შალვა პაპუაშვილი: მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა, მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც მამულის საქართველოსთვის დაბრუნებისა და მისი რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობდა

დღეს ლევილში ყოფნას განსაკუთრებული განცდა ახლავს. საქართველოსგან თითქმის ოთხი ათასი კილომეტრით დაშორებული ეს ადგილი საუკუნის განმავლობაში ქართული პოლიტიკური ისტორიის ნაწილი იყო. იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც საქართველოში ვეღარ გაგრძელდა და გაგრძელება უცხო მიწაზე მოუხდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ლევილის ისტორია მხოლოდ დიდი პოლიტიკის ისტორია არ არის. მისი თქმით, ლევილი იყო პატარა სივრცე საფრანგეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერება ინახებოდა.

,,1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წევრებმა ქვეყანა დატოვეს და თან წაიღეს იმედი, რომ კვლავ გააგრძელებდნენ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად.

ემიგრაციაში წასულმა ადამიანებმა თან წაიღეს დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური მეხსიერება, მისი კონსტიტუციური და სახელმწიფოებრივი ტრადიცია, დიპლომატიური კავშირები და რწმენა, რომ 1921 წლის ოკუპაცია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის დასასრული არ იქნებოდა.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც ჩვენი დამფუძნებელი მამების საცხოვრებელი და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი მთავარი ადგილი გახდა.

აქ ცხოვრობდნენ პირველი რესპუბლიკის მთავრობისა და პოლიტიკური ცხოვრების წარმომადგენლები. აქ იწერებოდა წერილები და მიმართვები. აქ მსჯელობდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. აქედან ცდილობდნენ ევროპისთვის შეეხსენებინათ, რომ საქართველოს სახელმწიფო არსებობდა მანამდე, სანამ საბჭოთა რუსეთი მის დამოუკიდებლობას ძალით გააუქმებდა”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ლევილის ისტორია მხოლოდ დიდი პოლიტიკის ისტორია არ არის.

,,ეს იყო ადამიანების სახლიც. აქ ცხოვრობდნენ ოჯახები. იზრდებოდნენ შვილები და შვილიშვილები. ადამიანები მუშაობდნენ, კამათობდნენ, დღესასწაულობდნენ, ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს. აქ ინახებოდა ქართული წიგნი, ქართული სიტყვა, ოჯახური მოგონება.

ლევილი იყო პატარა სივრცე საფრანგეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერება ინახებოდა. ლევილი ამავე დროს იყო მამული, რომელიც უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფ ემიგრაციას შეძლებისდაგვარად კვებავდა. შეგვიძლია გავიხსენოთ ქალბატონი ნამეტია ბერძენიშვილი, რომელიც აქაურობის დედად იქცა და ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ლევილის სახლს.

ამიტომ ლევილის მნიშვნელობა სწორედ სახელმწიფოებრივი და ადამიანური ისტორიის ერთმანეთთან შერწყმაშია. ის გვახსენებს, რომ ემიგრაცია ისტორიულ სახელებსა და თარიღებს მიღმა ყოველთვის ადამიანური გამოცდილებაცაა - სამშობლოს დაკარგვის, მისგან დაშორების და ამავე დროს, მასთან კავშირის შენარჩუნების გამოცდილება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწეების უდიდესი ნაწილი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და ბევრი მათგანის უკანასკნელი განსასვენებელი ლევილშია.

„მაგრამ, საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა ის, რასაც ისინი ამდენი წლის განმავლობაში ინახავდნენ - დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეა.

1921 წელს დამოუკიდებელმა საქართველომ დატოვა საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილმა ლევილში გადმოინაცვლა. 70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო რთულად წარმოსადგენს ხდიდა ლევილში შენახული იმედის აღსრულებას. მაგრამ ეს იმედი არასოდეს გამქრალა. საბჭოთა წყობილების პირობებშიც კი საკუთარ მიწას, რწმენას და ენას მიჯაჭვულმა ქართველმა ერმა მოახერხა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და გამოხატვა, თავისი სანუკვარი მიზნის მიღწევა.

1991 წელს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება. მოიპოვა დიდი განსაცდელის, სისხლის, ცრემლის და გაჭირვების ფასად, რომლის გადახდაც მას მოუწია. დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების ტკივილები და იარა ჩვენ დღემდე მოგვყვება და მოშუშებას საჭიროებს.

