"რუსებს ომი მის დაწყებამდე უნდა მოეგოთ და მერე აუღელვებლად გაეფორმებინათ ეს ბრძოლის ველზე - რეალურად კი გამოუვიდათ საპირისპიროდ - მათ ომი მის დაწყებამდე წააგეს"
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი კახა ესებუა სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს რუსულ არმიასთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით, სულაც არ ყოფილა "უძლეველი".
"სამწუხაროდ, უკრაინის ომის ფონზე საინფორმაციო სივრცეში განსაკუთრებით გაძლიერდა რუსული პროპაგანდა.
პრინციპში გასაგებიცაა - თუ არ ხარ ამ სფეროს პროფესიონალი, რუსულ ჯარზე წარმოდგენა რუსულივე პროპაგანდით გექმნება, რომელიც ამბობს რომ რუსეთს აქვს ზესაიდუმლო, ზეთანამედროვე, უანალოგო შეიარაღება და სუპერ ჯარისკაცები.
ისინი ამ ეტაპზე ჩრდილში არიან წამოწოლილები და ელოდებიან როდის ამოიხოცებიან „ბანძი რუსული ქვედანაყოფები“, რომ შევიდნენ და ქვა ქვაზე არ დატოვონ უკრაინაში.
ცალკე გამოვყოფ ამ აბზაცს - არავის არც დავცინი, არც ჩემი ცოდნით სხვისი დამცირების სურვილი მაქვს.
ეს ჩემი საქმე და ჩემი პროფესიაა, რომელსაც უკვე 15 წელი მივუძღვენი.
ასე რომ ბუნებრივია, მე სხვაზე უფრო მეტი ვიცოდე კონკრეტულ სფეროში.
უბრალოდ ამ პოსტით ვცდილობ წინ აღვუდგე ტყუილებს და გითხრათ სიმართლე რუსულ არმიაზე და მის შედეგებზე უკრაინაში.
ადამიანებისთვის, ვინც არ იცნობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურას, ვეცდები მოკლედ და გასაგებად ავხსნა.
რუსეთის ჯარი იყოფა 5 სამხედრო ოლქად - დასავლეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი.
ძირითადი და ყველაზე ძლიერი ოლქებია სამხრეთი და დასავლეთი, რომლებიც პასუხს აგებენ ჩვენსა და უკრაინის მიმართულებაზე.
ისინი სრულად არიან ამჟამად ჩართული საბრძოლო მოქმედებებში.
თითო სამხედრო ოლქში საშუალოდ 2-3 არმიაა.
თითოეულ არმიაში საშუალოდ 25-40 ათასი სამხედროა.
არმიები ძირითადად შედგება დივიზიებისგან, რომელშიც 10-12 ათასი სამხედროა ან/და ბრიგადებისგან (3-5 ათასი), დივიზიები შედგება პოლკებისგან, პოლკები და ბრიგადები ბატალიონებისგან და ა.შ.
ახლა მოდი ჩამოვთვალოთ იმ გენერლების და მაღალი რანგის ოფიცრების სახელები და თანამდებობები, რომლებიც უკრაინაში უკვე დაიღუპნენ.
გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი - ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე.
იქამდე იყო მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის მეთაური.
ცენტრალურ სამხედრო ოლქში სულ 2 არმიაა და აქედან ერთის მეთაურის მოადგილე ბრძოლის ველზე დაიღუპა.
შეგახსენებთ, ეს ოლქი პასუხისმგებელია ცენტრალური აზიის მიმართულებაზე.
გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი - იგივე 41-ე არმიის შტაბის უფროსი.
გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი - 29-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაური. ეს არმია აღმოსავლეთ
სამხედრო ოლქს ეკუთვნის, აი ჩინეთსა და იაპონიაზე რომ აგებს პასუხს.
გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი - 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური.
აღსანიშნავია, რომ ეს დივიზია დასავლეთ სამხედრო ოლქს ეკუთვნის და სპეციალურად უკრაინაში შეჭრისთვის შექმნა.
გენერალ-ლეიტენანტი ანდროი მორდვიჩევი - მე-8 საერთო-საჯარისო არმიის მეთაური.
ეს არმია ჩვენს, სამხრეთ სამხედრო ოლქს ეკუთვნის.
დაიღუპა ჩერნობაევკას (ხერსონი) აეროდრომზე. ამ აეროდრომზე უკვე ანეკდოტები დადის, 8-ჯერ გაანადგურეს იქ რუსეთის ძალები.
