კახა კალაძე: რეაბილიტირებულ რუსთაველის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემა ამოქმედდება, რაც ავტომობილების გადაადგილებას გაამარტივებს
„თბილისის განახლებულ ცენტრალურ გამზირზე კონკრეტული მიმართულებებით ავტომობილების გადაადგილება გამარტივდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსთაველის გამზირის ახალ სატრანსპორტო სქემაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სანაპიროდან შესაძლებელი იქნება პირდაპირ მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა და, უკუმიმართულებით, პირდაპირ სანაპიროზე ჩასვლა.
„ახალი სატრანსპორტო სქემით კონკრეტული მიმართულებებით ავტომობილების გადაადგილება გამარტივდება. შუქნიშნით რეგულირებული ახალი სატრანსპორტო კვანძების მოწყობის შემდეგ, რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზეც შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევა, რის შედეგადაც მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მიმავალ მძღოლებს აღარ მოუწევთ გამზირის ტრანზიტულად გავლა და ზეთისხილის ხესთან მოტრიალება. სანაპიროდან შესაძლებელი იქნება პირდაპირ მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა და უკუმიმართულებით პირდაპირ სანაპიროზე ჩასვლა. ასევე მთაწმინდის ზედა ქუჩებიდან ჩამოსვლისას მძღოლებს აღარ მოუწევთ თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება და მარცხნივ მოხვევით, პირდაპირ გავლენ კოსტავას ქუჩის მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ახალი სატრანსპორტო კავშირების მოწყობის შედეგად, რუსთაველის გამზირზე გადაადგილების საჭიროება შემცირდება.
„არსებული სატრანსპორტო სქემის პირობებში, ჩვენი მონაცემებით, ავტომობილების, დაახლოებით, 30%-ს რუსთაველის გამზირზე ტრანზიტულად გადაადგილება უწევდა. ახალი კავშირების მოწყობის შედეგად, ამ გადაადგილების საჭიროება მნიშვნელოვნად შემცირდება. მაგალითად, ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან პირდაპირ მოძრაობით შესაძლებელი იქნება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის (ყოფილი ელბაქიძის აღმართის) მიმართულებით გადაადგილება და პირიქით. თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიის მიმართულებით მოძრაობისას კი, მარცხნივ მოხვევით, შესაძლებელი გახდება კაკაბაძეების ქუჩაზე ასვლა.
იქ, სადაც აქამდე მძღოლებს ზედმეტი მანძილის გავლა და შემოვლითი მარშრუტებით სარგებლობა უწევდათ, გაჩნდება პირდაპირი სატრანსპორტო კავშირები. სწორედ ეს არის მოძრაობის ახალი სქემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა - ზედმეტი გადაადგილების შემცირება და სატრანსპორტო ნაკადების უკეთ ორგანიზება“, - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა შუქნიშნების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მათი საშუალებით ნაწილდება სატრანსპორტო ნაკადები და ქვეითები უსაფრთხოდ გადაადგილდებიან.
„მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ შუქნიშნების დანიშნულება მხოლოდ ავტომობილების გაჩერება არ არის. მათი საშუალებით ხდება სხვადასხვა მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების განაწილება, ახალი სატრანსპორტო კავშირების უზრუნველყოფა და ქვეითების უსაფრთხო გადაადგილება. რუსთაველის გამზირის შემთხვევაში, სწორედ შუქნიშნებით რეგულირებული ახალი კვანძები გვაძლევს იმ პირდაპირი კავშირების შექმნის შესაძლებლობას, რომლებიც აქამდე არ არსებობდა. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წლის პერიოდში, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იქნება, გამზირი ცოტა მოგვიანებით დაიხაზება და შუქნიშნებიც ჩაირთვება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისი თქმით, მომავალ წელს იგეგმება რესპუბლიკის მოედნის განახლება. კერძოდ, მოეწყობა 200 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი, ასევე, დაგეგმილია თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-განახლება.
„ამასთან, მთაწმინდის ქუჩებზე ვგეგმავთ მოძრაობის ოპტიმალური სქემების შემუშავებას. წლების განმავლობაში ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ხან ორმხრივი იყო, ხან ცალმხრივი. ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩების გათვალისწინებით, დავამუშავებთ ყველაზე მისაღებ ვარიანტებს, რომლებიც რუსთაველის გამზირის ახალ სატრანსპორტო სქემასთან თავსებადი იქნება. ზოგადად, ქუჩების რეაბილიტაციისას მაქსიმალურად ვცდილობთ, საგზაო მოძრაობა ისე დავგეგმოთ, რომ გაიზარდოს მოქალაქეთა გადაადგილების შესაძლებლობები, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება.
ჩვენი ამოცანაა, შესაბამისი საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოეწყოს არა მხოლოდ ავტომობილების მძღოლებისთვის, არამედ ქვეითებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებისთვის და გადაადგილების სხვა საშუალებებით მოსარგებლე ადამიანებისთვის. მულტიმოდალური მიდგომა სწორედ ამას გულისხმობს - ქალაქის ინფრასტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს მოძრაობის ყველა მონაწილეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1795590552
მსოფლიო2025 წელს 200 000 ქალი გერმანიაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა
2025 წელს გერმანიაში დაახლოებით 200 000 ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ქალების და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის რაოდენობა პრაქტიკულად ყველა კატეგორიაში გაიზარდა. ამის შესახებ Deutche Welle იუ...
1795589831
ახალი ამბებისამი წლის თაია, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ბარაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, მრ...
1795588758
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო...
1795588552
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინის...
1795587074
მსოფლიოკვლევის მიხედვით, გერმანელთა 53% უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ემხრობა
ჰამბურგში დაფუძნებული „კიორბერის ფონდის“ (Körber Foundation) გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში გამოკითხულთა 53% უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სრულად შეწყვეტას ემხრობა, 46% კი სამხედრო დახმარების გაგრძ...































