„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოზე სრულიად უსაფუძვლო თავდასხმებმა იმდენად მასშტაბური ხასიათი შეიძინა, რომ, როგორც ქართველ ხალხთან ანგარიშვალდებული, ასევე, ჩვენ ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობაზე პასუხისმგებელი პოლიტიკური გუნდი, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას დეტალურად განვუმარტოთ ის ფარული პოლიტიკური წიაღსვლები, რაც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ მტრულ კამპანიაში ზედაპირზე არ ჩანს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
„საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ სრულიად უსამართლო დამოკიდებულება უკრაინაში ომის დაწყებას ემთხვევა. აშშ-ს წინა ადმინისტრაცია, თავად ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, ყოფილი ელჩი დეგნანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები გამუდმებით ესხმოდნენ თავს საქართველოს, სრულიად აბსურდულად, ფაქტების გარეშე გვადანაშაულებდნენ რუსეთთან კავშირში და ფურცელზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დარღვევაში, მაშინ, როდესაც საქართველომ ყველაფერი გააკეთა პოლიტიკურად უკრაინის მხარდასაჭერად, შეუერთდა ასობით რეზოლუციას, იყო ომის დანაშაულების გამოძიების საკითხის თანასპონსორი, შეიფარა უკრაინელი ლტოლვილები, დაეხმარა ომში მყოფ ქვეყანას ჰუმანიტარული ტვირთებით და პირნათლად იცავდა სანქციებისგან თავის არიდების სტანდარტებს. ამ უკანასკნელ საკითხზე დასკვნა უშუალოდ ამერიკიდან ჩამოსულმა სანქციების კოორდინატორმა, ბატონმა ო’ბრაიენმა დაწერა და ჩვენ ქვეყანას მადლობაც გადაუხადა.
ამ ფონზე, ჩვენ საჯაროდ გავხსენით დისკუსია და დავსვით რიტორიკული შეკითხვა - მაშ, რა არ გააკეთა საქართველომ ისეთი, რის გამოც გამუდმებული შანტაჟის ქვეშ ვიყავით?! პასუხი ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ქართულმა საზოგადოებამ მალევე თავად გასცა ამ შეკითხვას - ჩვენ არ ჩავერთეთ ომში, არ გავხსენით ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი, რის გამოც გლობალური ომის პარტიის, იგივე „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა მაშინდელმა ადმინისტრაციამ საქართველოს დასჯა გადაწყვიტა. ის ფაქტი, რომ საქართველოსგან საომარ მოქმედებებში ჩართვას ითხოვდნენ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მალევე გასცდა კულუარებს და დახურულ კარს მიღმა მინიშნებებს, როდესაც კონკრეტულმა უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნა პირდაპირ მოსთხოვეს. დანილოვი, პოდოლიაკი, გონჩარენკო და სხვები პირდაპირ საუბრობდნენ ჩვენ ქვეყანაში მეორე ფრონტის აუცილებლობაზე.
გლობალური ომის პარტიის მითითებების და მეორე ფრონტის გახსნის შეუსრულებლობა რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემებს მოიტანდა, ეს თავდაპირველად ბაიდენის ადმინისტრაციის რიტორიკაში პირდაპირ ისმინებოდა, ხოლო შემდეგ ქმედებაზეც გადავიდნენ, დაიწყეს დაუსაბუთებელი სანქციების დაწესება, დემონსტრაციულად, დღემდე გაურკვეველი მიზეზებით გააუქმეს საქართველოსთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და ბოლოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ასევე უსაფუძვლოდ, ფაქტების გარეშე, რუსეთთან კავშირში დაადანაშაულეს და სანქციები დაუწესეს. თავის მხრივ - ამ შანტაჟს და ზეწოლას მარტივი მიზანი ჰქონდა - გლობალურ ომის პარტიას ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით უნდა დაერწმუნებინა ქართველი ხალხი, რომ მთავრობა ასცდა დასავლურ კურსს, ხოლო ამის შემდეგ ისევ ქართველი ხალხის ხელით უნდა მოეყვანათ ქვეყანაში აგენტურული ხელისუფლება, რომელიც, პირდაპირი გაგებით, მეორე დღესვე ჩართავდა ქვეყანას ომში.
