„უნდა გითხრა, რომ ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლებს, ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა“ - ვასილ მაღლაფერიძის ღია წერილი ყოფილ მეგობარს

ცხადია, გაიგებდი, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე წერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სახელწოდებით – „ღია წერილი ყოფილ მეგობარს“.

როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, თანადასანქცირებულთაგან ყველას უდასტურებს პატივისცემას და ამ სიაში მისი ყოფნა დიდი პატივია.

„ღია წერილი ყოფილ მეგობარს.

ცხადია, გაიგებდი, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის და, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ – რადგან, თურმე ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბს ვთხრით და „ჩინეთის, რუსეთის და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრას“ ვუწყობთ ხელს.

უნდა გითხრა და გაგაწბილო, რომ ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლებს, თუმცა თანადასანქცირებულთაგან ყველას ვუდასტურებ პატივისცემას და აქვე იმასაც გეტყვი, რომ ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა.

არც ამ დასანქცირების მომთხოვნ კონგრესმენებთან მაქვს პრეტენზია, რადგან, საკუთარ ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემების ფონზე, მაინც მოიცალეს და მათთვის სრულიად უცნობი ადამიანებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ. ესე იგი, ასეთი ცხოვრების წესი აქვთ, ეს ჰგონიათ სწორი საქციელი და რა გაეწყობა?!

მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც ერთი დაპატიჟებით სტუმრად არ მიდიან და თუ დამასანქცირებენ, აღარ ჩავალ მათთან და ეგ იქნება, თუმცა ჩემს კარს ღიას დავტოვებ – საქართველოში სტუმარი ღვთისაა!

თუმცა, პატივცემულ კონგრესმენებს მოკრძალებით ერთს კი შევკადრებ, რჩევა ბატონი ჰოლდენ კოლფილდისთვის რომ ეკითხათ, დარწმუნებული ვარ, კატეგორიულად ურჩევდა, რომ ამ მოთხოვნისთვის ხელი არ მოეწერათ (თუ ვინმემ აქამომდე არ იცოდა – დასანქცირების მოთხოვნა, სინამდვილეში, საქართველოშია დაწერილი და კონგრესმენებმა მხოლოდ ხელი მოაწერეს).

ჩემო ყოფილო მეგობარო, ხომ გახსოვს, ბოლშევიკები რეპრსიებს, რითი ამართლებდნენ?! ხალხის მტრები კომუნიზმის აშენებაში და ამქვეყნად სამოთხის დამყარებაში გვიშლიან ხელსო.

მაგიდის უჯრაში ბაბუის და დიდი ბაბუის განაჩენები მიდევს – ხალხის ნათელი მომავლის გუშაგებმა ამხილეს, რომ გურჯაანში ვენახებს ანადგურებდნენ, სანქციებიც გამოუწერეს და სიძე-სიმამრი ორ კვირის ინტერვალით დახვრიტეს. წვრილშვილიანი ოჯახი სახლიდან გამოყარეს და დედაჩემი და დეიდაჩემი ასე ხალხის მტრის იარლიყით გაიზარდნენ. ეს ჯოჯოხეთი უამრავმა ქართულმა ოჯახმა გამოიარა. კომუნიზმი კი რატომღაც არ აშენდა, არც სამოთხე დამყარდა, სამაგიეროდ წლების შემდეგ, ფარატინა ქაღალდი მოვიდა, შეგვეშალა, ტყუილად დაგვიხვრეტიაო.

ბაბუაჩემზე ვინც „დანოსი“ დაწერა, ან სახლი უნდოდა მისი, ან – სამსახური, ან რაიმე ბოღმა ჰქონდა, იცოდა, რატომაც ასმენდა. ასეთები, ნათელი მომავლის აშენების საბაბით, ხან ეშაფოტზე ერეკებოდნენ ხალხის მტრებს, ხან გაზის კამერებში აგზავნიდნენ, ხანაც კედელთან აყენებდნენ – მათ ქონებას კი ინაწილებდნენ. ასეთების რაობა გარკვეულია, ფულს და გამორჩენას ელიან, მათ მიმართ კითხვა არა მაქვს.