ვიცე-პოლოვნიკი დიმიტრი საფრონოვი - ცალკეული 61-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური, ჩრდილოეთის სამხედრო ოლქიდან.
მაგას არქტიკის მიმართულება ებარა, წესით.
ვიცე-პოლკოვნიკი დენის გლებოვი - მე-11 ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის მეთაურის მოადგილე. გმირულად დაიღუპაო, ამბობენ.
პოლკოვნიკი კონსკანტინ ჟიჟევსკი - 247-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის მეთაური. ეს პოლკი ლეგენდარული მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის შემადგენლობაში შედის.
გენერალი მაგომეტ ტიშაევი - ჩეჩენი „გენერალი“, კადოროვის ძმა და მეგობარი. მეტის მასზე დაწერა არ ღირს.
კიდევ არაერთი მაღალი რანგის ოფიცერი დაიღუპა უკრაინაში.
შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში რუსული არმიის სამეთაურო ჯაჭვის სერიოზული ნაწილია განადგურებული.
ახლა ჩნდება კითხვა რატომ იღუპებიან ეს მაღალი რანგის სამხედროები ბრძოლაში? (შედარებისთვის - ამერიკამ ერაყისა და ავღანეთის კამპანიების განმავლობაში 2001 წლიდან მოყოლებული დღემდე მხოლოდ 1 გენერალი დაკარგა, ისიც არასაბრძოლო ვითარებაში).
პასუხი ასეთია - დაღუპული მეთაურების დიდი ნაწილი შედარებით „ნიაბსტრელინი“ ქვედანაყოფების წარმომადგენლები იყვნენ.
ზოგადად, უკრაინაში რუსულ არმიას ერთი დიდი პრობლემა უდგას - პირად შემადგენლობას არ უნდა ომი.
ამიტომ, მეთაურებს უწევთ პირადი მაგალითის ჩვენება უფრო დაბალი რანგის მეთაურებისთვის.
როგორც ჩანს, ამას კრემლიდან დაჟინებით ითხოვენ.
უნდა აღინიშნოს, რომ მათ „პირად მაგალითს“ ბევრმა რუსმა სამხედრომ მიჰბაძა და სამუდამოდ დარჩა უკრაინის მიწაზე.
რაც შეეხება უფრო გამოცდილ ქვედანაყოფებს, მათი მართვა და კონტროლი შედარებით უფრო აწყობილია და მათ მეთაურებს არ უწევთ წინა ხაზზე სირბილი.
ზოგადად, ვიღაცას ეს წინა ხაზზე ყოფნა შეიძლება ვაჟკაცობად მოეჩვენოს.
რეალურად ეს არის დიდი სისუსტე და არაკომპეტენტურობა.
ამ გენერლებს წინა ხაზზე სარბენად ჰქონდათ დრო ახალგაზრდობაში, ახლა კი მათი ადგილი ზურგში, შტაბშია.
ახლა ავხსნი რა ძალა ჰყავდა რუსეთს მობილიზებული უკრაინის მიმართულებაზე.
რუსეთის სახმელეთო ძალები დაახლოებით 280 ათასია, ოღნოდ ამაში შედის მზარეული, დარაჯი, ხელოსანი, დამლაგებელი და საერთოდ ყველა ცოცხალი ადამიანი.
უკრაინის მიმართულებაზე მობილიზებული იყო მათი რეალური ძალის საუკეთესო 50-60%.
ამ დროისთვის რუსეთი ცდილობს თავი მოუყაროს კიდევ 10-20%-ს, რომელთა მზადყოფნა პირველ ეშელონზე დაბალია.
სულ ესაა სანაქებო რუსული არმია, რომელსაც უზარმაზარი დანაკარგები აქვს.
პირველი გვარდიული სატანკო არმია, თავის ტამანის და კანტემიროვის დივიზიებით უმძიმესი დანაკარგების გამო პრაქტიკულად გაყვანილია ბრძოლიდან გადაჯგუფებისთვის, 76-ე ფსკოვის დივიზიამ დიდი დანაკარგები მიიღო, იგივე ბედი ეწია 90-ე სატანკო დივიზიას და 35-ე მოტომსროლელ ბრიგადას.
დიდი ზიანი მიადგა მე-200 მოტომსროლელ ბრიგადას.
ჯამში, პირველი ეშელონის ძალების დაახლოებით 1/3 გაყვანილია ბრძოლიდან ამა თუ იმ მიზეზით.
ახლა, იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ რუსებს ელიტარული ქვედანაყოფები კიდევ ზურგში ჰყავთ და ჯერ ვიღაც ბანძებს აბრძოლებენ, სთხოვეთ, დაგისახელონ კონკრეტული ქვედანაყოფები.