საპასუხოდ, ქართულმა საზოგადოებამ ღირსეული ნაბიჯი გადადგა, სრულად გააცნობიერა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა ნგრევას და ომის დამღუპველ შედეგებს გადაარჩინა, რის გამოც 2024 წლის არჩევნებზე ჩვენს პოლიტიკურ გუნდს კიდევ უფრო დიდი ლეგიტიმაცია მიანიჭა. ჩვენი მხრივ, სწორედ ქართულ საზოგადოებასთან არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ღირსეულად გავუმკლავდით არჩევნების შემდგომ გარედან დაფინანსებულ რევოლუციურ პროცესებს, შევინარჩუნეთ ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევებითაც ცხადად დასტურდება.
სამწუხაროდ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღეს ზუსტად ანალოგიური და კიდევ უფრო მძლავრი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გრძელდება. უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ გლობალურ ომის პარტიას სრულ კოორდინაციაში ჰყავს ევროპული ბიუროკრატია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს. მიზანი აქაც იგივეა - როგორმე მოახერხონ და საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირონ, ქართველი ხალხის ხელით, ნებისმიერი მეთოდით ჩამოაშორონ მმართველობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც გლობალურ ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად „არ გამოადგება“, სანაცვლოდ კი მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანონ ქვეყნის სათავეში. ჩვენგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია მზადაა, შეასრულოს გარედან წამოსული ნებისმიერ დავალება, მათ შორის მთავარი - ქვეყნის ომში ჩართვა.
სწორედ ხელისუფლების ცვლილებას და ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება ყველა ის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელსაც გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატია საქართველოს წინააღმდეგ დგამს. მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში - ევროპარლამენტმა მიიღო მეშვიდე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ და რადიკალური ოპოზიციის მხარდასაჭერად; საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი წერილი, რომელშიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებით გვემუქრებიან; ბრიუსელში სამჯერ გაიმართა მსჯელობა საქართველოს საკითხზე, სადაც სანქციების დაწესებას და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაუქმებას განიხილავდნენ; ბოლოს კი, ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი და მთავრობას უყენებს პირობებს, მათ შორის ითხოვს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უვიზო მიმოსვლის გაუქმებით იმუქრება. ლოგიკურად ჩნდება კითხვა - რა საერთო შეიძლება ჰქონდეს გამჭვირვალობის ან ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან? ცხადია, ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ გლობალური ომის პარტიის მიერ კოორდინირებული ევრობიუროკრატია ცდილობს, რაიმე სახის საფუძველი მოუძებნოს მისი ხელით წარმოებულ შანტაჟს და ზეწოლას.
დღეს უკვე აშკარაა, რომ არათუ შესუსტდა საქართველოს მიმართ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მოთხოვნილება, არამედ ის კიდევ უფრო ძლიერდება, ამ მიზნის მისაღწევად კი, როგორც აღვნიშნეთ, გლობალური ომის პარტია ევროკავშირის სტრუქტურებს და ცალკეულ ბიუროკრატებს იყენებს. კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას - საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი იმდენად დიდია, რომ გლობალურმა ომის პარტიამ მთელი ევროპული ბიუროკრატია საქართველოზე თავდასხმის რეჟიმში გადააწყო, ხოლო ბერკეტად უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, მათ ხელში დარჩენილ ბოლო კოზირს განიხილავს. ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მსურველები ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც მოგონილი საფუძვლით გააუქმებენ, საზოგადოებაში ამას იმ დონის მღელვარება მოჰყვება, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობით და ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანით დასრულდება.
