პროკურატურა: ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია. განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გამოძიების დეტალებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი მიქაიამ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურამ გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

„ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.

საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, მკვლელობა განიზრახეს. ძმები კაკულიების მამა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი, დავით კაკულია 2001 წლის 25 აგვისტოს ქ.მოსკოვში მოკლეს, რაზედაც კრიმინალურ სამყაროში და ასევე საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთი თითქოსდა გია კვარაცხელია იყო.

გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდვეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.

განზრახ მკვლელობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის გამარტივების მიზნით, დავით და გურამ კაკულიებმა 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც ცნობილი იყო ბესარიონ ჟვანიასთვის, რომელმაც ისინი ილია ჭავჭავაძის გამზ. N78-ში მდებარე მისივე ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დააბინავა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. მათ, ძმებმა კაკულიებმა დანაშაულებრივი მოქმედების დროს მათთან კომუნიკაციისათვის განკუთვნილი „რედმის“ მოდელის მობილური ტელეფონი გადასცეს.

ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ თავის მხრივ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ასევე, დაადგინეს ნიკოლოზ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის მისამართი და ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს.

2021 წლის 14 სექტემბერს გიორგი კავილაძემ და ალეკო ჭელიძემ იქირავეს „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილი და დანაშაულის ჩასადენად მოემზადნენ.

2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე და 20 წუთზე, გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე დაქირავებული „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილით მივიდნენ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და პირად საქმეზე მყოფ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას. ნიკოლოზ კვარაცხელია თავდამსხმელისგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევას შეეცადა, თუმცა ალეკო ჭელიძე დაედევნა მას და კვლავ განაგრძო მისი მიმართულებით სროლა, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. სროლის დასრულების შემდეგ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით. შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა პირებმა ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იგი იმავე დღეს გარდაიცვალა.

დანაშაულებრივი ქმედების შესრულებისთანავე ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მკვლელობის შემკვეთებს, გურამ და დავით კაკულიებს ტელეფონით აცნობეს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ძმებმა რამდენიმე წუთში დატოვეს მათი დროებითი საცხოვრებელი, ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი, ასევე, გიორგი კავილაძე ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბესარიონ ჟვანიას და საუბრის დროს მიანიშნა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ.

საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, (2021 წელს მოქმედი რედაქციით) რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებულები არიან და სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვთ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულები გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ძმებმა კაკულიებმა 2022 წელს არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთი პირი დაჭრეს და აღნიშნულ ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, - აღნიშნა გიორგი მიქაიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771314821

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: USAID-ის დახმარებით არაერთი დაფინანსება მიუღიათ იმ ძალებს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები საქართველოს პოლიტიკაში და რევოლუციების დაფინანსებაში

ვიცით, რომ ამ დაფინანსებაში დიდი წვლილი ჰქონდათ სწორედ იმ ფონდებს, რომლებზედაც საუბრობენ დღეს უკვე ხმამაღლა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგა...

მაკა ბოჭორიშვილი

1771314468

ახალი ამბები

კახა კალაძე ბაჩო ახალაიაზე: ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნ...

კახა კალაძე

1771313665

ახალი ამბები

პროექტის „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“ ფინალში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), ა(ა)იპ დემოკრატიის ახალგაზრდულ აკადემიასთან თანამშრომლობით, წარმა...

სტუდენტური დებატ-კლუბი 2026

1771312426

ახალი ამბები

კახა კალაძე: თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ - ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძის განათების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს არ მიუ...

კახა კალაძე

1771311936

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: მთელი ოთხი წელი უცხოელი აქტორები გვაძალებდნენ სამხედრო კონფრონტაციას რუსეთთან — ახლა რას ეუბნებიან მოსახლეობას, რომ უკრაინა უკეთეს მდგომარეობაშია?

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში "დებატები რუსთავი2"-ზე განაცხადა, რომ 2022 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები პრაგმატული პოლიტიკი...

გურამ მაჭარაშვილი