მაგრამ, „დანოსჩიკი“ მარტო ვერაფერს გახდებოდა, სხვებიც რომ არ ყოფილიყვნენ, რომელთაც თავი დაირწმუნეს, რომ ბაბუაჩემი ვენახებს ანადგურებდა, რადგან ასე აწყობდათ, ან შეეშინდათ, ან იქნებ, სულო ცოდვილო, ამ საქმიდან რაღაც ხეირს თავადაც ელოდნენ. ჰოდა, შერჩენილი სინდისის ნატამალი დაიმშვიდეს, ალბათ, რაღაცას აშავებდნენ, თორემ ტყუილად ხომ არ დააბრალებდნენო, ყოველი შემთხვევისთვის, ჩეკისტების მიერ აწიოკებული ოჯახიდან ქვაბი, ტაფა ან ტაშტი გააყოლეს ხელს და კომუნიზმის მშენებლობა განაგრძეს. დახვრეტილთა ცოდვა ამ სხვებზეც ისევეა, როგორც „თავად“ დანოსჩიკებზე.

მიბრძანდი საჯარო ბიბლიოთეკაში, გადახედე ოცდაათიანი წლების პრესას (მაშინ სოციალური ქსელები არ იყო) და ნახავ, როგორი აღტკინებით გმობენ ხალხის მტრებად შერაცხულ კოლეგებს, მეგობრებს, ნათესავებს და მშობლებსაც კი, რომლებიც ნათელი მომავლის მშენებლობაში უშლიან ხელს.

ოღონდ არ მითხრა, რომ დრო იყო ისეთი და რა უნდა ექნათო?! აგერ შენც ხომ დაიჯერე, თურმე ქვეყნის ღერძი გადავხარე, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბს ვთხრი და ნათელი მომავლის მშენებლობაში გიშლი ხელს?!

პატივცემული კონგრესმენები არც შენ გიცნობენ და არც მე, სამაგიეროდ შენ დიდი ხანია, მიცნობ, თუმცა მაინც კონგრესმენებს დაუჯერე! კონგრესმენები ტყუილად ხომ არ დამაბრალებდნენ, ღერძი გადახრაო?! კონგრესმენები ხომ შეუმცდარნი არიან და თუ ისინი გეტყვიან, რომ ბომბეიმდე გვირაბამდე გვირაბს ვთხრი, სხვა რა გზა გაქვს, უნდა დაუჯერო. თუმცა, კონგრესმენებმა აქედან რა „დანოსის“ წერილიც მიიღეს, იმას დაადეს რეზოლუცია და აწი მოგიწევს ამ „დანოსის“ ავტორთა მეგობრობის ტვირთის ზიდვა.

თანაც რა კამფეტივით ბრალდებაა – „ჩინეთის, რუსეთის და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრა“, ამას მოფიქრება ხომ უნდოდა, ასეთ რამეს რომ დაგაბრალებენ, თავად უნდა დაიხალო ტყვია შუბლში?

„დანოსის“ ავტორები სიხარულით დავლურს უვლიან, ეს რა ბედნიერი დღე გაგვითენდა, კონგრესმენებმა სანქციების დაწესება მოითხოვესო, იმედი აქვთ (სულ ტყუილად!!!), ის დრო დაბრუნდება, როცა დასმენა და კედელთან მიყენება ერთი იყო და აქედან ხეირს ნახულობდნენ?!

მათი რაობა გარკვეულია! საკითხავი ის არის, შენ რა დაგემართა?!

ჩემო ყოფილო მეგობარო, მიმოიხედე შენს ირგვლივ, ვის შეკვეთილ მუსიკაზე ცეკვავ, ადრე მათთან ერთად გავლის შეგრცხვებოდა?!