ლევილის დაარსებიდან ერთი საუკუნის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო თავად დაბრუნდა აქ.
დღეს ვხედავთ თითქმის ათწლიანი სამუშაოს შედეგს და ჩვენ უკვე რეაბილიტირებულ ლევილს ვხსნით.

ჩვენ ვხსნით ამ მამულს განახლებული ფუნქციით, წარსულის მეხსიერებით და მომავალზე ორიენტირებით. ჩვენ ვხსნით ადგილს, რომელიც უნდა გახდეს დღევანდელი დიასპორის, საქართველოს გარეთ დროებით მცხოვრები ადამიანების ერთმანეთთან და სამშობლოსთან დაკავშირების ცენტრი, მათი შვილების, შვილიშვილების შემეცნებისა და ფესვებთან კავშირის ადგილი.

საქართველოს ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა საზღვარგარეთ სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრები. ვფიქრობ, ლევილის მამული იქნება ამ დიდი ტრადიციის თანამედროვე გამგრძელებელი, რომელიც საქართველოსა და ქართული დიასპორის დაკავშირების მძლავრ ხელშემწყობ კერად გადაიქცევა”, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მამულის შენარჩუნებაში და რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობა მიიღო და განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი - თეა წულუკიანი გამოყო.

,,მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა. მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც მამულის საქართველოსთვის დაბრუნებისა და მისი რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ამ ისტორიულ საქმეში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი თეა წულუკიანის როლი.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია ხანმოკლე იყო - სულ სამი წელი. მაგრამ ამ სამ წელიწადში შეიქმნა კონსტიტუცია, პარლამენტარიზმის გამოცდილება, საყოველთაო არჩევნების პრაქტიკა, სახელმწიფო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური იდეა. ამ მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციამ შემოგვინახა.

ამ ისტორიის პატივისცემა მისი გააზრებაცაა - მიღწევებთან ერთად შეცდომების, წარმატებებთან ერთად მარცხის, შეთანხმებებთან ერთად იმ დაპირისპირებების შესწავლა, რომლებიც ჩვენს წარსულს თან ახლდა.

ასე იქცევა ისტორიული მეხსიერება გამოცდილებად. ამ ისტორიას კი ლევილი ინახავს.

დღეს ეს მამული ისევ საქართველოს ეკუთვნის. დღეიდან დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო ამ ადგილს ახალ მისიას და სიცოცხლეს სძენს.

ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს!” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790428094

საზოგადოება

საპატრიარქო: ჯვართამაღლების დღესასწაულზე შიო III წირვას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

ამა წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო I...

სამების ტაძარი

1790425015

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს. ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას

ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღ...

შალვა პაპუაშვილი

1790422117

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სამარცხვინოცაა, რომელიმე ქვეყანა ეძახის გიგაურისნაირ აგენტებს თავის ქვეყანაში, რომ თითქოს, საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით უნდა ილაპარაკონ. ძალიან სამწუხაროა, ამ შემთხვევაში ამ როლში საფრანგეთი აღმოჩნდა

ძალიან კარგია, რომ „ნაცები ერთმნეთს აბულინგებენ. ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლოს არასამთავრობოებმა სააკაშვილი პოლიტპატიმრების სიაში აღარ შეიყვანეს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პი...

ლევან მაჭავარიანი

1790421512

საზოგადოება

კახა კალაძე: მადლობა იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა - დღეს მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ და ამაში სანიოლის წვლილი მნიშვნელოვანია

„მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა“, - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, საქართველო არ ივიწ...

კახა კალაძე

1790418505

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: პაატა ბურჭულაძესთან თუ ვინმეს კავშირი გაქვთ, გადაეცით, რომ სრულიად უპასუხისმგებლო, დელუზიურ, პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვად ვთვლით. იკმაროს, რაც დააშავა

თამარ ჩერგოლეიშვილი, პაატა ბურჭულაძეს უპასუხისმგებლო და პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვს უწოდებს, რომელმაც უნდა იკმაროს რაც დააშავა. სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებ...

თამარ ჩერგოლეიშვილი