"ის გარდაცვლილი ემიგრანტები გამახსენდა ამ კვირაში სამშობლოში რომ ჩაასვენებენ, მერე ის ემიგრანტი გოგონა ორი დღეა რომ ეძებენ..." - ემიგრანტი ჟურნალისტის ხათუნა შარაძის ემოციური წერილი
ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, სააგენტო „exclusivetv.ge“ დირექტორი, ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„დილით მარიამი სკოლაში წავიყვანე. ციოდა. ძილიდან გამოყოლილი სიზმარი ამეკვიატა, ოქროს საყურე ვიპოვე. წუხელ რამდენიმე ფანტელიც წამოყარა. აქ ძირითადად სულ მზეა. ოთხ წელიწადში თოვლი ერთხელ ვნახე.
ახალმოშენე ემიგრანტი ვიყავი. თოვლი არც კი მენატრებოდა. არც საკუთარი თავი მენატრებოდა იმ დროს და არც არავინ. ახლაც დროდადრო მორიგეობით მენატრებიან ხან ადამიანები ხანაც ადგილები.
ვერაფრით ავიყოლიე საკუთარი თავი კარგი ფიქრები მომედენა, მომეხმო. წუხელ ცუდი ამბების ქარცეცხლში დავიძინე. ყრუ-მუნჯი ბიჭი სცემეს. უხმოდ გმინავდა. ვიცი როგორია უხმოდ ღმული, მაგის მეტი რა მიკეთებია, როცა საკუთარი იდენტობა და მსოფლმხედველობა წვრილმანი უარყოფებითა და სიგარეტის მოწევის ჩვევამდე დაპატარავებული მითითებებით სხვის ჭკუაზე უნდა აკეთო.
როცა სამყაროში, ტერფის ცერა თითით ბალანსის პოვნას ცდილობ და ამ მილიონობით კვადრატულ მეტრში შენი ცერა თითის ოდენა ადგილიც კი ატასნაირი ომით გაქვს მოსაპოვებელი, მაგ დროს ვიცი ღმული, უხმო, გაყინული, მეტასტაზებს, რომ ელვის სისწრაფით ჩეკავენ და მერე ყელში გებჯინებიან....
მერე ის გარდაცვლილი ემიგრანტები გამახსენდა ამ კვირაში სამშობლოში, რომ ჩაასვენებენ, მერე ის ემიგრანტი გოგონა ორი დღეა, რომ ეძებენ, მერე ის საშინელი ჭორები, რომელსაც ემიგრანტები ერთმანეთს უყვებიან ბოროტი სულებით სავსე ქალაქში, რომ ჩასახლდნენ.
ვერაფერი მოვიგონე ამ დილით გასახარელი.
სამი წელია რაც ერთი და იგივე გზას გავდივართ მე და ჩემი გოგონა სახლიდან სკოლამდე. ხან მე მიმაქვს მისი ზურგჩანთა და ხან მას, გააჩნია დღეებს. ზოგჯერ მძიმე წიგნების დღეა. ამ წიგნებს როგორც ნოეს კიდობანს, ისე შევყურებ, ვიცი, რომ ჩემი გოგონას მომავალს გადაარჩენს!
ალბათ, თქვენც ჩემსავით გღლიან ზოგჯერ ადამიანები. ადამიანები, რომელთაც ელოდებით. ადამიანები, რომელთაგანაც ამბებს ელოდებით და ადამიანები, რომელთაგან მომლოდინე ამბებზეა შემდგარი, თქვენი მომავლის ცერა თითი. პატარა ამბები, რომელიც შემდეგ შენ ცხოვრებად უნდა გადააქციო.
და რადგან დღეს საკუთარ თავს ვერაფრით დავეხმარე, ერთი ამბის გახსენება დავიწყე. იმ გზაზე, რომელზეც მე და ჩემი გოგონა დავდივართ ერთხელ სულ ტირილით ვიარე. დღისით, მზისით, ყველასა დასანახად მივდიოდი და ვტიროდი, ისე გემრიელად ისე გულმოდგინედ და ისე ურცხვად, რომ აქამდე დედამიწაზე გარდაცვლილი ყველა ადამიანის გამოტირებას ეყოფოდა.
იტალიის მიწაზე ახალმოშენე ნული ვიყავი. სიტყვა ემიგრანტი უკვე ზიზღს მგვრის, ამიტომ ახალი სიტყვა მოვძებნე, ემიგრანტის სინონიმი - ახალმოშენე. მარიამი სკოლაში შევიდა. გახანგრძლივებულ კლასში შევიყვანე. 8:00-საათიდან 16:00-საათამდე კლასში უნდა ყოფილიყო. სამი თვე ვატარე იმ კლასში. სამი თვე 8:00-საათიდან 16:00-საათამდე ჯოჯოხეთში ჩავდიოდი, ვიწვოდი, სხეულიდან ხორცს ვიგლეჯდი და მერე ამ რაღაცნაირ ხორცებს, ისევ ტანზე ვიკრავდი და ასე აწყობილი მივდიოდი შვილის სკოლიდან მოსაკითხად.