მართლა დაიჯერე, რომ ევროკავშირში შესვლაში მე გიშლი ხელს, ბაბუაჩემმა ვენახები გაანადგურა და ჩელიაბინსკში ცხოვრება მინდა? ასეთი სულელი რომ არ ხარ?! აბა კარგად დაფიქრდი, იქნებ კი არ დაიჯერე, არამედ თავი განზრახ დაირწმუნე, იმიტომ, რომ ასეთი ქცევა მოდურად გეჩვენა, იმიტომ, რომ ცოტა მიგაშინეს, თუ სულმა წაგძლია და რაიმე სარგებელსაც ელი. ასეა თუ ისე, „დანოსჩიკთა“ თანამზრახველად იქეცი, მაქედან ვეღარ გამოხვალ!

აღთქმული სამოთხის მოლოდინში ერთხელ ხომ გამოგვიყენეს და ჯოჯოხეთი გამოგვატარეს და რამდენ ვერცხლად გიღირს გამოუცდელი ახალგაზრდების ისევ იმ ჯოჯოხეთში დაბრუნება. რამდენიმე კვირაღა დარჩა და ყველასთვის ნათელი გახდება, უკრაინული გზა რასაც მოუტანდა ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში ამ ახალგაზრდებს. ყველაფერი რომ გაცხადდება, მერე რას იტყვი, რა მექნა, დრო იყო ასეთიო?! დროს უკან ვეღარ დააბრუნებ, ვერც „დანოსებით“ ააშენებ სამოთხეს და ნათელ მომავალს მომავალს და ვერც ევროკავშირში შეხვალ.

ეს მსოფლიო ალიაქოთიც გადაივლის, სანქციებიც და მაქციებიც ყველას დაავიწყდება, დავავიწყდებით იმ კონგრესმენებსაც, რომელთაც არც არასდროს ვხსომებივართ, სამაგიეროდ შენ არასდროს დაგავიწყდება „დანოსი“ რომლის თანამონაწილეც ხარ.

P.S. ჩემო საბრალო ყოფილო მეგობარო, ყოველი შემთხვევისთვის ეგ სანქცია შუბლზე მიიკარი, სადმე რომ არ დაგეკარგოს!“, – წერს მაღლაფერიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779796070

ახალი ამბები

რომის პაპი ლეო XIV საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

რომის პაპი ლეო XIV საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „თქვენი ეროვნული დღის აღსანიშნავად, თქვენს აღმატებულებას ვუგზავნი ჩემს მხურვალე სურვილებს თქვენი ქვეყნის კეთი...

რომის პაპი ლეო XIV

1779794882

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ვულოცავ მთელს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს, თაობები უნდა გაიზარდონ იმ რწმენით, იმ განწყობით, რომ ეს არის მთავარი და მისგან გამომდინარეობს ყველაფერი

„ვულოცავ მთელს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს და თაობები უნდა გაიზარდონ იმ რწმენით, იმ განწყობით, რომ ეს არის მთავარი და მისგან გამომდინარეობს ყველაფერი“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახ...

მამუკა მდინარაძე

1779793847

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: არც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ მოვა და არ გადაწყვეტს, რომ თავად გახდეს მმართველი, ამის გაკეთებას ისინი ეცდებიან ქვეყნებში საკუთარი ხალხის ხელით, ეს უნდა გავაცნობიეროთ

„არც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ მოვა და არ გადაწყვეტს, რომ თავად გახდეს მმართველი, ამის გაკეთებას ისინი ეცდებიან ქვეყნებში საკუთარი ხალხის ხელით, ეს უნდა გავაცნობიეროთ“, - ამის შესახებ საქართველოს...

მამუკა მდინარაძე

1779792333

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, რომ შეწყვეტილიყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე არის ჩვენი ეროვნული ნების, თავისუფლების სიყვარულის და პასუხისმგებლობის სიმბოლო“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დ...

შალვა პაპუაშვილი

1779792104

ახალი ამბები

პატრიარქი: ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს - მშვიდობა ეს ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას

„დღეს განსაკუთრებით მივესალმები საქართველოს თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ერთგულად იცავს სამშობლოს ღირსებას და თავისუფლებას. გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხ...

პატრიარქიპატრიარქი