რა ხდება იტალიურ სკოლაში? - იქნებ, დავძლიოთ ამპარტავნება და სხვის კარგ მაგალითზე რაღაც მაინც ვისწავლოთ - ემიგრანტი ჟურნალისტი
იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე ევროპის ქვეყნების სკოლებზე, ქართველი ემიგრანტების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს და აგდებულ დამოკიდებულებას "კვირის პალიტრის" საიტზე გამოქვეყნებული სტატიით ეხმაურება:
"სტატია წავიკითხე, რომელშიც გერმანიის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში მომუშავე ქართველი ჰყვება იქაური განათლების სისტემის შესახებ. ჩამოვუყევი კომენტარებს და ისეთი ამბავი ხდება, ისე ჰყავთ "აღზრდილ-განათლებულ" ქართველებს მიწასთან გასწორებული ის გოგოც და განსაკუთრებით გერმანიის განათლების სისტემა, სურვილი გამიჩნდა იტალიურ სკოლაზე დამეწერა.
პრობლემის მოგვარება, პრობლემის აღიარებით იწყება. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს განათლების სისტემა არის ცუდი და სკოლებში ხდება კატასტროფა. საიდანღაც მაინც უნდა დავიწყოთ ვითარების გამოსწორება, თორემ ისევ ისეთი არასწორი აზროვნების თაობას გავზრდით, რა ხალხიც ზემონახსენები სტატიის კომენტარებში ვნახე.
ჩემი შვილი, იტალიის ერთ-ერთი სკოლის მაღალ (სრული საშუალო) კლასში სწავლობს და მშობლის პოზიციიდან გეტყვით, რა ხდება იტალიურ სკოლაში ...
სწავლა იწყება 8 საათზე და დღეში აქვთ 4/5/6 გაკვეთილი, იმის მიხედვით, სწავლობენ თუ არა შაბათს. ამას კი, წლის დასაწყისში, მოსწავლე თავად ირჩევს.
სკოლა არის 13-წლიანი. 5 წელი - დაწყებითები, 3 წელი - არასრული საშუალო (სავალდებულო), 5 წელი - სრული საშუალო (არასავალდებულო და პროფილური).
როგორც კი დაირეკება ზარი, სკოლის კარი იკეტება და იქიდან ბავშვი სწავლის პროცესის დამთავრებამდე, ნაბიჯს ვერ გადადგამს გარეთ, თუ მშობელმა არ მიაკითხა ადრე წასაყვანად. ბავშვი, სკოლიდან დროზე ადრე შეუძლიათ წაიყვანონ მხოლოდ მშობლებმა, ან სრულწლოვანმა გარეშე პირმა, თუ მას აქვს მშობლის წერილობითი მინდობილობა. მინდობილობასთან ერთად, მიმღებში ამ პირმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
სკოლას აქვს საკუთარი აპლიკაცია, სადაც ავტომატურ რეჟიმში და რეალურ დროში მომდის ინფორმაცია ჩემს შვილზე, თუ რა გაკვეთილები აქვს იმ დღეს, მომდის შეტყობინება 5-წუთიანი დაგვიანების შემთხვევაშიც კი, საუბარი აღარ მაქვს გაცდენაზე. ამავე აპლიკაციით ჩემს შვილზე ადრე ვიგებ, რა ნიშანი მიიღო ამა თუ იმ საგანში. იგივე აპლიკაციით შემიძლია შეხვედრა დავნიშნო ნებისმიერ მასწავლებელთან.
თითო მასწავლებელს გამოყოფილი აქვს კვირაში ერთი დღე მშობლებთან შესახვედრად და ამისთვის იყენებენ ე.წ. ფანჯარას. ამასთანავე, კლასის დამრიგებელი, მუდმივად კონტაქტზეა მშობლებთანაც და ბავშვებთანაც. უცხოელი ბავშვებისთვის არის იტალიური ენის შემსწავლელი უფასო კურსები. სკოლა ორგანიზებას უკეთებს ასევე უფასო მოსამზადებელ კურსებს ბავშვებისთვის, რომლებიც იმ სემესტრში რაიმე კონკრეტულ საგანში ჩამორჩნენ. თუ ვინმეს საშემოდგომო გამოჰყვა და ეს, არც თუ ისე იშვიათად ხდება, რადგან სწავლა მართლა რთულია და თან მასწავლებლები ნიშანს არავის ჩუქნიან, ასევე სკოლა ზრუნავს იმაზე, რომ მოსწავლეს ის საგანი დააძლევინოს და საშემოდგომოს გამოცდისთვის ამზადებს.
კლასს ჰყავს ორი წარმომადგენელი (თანაკლასელი), რომლებსაც თავად ბავშვები ირჩევენ და რომლებიც რაიმე პრობლემის ან ინიციატივის შემთხვევაში, მთელი კლასის აზრს წარადგენს დამრიგებელთან, დირექტორთან და ა.შ. ასევე მშობლები ვირჩევთ ორ წარმომადგენელს. გვაქვს საერთო ჩატი, სადაც განვიხილავთ პრობლემებს ან ერთმანეთს ვაწვდით ინფორმაციას, რომ ვინმეს რაიმე არ გამორჩეს. ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენი ხმაა სკოლაში. სკოლა, ყოველ წელს, ირჩევს ორ მოსწავლეს, რომელიც დირექციასთან ერთად არიან წარმომადგენლები ქალაქის კომუნაში, განათლების სამინისტროში და ა.შ.
