შიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული
„მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული...“, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
საქართველოს პატრიარქმა მორწმუნეებს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
თქვენო აღმატებულებავ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, თქვენო აღმატებულებავ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარევ, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ჯვართამაღლების დიდებულ დღესასწაულს!
დღეს ვფიქრობთ უფლის ჯვარზე, მის მნიშვნელობასა და ძალაზე. შეგვეწიოს ყველას ძალა და მადლი ცხოველმყოფელისა ჯვარისა! უფალი იესო ქრისტე ნებსით მოკვდა ჯვარზე ჩვენ ცოდვილებისთვის, დამნაშავეებისთვის, რომ გადაგვარჩინოს, გვიხსნას და გვაცხონოს. და აი, როდესაც თაყვანს ვცემთ მაცხოვრის ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ, პირველ რიგში, ამ სიყვარულის ღვაწლს, დიდი თავგანწირული სიყვარულის ღვაწლს. სწორედ სიყვარულის ეს ღვაწლი აღსრულდა ჯვარზე.
ჯვრის თაყვანისცემით ასევე თაყვანს ვცემთ ჩვენი მკვდრეთით აღდგომის იმედსა და სიხარულს, რადგან როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე მოკვდა და საფლავი დაიბეჭდა, თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ სწორედ ამ დროს აღდგა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ჩვენი იმედიც სწორედ ამაშია, რომ ცოდვის უფსკრულიდან, დაცემულობის უფსკრულიდან შეიძლება აღვდგეთ ქრისტიანული ცხოვრებისა და ღმერთთან თანაზიარებისთვის.
მძიმე და დიდი იყო ჯვარი, რომელზეც ჯვარს ეცვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თქვენ იცით, ის ხისგან იყო დამზადებული. მას მერე სხვადასხვა ადამიანი ამზადებდა ხოლმე ასეთი დიდი ზომის ჯვრებს, ერთობლივი ძალისხმევით მიაბრძანებდნენ იერუსალიმში და გოლგოთის გზაზე აჰქონდათ. ზოგს თავის სენაკში ჰქონდა. აი, მაგალითად, ღირს ალექსი შუშანიას სენაკში ჰქონდა ასეთი დიდი ზომის ჯვარი და მხრებზე იდებდა ლოცვის დროს.
აი, ჩვენ წინაშე აღმართულია თხოთის ჯვარი. თქვენ იცით, რომ თვით წმინდა ნინომ, მეფე მირიანმა და დედოფალმა ნანამ აღმართეს ეს ჯვრები, პირადად აიტანეს მცხეთის მთაზე.
მაგრამ ჯვარი ქრისტესი არ არის მხოლოდ ხისგან ან სხვა მასალისგან დამზადებული ჯვარი. არსებობს ასევე სულიერი ჯვარი, რომელიც შედგება ადამიანთა ცოდვებისგან, განსაცდელებისგან, მწუხარებებისგან, სნეულებებისგან, ოჯახური სირთულეებისგან. და აი, როდესაც ადამიანი სცოდავს და ამ ცოდვაში ჯიუტად ყოფნას განაგრძობს, მაშინ ამ ჯვრებს, ამ თავის ჯვარს ამძიმებს; ხოლო როცა ადამიანი ცოდვას ებრძვის და ამარცხებს, მაშინ ის თავის ჯვარს ამსუბუქებს.
ეს რას ნიშნავს? იმას, რომ როდესაც ვცდილობთ, ჯვარს გავექცეთ, მოვიშოროთ, ჩვენ ვშორდებით ქრისტეს ჯვარს, ჩვენ ვშორდებით თვით უფალს; მაგრამ როდესაც მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ჩვენ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული.
ძვირფასო ძმებო და დებო, ამიტომ ვეცადოთ, ვებრძოლოთ ცოდვას და ნუ ვიქნებით სულმოკლენი ჩვენი ჯვრის ზიდვაში. მაშინ უფალი ჩვენთან იქნება, ჩვენ ვივლით ქრისტეს გზით და ასე, ამ სიხარულით ყოველთვის უფალთან ვიქნებით.