მერე ეს ინფორმაცია შეგიძლიათ ამ სტატუსის ქვეშ დაწეროთ.
პარალელურად, შეგიძლიათ ეს ინფო რუსეთის გენშტაბსაც მიაწოდოთ, ძალიან გააკვირვებთ, თუ ეტყვით, რომ საუკეთესო ძალები ჯერ კიდევ რეზერვში ჰყავთ.
ზოგადად, სტრატეგიული მიდგომები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად, ინდუქციურად და დედუქციურად.
ინდუქციური სტრატეგიები უფრო, ძველი, კლასიკური სტრატეგიებია.
ინდუქციური სტრატეგიები გულისხმობს, რომ სტრატეგიული გამარჯვება არის ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებების ჯამი.
ეს ნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე იგებ ტაქტიკურ დაპირისპირებებს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში, ბოლოს მოწინააღმდეგეს გადაეყრები გენერალურ ბრძოლაში, გაიმარჯვებ და საბოლოოდ, გამარჯვებულიც შენ გამოდიხარ.
დედუქციური სტრატეგიები უფრო გასული საუკუნის დასასრულის ნაყოფია.
ეს ნიშნავს, რომ ომს იგებ მის საწყის ეტაპზევე სწორი სამხედრო-პოლიტიკური მოქმედებებით და მთელი შემდგომი ომი უბრალოდ ამ მიღწეული გამარჯვების თარგმნაა ბრძოლის ველზე.
ამ ტიპის ომების მაგალითებია ნატო-იუგოსლავიის ომი და მეორე ერაყის კამპანია.
ასეთი ოპერაციები იწარმოება დიდი რაოდენობის Stand-off (ჰორიზონტსმიღმა) რაკეტების, ფრთოსანი რაკეტების და სხვა ტიპის ზეზუსტი იარაღის გამოყენებით და ყველა დომეინში (ხმელეთი, ზღვა, ჰაერი, კიბერი, ინფორმაცია/დაზვერვა) სრული უპირატესობის დამყარების პირობებში.
ამ დროს, ნადგურდება მოწინააღმდეგის ომის წარმოების საკვანძო შესაძლებლობები და ამის შემდეგ უკვე იწყება მოწინააღმდეგის დამარცხების "გაფორმება".
რატომ იყო საჭირო ეს თეორიული წიაღსვლა? ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ამეხსნა რა მოხდა რუსეთ-უკრაინის ომში. უფრო სწორედ, რა შეცდომები დაუშვა რუსეთმა უკრაინასთან ომში.
24 თებერვალს რუსეთმა გაუშვა დაახლოებით 120 ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი" უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, რომელშიც შედიოდა აეროდრომები, რადიო-ლოკაციური სადგურები, ავიაცია, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, საბრძოლო მასალების საწყობები. ამის შემდეგ, საავიაცოო დამუშავების გარეშე დაიწყეს სახმელეთო შეტევა - ბლიც კრიგი კიევის ალყაში მოქცევის და ხელისუფლების სწრაფად დამხობის მიზნით.
რეალურად, უკვე სამი კვირაა, რუსეთი პრაქტიკულად იმავე თავდაცვის ზღუდეებს უტევს, რასაც პირველ დღეს შეუტია.
რა მოხდა? რატომ ვერ იმუშავა დედუქციურმა მიდგომამ? ქვემოთ ჩამოვთვლით შეცდომებს, რომელიც დაუშვა რუსეთის გენშტაბმა ამ ოპერაციის დაგეგმისა და აღსრულების დროს.
შეცდომა 1 - რუსეთს არ გააჩნდა სადაზვერვო/საინფორმაციო უპირატესობა.
აშშ პრაქტიკულად LIVE-რეჟიმში აქვეყნებდა მოსკოვის გეგმებს.
შესაბამისად, უკრაინულ მხარეს გააჩნდა სრული ინფორმაცია მოსალოდნელი დარტყმის შესახებ.
ამიტომაც ავიაცია ამ დარტყმას ჰაერში შეხვდა, დარტყმები კი ცარიელ აეროდრომებზე განხორციელდა. გადარჩა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაც, რომელიც უკრაინელებმა წარმატებით გადამალეს.
შეცდომა 2 - რუსეთს არ გააჩნდა ფრთოსანი რაკეტების საკმარისი რაოდენობის მარაგები, ამიტომ მათი გამოყენება უკიდურესად ხელმომჭირნედ მოხდა.