სკოლაში ფუნქციონირებს ფსიქოლოგის უფასო მომსახურება მოსწავლისთვისაც და მშობლებისთვისაც. ფსიქოლოგთან შეხვედრაც აპლიკაციის საშუალებით ან პირადად შეგიძლია დანიშნო. მოსწავლეებს აქვთ დღიური, დაახლოებით ისეთი, კომუნისტების დროს რომ იყო, რომელშიც ჩაკრულია მოსწავლის ფოტო და არის მშობლის ხელმოწერა. დღიურში სხვა ინფორმაციასთან ერთად, იწერება ნებისმიერ გაცდენაზე ან დაგვიანებაზე დასტური მშობლის ხელმოწერით.
რელიგია არის არჩევითი საგანი. წელიწადში ერთხელ, სკოლა (და არა მშობლები) ორგანიზებას უკეთებს ექსკურსიას, რომელსაც მიყვება ორი მასწავლებელი და არცერთი მშობელი. დამამთავრებელი კლასები ექსკურსიაზე ევროპის სხვა რომელიმე ქვეყანაში მიჰყავთ 3/4 დღით. ორგანიზება უკეთდება ასევე თეატრებში სპექტაკლებზე დასწრებას. ერთ-ერთი სპექტაკლი იყო ინგლისურ ენაზე, ბავშვებში უცხო ენის ცოდნის გამყარების მიზნით. პერიოდულად ტარდება ოლიმპიადები სხვადასხვა საგნებში და სკოლა მსურველებს თავად ამზადებს ოლიმპიადისთვის. სპორტის გაკვეთილი ყოველთვის სკოლის დარბაზში არ ტარდება. მასწავლებელს ბავშვები სპორტულ ცენტრში ან ყინულზე სასრიალოდ მიჰყავს. თუ მოხდა ისე, რომ გაკვეთილი ცდება და ეს ძალიან იშვიათად ხდება, ბავშვებს კლასში მარტო არ ტოვებენ და შედის ასისტენტი, რიგ შემთხვევაში, აყურებინებენ შემეცნებით/დოკუმენტურ ფილმს. წელიწადში ერთხელ სკოლაში ტარდება რამდენიმედღიანი ფორუმი, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საკუთარი თავი და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში იქნება ეს სპორტი, ხელოვნება თუ შემეცნებითი აქტივობები.
სკოლაში პერიოდულად ტარდება შემეცნებითი გაკვეთილები ბულინგის, დისკრიმინაციისა და სხვა პრობლემური თემების შესახებ. ამისთვის სკოლაში სპეციალურად მიდიან სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თუ დამრიგებელი ხედავს, რომ ბავშვებს შორის არის დაძაბულობა, იწყებს პრობლემის გარკვევას და ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას. ბავშვების პირდაპირი დაკითხვის გარეშე, რა თქმა უნდა. და ეს, ყველაფერი არ არის...
თანაც მე მაღალ კლასებზე მქონდა აქცენტი, ანუ 14-18 წლის მოზარდებზე, დაწყებით და არასრულ საშუალო სკოლებში, ეს ყველაფერი, კიდევ უფრო მყარად და თამაშის კონტექსტში ხდება.
P.S. ძალიან ხშირად გამიგია, როგორ დასცინიან იტალიაში მცხოვრები ქართველები, იტალიური განათლების სისტემას და როგორ მოიხსენიებენ აქაურებს "დებილებად". მინდა ხოლმე პასუხი გავცე, მაგრამ ვხვდები, რომ აზრი არ აქვს, სამწუხაროდ. როგორ უნდა ეძახო "დებილები" ადამიანებს, რომელთა საშუალებითაც თავი გადაირჩინე და რომელ ერსაც უამრავ სფეროში წამყვანი სპეციალისტები ჰყავს. ესეც განათლების ნაკლებობის მანიშნებელი მგონია.
P.P.S. მე არ ვამბობ, რომ იტალიის განათლების სისტემა არის იდეალური, მისი დახვეწაც შეიძლება, რა თქმა უნდა და ზუსტად ვიცი, რომ ჩემს დაწერილსაც მოჰყვება კრიტიკა, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქმა სჯობს. იქნებ, დავძლიოთ ამპარტავნება, ვეცადოთ, სხვის კარგ მაგალითზე რაღაც მაინც ვისწავლოთ."
წყარო: კვირის პალიტრა
1784310128
ახალი ამბებითინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვი...
1784309067
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“- ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ, დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს...
1784306764
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება, იმდენად არასერიოზული დაჯგუფებაა, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებენ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით საქართველოში არეულობის შემოტანას
„ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება, რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. თავდაც...
1784305416
მსოფლიომექსიკის სამხრეთ სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადდა ცუნამის გაფრთხილება
მექსიკის სამხრეთ შტატ ჩიაპასის სანაპიროსთან ახლოს 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. როგორც მედია წერს, ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ გვატემალასა და ელ-სალვადორშიც, სა...
1784304531
ახალი ამბებისაქართველოს მთავრობა თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობა თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს უხეშად მანიპულაციური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით...






