მოგვმადლოს ეს უფალმა ჯვრის ძალითა და მადლით!
დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ვიხსენებთ სამწუხარო და ტრაგიკულ მოვლენას ჩვენი უახლესი ისტორიისა. შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან, სოხუმის დაცემიდან. ამ საშინელმა ომმა მოიტანა 30 ათასამდე დაღუპული ადამიანი, ასობით ათასი განდევნილი თავისი მიწა-წყლიდან, თავისი კუთხიდან, თავისი სახლიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია ეთნიკური ნიშნით.
მეუფემ გამახსენა ახლა, რომ ომის შემდეგ, უკვე კოდორის გზაზე გადასვლის პერიოდში, კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეც ღვთისგან დადებული დიდი ჯვარია. არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ამ დღეს დაემთხვა სოხუმის დაცემა, წმინდა იოანე ოქროპირის ხსენებაც ხომ სწორედ ამ დღეს არის, იგი დაკრძალული იყო აფხაზეთში, მისი საფლავი იქ არის.
დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ ომზე და მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვები, რომ ამ ომში არავინაა გამარჯვებული. აფხაზებიც დამარცხდნენ და ქართველებიც დამარცხდნენ.
თუ გვინდა, ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ და მარგებელი იყოს ჩვენთვის, ანუ ჩვენი ერი, ქართველობაც და აფხაზობაც, კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს, ჩვენი გზა არის სიყვარული, შენდობა, ურთიერთშენდობა, ურთიერთპატიება.
მე ძალიან ვხარობ იმით, მგონი ჩვენც, ყველა ვნუგეშობთ იმით, რომ დღეს უკლებლივ ყველა ადამიანი საქართველოში ამ განწყობით არის. ეს ძალიან გვაერთიანებს ჩვენ, ასეთი დამოკიდებულება აფხაზების მიმართ, აფხაზეთის მიმართ და იმისადმი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი შემდგომი ცხოვრება და ერთად ყოფნა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს – ჯვართამაღლებას.
დღეს ჩვენ აღავსრულეთ პანაშვიდი, მოვიხსენეთ ყველა, ვინც დაიღუპა ამ ომში – აფხაზებიც, ქართველებიც. ასევე, გავიხსენეთ ცხინვალში გარდაცვლილი ჩვენი მეომრები, დები და ძმები. ღმერთმა აცხონოს მათი სულები!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ჯვრის ძალამ და მადლმა გაგაძლიეროთ ყველა!
ჯვრის ძალითა და მადლით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს, გადაარჩინოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!“ - განაცხადა შიო მესამემ.
1790500768
ახალი ამბებიკახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ს...
1790499795
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, მხოლოდ მშვიდობით და პრაგმატული პოლიტიკით, შერიგებით დავიბრუნოთ ერთმანეთი, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზ და ოს და-ძმებთან შერიგება მხოლოდ მშვიდობიან...
1790497644
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: იარების მოშუშება ურთიერთსინანულისა და ურთიერთშენდობის გარეშე შეუძლებელია, შერიგება ასე ხდება, ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა
„რუსეთისთვის რა ბოდიშის მოხდაზეა საუბარი იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც სასამართლო დავით დაამტკიცა, რომ რუსეთი ახორციელებს ოკუპაციას, ტყუილია, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთს უნდა მოვუხა...
1790497401
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის, მათ შორის „ტრამპთაუერის“ განხორციელება გულისხმობს ტრამპის პერსონალურ ნდობას ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართ
„ჩვენ არავის ვესხმით თავს, 14 წელია, მშვიდობა გვაქვს შენარჩუნებული, ჩვენი კრიტიკა ყოველთვის არის პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ხოლმე, ჩვენ და ქართველი...
1790496240
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენ განადგურების კალაპოტიდან, მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ ქვეყანა
„სოხუმის დაცემის დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ, ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც შეეწირა ამ ომს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თა...































