი ნამდვილი და მარადიული სამშობლო არის ზეცაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. უფალმა ინებოს თქვენი სულიერი ამაღლება, ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს სულიერი ამაღლება, გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა, ამინ! ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა პატრიარქმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779364473

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: 26 მაისი იქნება ძალიან მტკივნეული და მწარე მარცხი მთლიანად რადიკალური ჯგუფებისა და პროცესებისთვის

რაც უფრო მოახლოვდება 26 მაისი, მით უფრო გაიზრდება დაპირისპირება რადიკალურ ჯგუფებში, ვინაიდან მათ ძალიან კარგად იციან, რომ მზაკვრულმა გეგმებმა მორიგ ჯერზე სრული კრახი განიცადა და ახლა სწორედ ამის ლუსტრ...

რატი იონათამიშვილი

1779362755

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოში, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმე ზ. მ.-ის (მისამართი: წყალტუბო, სოფელი მაღლაკი) აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. ინ...

აგროქიმიკატები

1779361537

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი - ბაჩო ახალაია თან ამბობს, რომ უდანაშაულოა და თან პირდაპირ დამხობაზე ოცნებობს, რისი დამხობის უნარი აქვთ, ეს სხვა საკითხია

„ბაჩო ახალაია თან ამბობს, რომ უდანაშაულოა და თან პირდაპირ დამხობაზე ოცნებობს, რისი დამხობის უნარი აქვთ, ეს სხვა საკითხია“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რ...

რატი იონათამიშვილი:

1779360073

ახალი ამბები

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ხაბეიშვილის ბრალდების საქმეზე 339-ე მუხლი გადაკვალიფ...

 ლევან ხაბეიშვილი

1779359794

ახალი ამბები

ნათია თურნავამ ეკონომიკურ ფორუმში - „საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა - გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“ მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ეკონომიკურ ფორუმში „საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა-გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“  მონაწილეობა მიიღო. ფორუმის ფარგლებში გამართულ დი...

ნათია თურნავა