რაც შეეხება ომის საფრთხეს - არავითარი ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ეს საფრთხე არსად წასულა. გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის საკითხი თავიდან ბოლომდე ევროპის კისერზე ჩამოკიდოს, რითაც ეცდება ორი კურდღელი დაიჭიროს - ერთდროულად დაანგრიოს ევროპაც და რუსეთიც. ამ გეგმაში კი, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა ზუსტად ისეთივე აქტუალურია, როგორც ეს ომის დაწყების მომენტში იყო. უფრო მეტიც, შესაძლოა ეს საკითხი ახლა კიდევ უფრო პრინციპულია გლობალური ომის პარტიისთვის. დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისათვის. უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, სანქციების დამძიმება რუსეთისთვის, გადამდგარი გენერლების განცხადებები, რომ უახლოეს პერიოდში ისინი ემზადებიან რუსეთთან ომისთვის - ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს გლობალური ომის პარტიის გეგმას, რუსეთ-უკრაინის ომი ევროპის ხარჯზე გაგრძელდეს და გაძლიერდეს, ის პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია ერთი მხრივ ევროპის და მეორე მხრივ რუსეთის დასუსტებასთან, რა თქმა უნდა ეს პროცესები ასეთი შედეგით დასრულდება. ასევე ხაზგასასმელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სამომავლოდ შეიარაღებაზე მშპ-ს 5% დაიხარჯება, რაც ამ ქვეყნების ბიუჯეტის 15%-ს აღემატება. გლობალური ომის პარტიის მიერ ნაკარნახევი ეს ნაბიჯი ევროპულ ქვეყნებს მილიტარისტულ ქვეყნებად აქცევს, რაც ერთი მხრივ კიდევ უფრო ზრდის კონტინენტზე საომარი ესკალაციის საფრთხეებს, ხოლო მეორე მხრივ, სამხედრო ხარჯების გაზრდა კიდევ უფრო დაამძიმებს ევროკავშირის ეკონომიკის მდგომარეობას და სოციალურ ფონს. ამ უმძიმეს პირობებში გვმართებს უკიდურესი სიფრთხილე, რათა საზოგადოება არ დაჰყვეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამოსულ შანტაჟს და პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის.
რაც შეეხება მიმდინარე პროცესებში აშშ-ს როლს - ფაქტია, რომ საქართველოს მიმართ მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება კარდინალურად არის შეცვლილი და შეჩერებულია ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის მხრიდან მომდინარეობდა და რაც ახლა ოფიციალური ბრიუსელის ხელით ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მწვავედ გრძელდება. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ წარმატებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, ასევე ვიტოვებთ გონივრულ ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ბრძოლა არა „დიფ სთეითის“ დამარცხებით, არამედ მისი რებრენდინგით დასრულდეს, რისი მიზანიც აშშ-ს გვერდით გაწევა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომში ევროპის სრული სიმძლავრით ჩათრევა და საბოლოოდ, ევროპისა და რუსეთის ერთდროულად დანგრევა შეიძლება იყოს. ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით, ჯერ კიდევ ძალაში რჩება უსამართლოდ დაწესებული სანქციები, აგრეთვე უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ გულწრფელ სურვილს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეასრულოს მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გაანადგუროს „დიფ სთეითი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, „დიფ სთეითი“, იგივე გლობალური ომის პარტია დაანგრევს არა მხოლოდ ამერიკას, როგორც დონალდ ტრამპმა თავად აღნიშნა, არამედ ევროპასაც“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
1752829465
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: ბეწვის ხიდზე გავდივართ! ევროპელი ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა!
ქართველებო, ბეწვის ხიდზე გავდივართ! საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება! სამშობლოს დავკარგავთ და მერე გვიანი იქნება თავში ხელების რტყმა! ევროპელი კორუმპირებული, ბიუროკრატ...
1752828291
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროპელი ბიუროკრატების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაყენებული ყველა პირობა, პრაქტიკულად, დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან
„ჩვენ ყველა ნაბიჯისთვის მზად ვართ, გარდა იმ ნაბიჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა...
1752826913
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დად...
1752825422
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ომის საფრთხე არსად წასულა, დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისთვის
„რაც შეეხება ომის საფრთხეს - არავითარი ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ეს საფრთხე არსად წასულა. გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის საკითხი თავიდან ბოლომდე ევროპის კისერზ...
1752824886
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გლობალურ ომის პარტიას სრულ კოორდინაციაში ჰყავს ევროპული ბიუროკრატია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს
„სამწუხაროდ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღეს ზუსტად ანალოგიური და კიდევ უფრო მძლავრი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გრძელდება. უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ გლობალურ ო...