რას აღარ წარმოვიდგენდი. როგორ უჭირდა, როგორ ვერ ახერხებდა კონტაქტს, როგორ უცემდა პატარა გული, როგორ უბრაზდებოდა მშობლებს, როგორ ვერავის აჯერებდა, რომ ისიც ბავშვია და დედამიწაზე მისი ადგილიც იყო. ლოგიკური მიზეზების გამო კლასის შეცვლა გადავწყვიტე. აქ, მეორე ჯოჯოხეთი დაიყო, რომელიც სმენას იცვლიდა და 16:00-საათიდან დაძინებამდე სრულდებოდა.
შევედი სკოლის დირექტორთან. ხელებით, ფეხებით, თვალებით, მუდარით და იმ გუშინდელი ყრუ-მუნჯი ბავშვის გმინვასავით ხავილით, უხმო ვედრებით ვთხოვე, რომ კლასის შეცვლა მინდა. დირექტორი მიხსნის, რომ არ შეიძლება. მე ამ დროს ვზივარ სხვა ადამიანის სხეულში და ვხდები რომ არც საკუთარი თავი ვარ, არც ეს ხელებია ჩემი და არც ეს ხმა, არც ეს სკამი და არც ეს სული, რომელიც მის წინ ზის და შიგნიდან ტირის. სიმართლე გითხრათ აღარ მახსოვს, რამ მოიტანა და რატომ ვთქვი, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. ალბათ ჩემი, მის მიწაზე სამოწყალოდ ცხოვრების გამართლება მომინდა.
აბა ჩემს ქართველ იესოს ხომ ვერ დავაბრალებდი, რომ მაწანწალად გადავიქეცით ან იერარქიულად, ჩემს ქვეყანაში ღმერთად ქცეულ კერპებს ხომ არ დავაბრალებდი ან ჩემს ზოდიაქოს, რომელმაც ასტროლოგიურ ნიშნად მორიელი მომივლინა, არწივის სიმბოლოდ და უმაღლესი განვითარების მიღწევის შემთხვევაში, მტრედის მშვიდობისმყოფელების ნობელიანტობას გამოკრავ ხელს. რადგან ვერავის ვერაფერი დავაბრალე, ყველაზე მღვრიე ამბავი ამოვალაგე დირექტორის მაგიდაზე.
წამოვედი ფარ-ხმალ დაყრილი და იმ მუნჯი ბიჭივით, გუშინ რომ გამეტებით ულაწუნებდნენ სახესა და ტანზე და მეც იმ ბიჭივით ვღმუოდი... ვტიროდი და დედამიწის მიცვალებულებს ეყოფოდა ჩემი ცრემლები.
ქვაფენიალიან აღმართზე მივდიოდი და ვფიქრობდი, აი ახლა, რომ ჩემს სამშობლოში ვიყო და ჩემს ენაზე შემეძლოს ჩემი სატკივრის მოყოლა ხომ შემისმენდა ღმერთიც და ადამიანებიც, ხომ იქნებოდა ჩემი გოგონა ბედნიერი და კისკისა, ხომ შევძლებდი ასეთი უმარტივესი სურვილის მოგვარებას და ჩემს მარიამს ცხოვრებას თუ ვერა კლასს, ხომ მაინც შევუცვლიდი, იმიტომ რომ მე იქ მიცნობენ...
ტელეფონზე ზარი შემოვიდა. ეს ცალკე, ჯოჯოხეთის ფილიალის ტოლფასი იყო. როცა მირეკავდნენ და მე ისევ იმ მუნჯი ბავშვივით ვხაოდი ტელეფონში, რადგან სიტყვები არ ვიცოდი, სიტყვები, რომელიც უნდა მცოდნოდა.
სკოლის დირექტორი იყო... „კანონს გადავხედე და შემიძლია თქვენი შვილი სხვა კლასში გადავიყვანოო. მე შევდივარ თქვენს მდგომარეობაში. მე ადამიანი ვარ...“ და დანარჩენი ვეღარ მივხვდი, მაგრამ რაც მივხვდი იყო, რომ ტირილი შევწყვიტე, ბორდიურზე ჩამოვჯექი და ვიგრძენი თუ როგორ მომენტალურად შემიყვარდა დირექტორი და მითების სამშობლოში, მის მიწაზე დაბადებული ლეგენდების თანახმად მე, არავინმა, ნახევრად ღმერთის წოდება ვუბოძე.
მე ვიცი, რას ნიშნავს იყო ყრუ-მუნჯი!
პ.ს. აქ ბევრი შეცდომები იქნება. ახლა ამის შესწორების ძალა არ მაქვს. მოგვიანებით მოვუბრუნდები და ყველა გრამატიკულ შეცდომას ჩავასწორებ.“, - წერს ხათუნა შარაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