ერთი მოზრდილი საჰაერო ბაზის სრულად მწყობრიდან გამოყვანას 50-60 რაკეტა სჭირდება. რუსეთმა კი ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოს სულ ჯამში 120 ესროლა ოპერაციის საწყოს ეტაპზე.
შეცდომა 3 - ავიაციის არასაკმარისი გამოყენება ოპერაციის საწყის ეტაპზე.
რუსეთის საჰაერო ძალები საკმაოდ დიდი რაოდენობის საფრენ აპარატს აერთიანებს. მიუხედავად ამისა, რუსეთს არ გააჩნია უნარი აწარმოოს კომპლექსური ერთობლივი საჰაერო ოპერაციები დიდი რაოდენობის საფრენი აპარატების ერთდროულად ჰაერში ყოფნის პირობებში. ამიტომაც, საავიაციო დამუშავება ძალიან ხანგრძლივი იქნებოდა. შესაბამისად, გენშტაბმა გადაწყვიტა ეს ფაზა პრაქტიკულად ოპერაციიდან ამოეღოთ. შედეგი სახეზეა.
შეცდომა 4 - არასაკმარისი რაოდენობის ცოცხალი ძალა ამბიციის ამ დონისთვის, ან ამბიციის ზედმეტად მაღალი დონე ცოცხალი ძალის ამ რაოდენობისვის. იმ პირობებში, როცა ვერ მოხერხდა უკრაინის სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანი დასუსტება პირველი დარტყმებით, რუსული ძალები, მარტივად რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგეზე უფრო მცირე რიცხოვანი აღმოჩნდნენ, იმ პირობებში, როცა შემტევ დაჯგუფებას კლასიკურად 3/1 უპირატესობა სჭირდება წარმატებისთვის.
შეცდომა 5 - დასავლეთის მხარდაჭერის არაჯეროვანი შეფასება.
რუსულმა მხარემ ვერ გათვალა, რომ თუნდაც უკრაინული რადიოლოკაციურო სადგურების განადგურების პირობებშიც, უკრაინას სადაზვერვო უპირატესობა ექნებოდა აშშ-ის და სხვა ნატოელი პარტნიორების მიერ მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციის ხარჯზე.
გარდა ამისა, რუსულმა გენშტაბმა ვერ გათვალა, თუ რა საფრთხეს წარმოადგენდა დასავლური შეიარაღების თითოეული ნიმუში რუსეთის "უანალოგო" შეიარაღებისთვის.
შესაბამისად, რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს აქედან?
ჩანაფიქრის მიხედვით, რუსებს "ამერიკულად" უნდა ეომათ.
მათ ომი მის დაწყებამდე უნდა მოეგოთ და მერე აუღელვებლად გაეფორმებინათ ეს ბრძოლის ველზე. რეალურად კი გამოუვიდათ საპირისპიროდ - მათ ომი მის დაწყებამდე წააგეს, ახლა კი უკრაინელები უფორმებენ მათ ამ წაგებას. უზარმაზარ ფასად, თუმცა მაინც.
როგორც იტყვიან, არა შეჯდა მწყერი ხესაო...", - წერს კახა ესებუა.
სხვა სიახლეები:
🔵 ლელა კაკულია: საქართველოში ყველაფრის პატრონი ქართველი იქნება!
🔵 “მოხუცმა უკრაინელმა თავი აიფეთქა და თან 7 ჯარისკაცი გაიყოლა” - ისტორია სოციალური ქსელიდან
🔵 იტალიის რკინიგზაზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა?! მატარებლები შეზღუდული გრაფიკით მოძრაობენ
1732376888
მსოფლიოკონორ მაკგრეგორი გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის საქმეში დამნაშავედ ცნეს
შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA-ს) მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ირლანდიის სასამართლომ სექსუალური ძალადობის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ BBC წერს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ირლანდიელმა სპ...
1732375235
ახალი ამბებიგმირთა მოედანთან მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
გმირთა მოედანთან, სადაც „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარვები გაშალეს, აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეებსა და აქც...
1732372608
ჰოროსკოპი„ეს ნიშანი საკმაოდ ამბიციურია, მას უყვარს რომ ცხოვრებაში რაღაც კვალი დატოვოს“ - რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი
22 ნოემბერს მზე მშვილდოსანში გადავიდა. აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს და საზოგადოებას რეკომენდაციებს აძლევს. მისი თქმით, ამ ნიშანში მზის ყოფნისას ძალზე მნიშ...
1732365417
საზოგადოება„ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში...“ - მეუფე შიომ მორწმუნეებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა
„ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და შემოწირულება გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვ...
1732359901
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანა...