საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი - მივეჩვიე, რომ გადმოგცემდით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ, გილოცავთ ხარებას
დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვენ. მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიომ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.
„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ. გილოცავთ ხარებას. როგორც ამ დღესასწაულის ტროპარში არის ნათქვამი, „დღეს ცხოვრებისა ჩვენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, ძე ღვთისა ძედ ქალწულისა იწოდების“. ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, ესმით ეს ადამიანებს თუ – არა, საბოლოო მიზნად აქვს საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება. ეს არის ადამიანის ცხოვრების აზრი, ღვთის სიყვარულის ძალით მადლმოსილება. შეგახსენებთ, წმინდა მამები ერთხმად ამბობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი არის სულიწმიდის მოხვეჭა, რის შედეგადაც ადამიანი მადლით ხდება ღმერთი და აღწევს განღმრთობას. სწორედ ამისთვის მოხდა ძე ღმერთის განკაცება, ეს იყო მიზანი, მაგრამ ისმის კითხვა, იმჟამად, იმ საუკუნეებში ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთი მადლმოსილება, სრული მადლმოსილება ადამიანის? ათასობით წლის განმავლობაში კაცობრიობა ცხოვრობდა ცოდვებში, უწმინდურობაში, წარმართობაში. მართალია, იყვნენ გამორჩეული ადამიანები, მათ შორის წინასწარმეტყველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ მესიის მოსვლის შესახებ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ელოდნენ იმ დედაკაცის გამოჩენას, რომლის თესლიც დათრგუნავდა გველის თავს, ე.ი. ეშმაკს, მაგრამ ის არ ჩანდა და კაცობრიობა განაგრძობდა ცხოვრებას ბოროტების, ცოდვის ტყვეობაში. აი, დადგა დრო, როდესაც ზეციდან ღმერთმა მოავლინა ანგელოზი, რომელმაც აუწყა კაცობრიობას ძე ღმერთის დედამიწაზე მოვლინებისა და ქალწულისგან შობის შესახებ. ქალწულისგან, რომელმაც თვით ღმერთს უნდა მისცეს ადამიანის სხეული, ესე იგი, ამიერიდან შესაძლებელი გახდა ის სრული მადლმოსილება. ეს პირველად განხორციელდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პიროვნებაში. სწორედ ხარებას, ამ დროს მოხდა ეს. ამიტომაც ეს დღესასწაული აღინიშნება, როგორც ჩვენი გამოხსნის დასაბამი, როგორც ტროპარშია ნათქვამი, დასაწყისი ჩვენი გამოხსნის, რომელიც შეიძლება, არც მომხდარიყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თავისუფალი ნებით რომ არ მიეღო ეს, ხარება და თანხმობა არ განეცხადებინა.
ასეთ მადლმოსილ ადამიანს, რომელიც სულიწმინდის ჭურჭელი გახდა, შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რა მძიმე წლები, დღეები ელოდება მას მომავალში, თუნდაც მისი საღვთო ცის ჯვარცმისა და საშინელი სიკვდილის სახით. შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდა. ასევე ყოველგვარ ადამიანურ გონებას აღემატება მამაკაცის გარეშე ჩასახვის და შობის საიდუმლო, რომელიც მას ეუწყა. მას რომ ოდნავ მაინც გაევლო გულში ეს ფიქრები და დაბრკოლებულიყო, ხარება არ შედგებოდა. ის კი როგორი ღვთისადმი მინდობით, სიმდაბლით მიუგებს მთავარანგელოზს, „აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. ეს არის მისი საოცარი სულიერება, სიმდაბლე, უპირველესი თვისება. მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება, გაიხსნას ადამიანის სული სულიწმიდის მადლის მიღებისთვის და ამ სიმდაბლემ გაუხსნა გული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სულიწმიდის მისაღებად. ამ სიმდაბლის წყალობით ღირსი გახდა კაცობრიობა საოცარი ხარების. ამიტომაც, წმინდა ეკლესია გვეუბნება, რომ დღეს ღვთისმშობლის გამო ხარობს ყოველი ქმნილება, როგორც არის ნათქვამი ჩვენს საეკლესიო ლოცვებში, „ანგელოზთა კრებული და კაცთა ნათესავი“ დღეს ხარობს. ძვირფასო დებო და ძმებო, არა მხოლოდ ღვთისმშობლის გული შეიძლება გაიხსნას სიმდაბლის ძალით სულიწმინდის მადლისთვის, არამედ ყოველი ჩვენგანის გულიც. ეს მოიტანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ეს მოიტანა ხარებამ და მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება იშვას ნამდვილი ღვთის სიყვარული, ამ სიყვარულში კი დასაბამს იღებს ნამდვილი სწრაფვა სიკეთისკენ, ჭეშმარიტებისკენ, მშვენიერებისკენ.
ამიტომ, ჩვენ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვენი და მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა მოიხსენიოს, შეიწყალოს და აცხოვნოს აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. მრავალი სიხარული მოგმადლოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა მეუფე შიომ.
1775555985
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები და ჩვენი მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა პარტნი...
1775555924
ახალი ამბებისუსი: მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, იცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი - მისი საჯაროობა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს, იცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი - მის...
1775555202
ახალი ამბებინათია თურნავა - ფასებზე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა დამოკიდებულია შოკის ხანგრძლივობაზე, თუმცა ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზად არის
საქართველოს ცენტრალური ბანკი ბოლო შოკების პერიოდში იმით არის ცნობილი, რომ სხვებზე უფრო სწრაფად რეაგირებს და ეს ასეც გაგრძელდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მ...
1775554740
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არაერ...
1775554686
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქა...































