შალვა პაპუაშვილი ცესკოს თანამშრომლებს: თქვენი ერთადერთი ორიენტირი უნდა იყოს კანონი, თქვენი საქმიანობის ერთადერთი საზომი - ობიექტურობა, ხოლო თქვენი ერთგულების ერთადერთი ადრესატი - საქართველოს სახელმწიფო

„სიმბოლურია, რომ დღეს სწორედ იმ ისტორიულ შენობაში შევიკრიბეთ, სადაც 108 წლის წინ, 1918 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება და აირჩია ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი შემადგენლობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციას განსაკუთრებული ადგილი უკავია სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის.

„სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან სულ რამდენიმე თვეში ქართველმა ხალხმა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა დაიწყო. უკვე მაშინ ესმოდათ, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების საფუძველი ხალხის თავისუფლად გამოხატული ნებაა.

თქვენ სწორედ ამ სახელმწიფოებრივი ტრადიციის გამგრძელებლები ხართ.

საარჩევნო ადმინისტრაციას განსაკუთრებული ადგილი უკავია სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. მართალია, თქვენ არ განსაზღვრავთ ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს, მაგრამ თქვენ ქმნით პირობებს, რომ ეს მომავალი თავად ქართველმა ხალხმა განსაზღვროს. კანონმა სწორედ თქვენ დაგაკისრათ არჩევნების ადმინისტრირებისა და ხალხის მიერ გამოხატული ნების ოფიციალურად ასახვის პასუხისმგებლობა.

ეს არის დიდი პატივი და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა.

გასული წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი პროფესიული და ტექნოლოგიური განვითარების გზა გაიარა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიან დანერგვას.

ამ პროგრესის მიღმა დგას ათასობით ადამიანის შრომა, პროფესიული ცოდნა და გამოცდილება.

ამავდროულად, ბოლო წლების გამოცდილებამ დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის დაცვა. დემოკრატია გულისხმობს არჩევნების შედეგების გასაჩივრების უფლებას. მაგრამ დემოკრატია, ასევე, გულისხმობს პასუხისმგებლობას იმ სიტყვებსა და ბრალდებებზე, რომლებსაც საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის განმტკიცება ან შერყევა შეუძლია.

არჩევნების მიმართ უნდობლობა არ უნდა იქცეს პოლიტიკური ბრძოლის თვითმიზნად. არჩევნების შედეგებით კმაყოფილება თუ უკმაყოფილება მათი კანონიერების საზომი ვერ იქნება.

ეს პრინციპი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში და ვინ - ოპოზიციაში.

მინდა, განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ თქვენ ემსახურებით საქართველოს სახელმწიფოსა და თითოეულ ქართველ ამომრჩეველს. არცერთ პოლიტიკურ ძალას, შიგნით თუ გარეთ, არ აქვს უფლება, თქვენზე ზეწოლით, პოლიტიკური მოთხოვნებითა თუ მოლოდინებით სცადოს თქვენი პროფესიული საქმიანობის წარმართვა.

თქვენი ერთადერთი ორიენტირი უნდა იყოს კანონი, თქვენი საქმიანობის ერთადერთი საზომი - ობიექტურობა, ხოლო თქვენი ერთგულების ერთადერთი ადრესატი - საქართველოს სახელმწიფო. სწორედ ამიტომ, პროფესიული დამოუკიდებლობის განმტკიცებასთან ერთად, მუდმივად უნდა იზრდებოდეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ინფორმირებულობა.

დარწმუნებული ვარ, საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღის დაწესებაც ამ მიზანს მოემსახურება. ის ხელს შეუწყობს თქვენი ინსტიტუციური თვითმყოფადობის განმტკიცებას, პროფესიული ტრადიციების ჩამოყალიბებას და იმ განსაკუთრებული მისიის უკეთ გააზრებას, რომელიც თქვენ გაკისრიათ.

მეტი პროფესიონალიზმი, მეტი მიუკერძოებლობა, მეტი ობიექტურობა და მეტი ერთგულება საკუთარი ქვეყნისადმი - ეს უნდა იყოს თქვენი პროფესიული კრედო.

გისურვებთ, რომ მუდამ ღირსეულად ატარებდეთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჯერ კიდევ 108 წლის წინ იკისრეს საქართველოს პირველი საარჩევნო კომისიის წევრებმა.

საქართველოს პოლიტიკური მომავლის განსაზღვრის უფლება ქართველ ხალხს ეკუთვნის. ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფა კი თქვენი პროფესიული და სახელმწიფოებრივი მისიაა.

მადლობას გიხდით საქართველოს სამსახურისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795680447

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ბოლო დროს ევროპელი პარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ემსგავსებიან სხვის გადახდილზე მოცეკვავე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი კი არა, აინტერესებთ, ვინ რა დაფინანსებას მისცემთ

„ბოლო დროს ევროპელი პარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ემსგავსებიან სხვის გადახდილზე მოცეკვავე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი კი არა, აინტერესებთ, ვინ რა დაფინანსებას მისცემთ“, -...

ნინო წილოსანი

1795678724

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკ...

მარიამ ქვრივიშვილი

1795677628

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნ...

მარიამ ქვრივიშვილი

1795674925

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

დაკავება - დაკავება

1795674461

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას - მათ შორის არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება

„ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტების გამო, დღეს აღარავის აინტერესებს, რას ჩაწერს ევროპარლამენტი თავის მორიგ რეზოლუციაში“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა,...

გურამ მაჭარაშვილი