დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ცუდი არ იქნებოდა, შემენარჩუნებინა საყვარელი საქმიანობა - საყვარელ სკოლაში და ის საცოდავი 500 თუ 400 ლარიანი ხელფასიც

დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელსაც მღვდელმოქმედება აუკრძალეს სოციალურ ქსელ ფეისბუკში ვრცელ სტატუსს ავრცელებს:

"კვლავ ჭორები და დეზინფორმაციები, ეპარქიული საკითხები, რომელზედაც საჯაროდ არასოდეს მისაუბრია, ისევ და ისევ ქრისტიანული თავშეკავების გავლენით, პირადულის დათმობის და ძველი ურთიერთობების პატივისცემის გამო, მაგრამ ჩანს სიჩუმე ხელს უწყობს ბოროტებას და სიცრუეს, რომელიც ისევ საეკლესიო წრეებიდან გაედინება ხალხში და შემდეგ ეს არასწორი და დეზინფორმაციული "ინფო" სუსის გავრცელებულ ერთ-ერთ ფაილშიც კი აისახა, სადაც წერია ჩემზე, რომ თითქოს ბოლნისის და მარნეულის ეპარქიებიდან დაუმორჩილებელი ხასიათის გამო "ადგილობრივმა მღვდელმთავრებმა დაატოვებინეს ეპარქია".

ეს ფრაზა ნაწილობრივ შეიძლება მარნეულზე ითქვას, სადაც სერიოზული კონფლიქტი მომივიდა ეპისკოპოსთან და საკუთარი კატეგორიული მოთხოვნით დავტოვე ეპარქია, თუმცა ისიც კი მზად იყო დაევიწყებინა ჩვენი კონფლიქტი თუ "შენდობას ვთხოვდი" და უკან დავიხევდი, 3-დღიანი ვადა მომცა მოსაფიქრებლად (პარასკევს, 14 ოქტომბერს უმწვავესად ვიკამათეთ ფინანსური საკითხის გამო, იმ თვეებში ეპარქიას მუნიციპალიტეტიდან დაერიცხა წლიური დოტაცია (როგორც მახსოვს 200 000 ლარი) და ვთხოვე ფინანსური დახმარება 500 ლარი ბინის ორი თვის ვერ გადახდილი ქირისთვის, რაზედაც უხეში უარი მივიღე ეპისკოპოსგან, ამას მოჰყვა ჩემი მწვავე შეპასუხება, რომ ეპარქიის ფული მარტო მისი საკუთრება და განსაკარგავი არ იყო, რომ მღვდლებსაც ეკუთვნით იქიდან წილი და უნდა ხარჯოს გამჭვირვალედ, ჩვენთან შეთანხმებით და არა ერთპიროვნულად, როგორც საკუთარი ჯიბის ფული, რომ ეპარქიის ნაწილი ვარ მეც და ეპარქია მარტო თავად არაა, ეს ფული კი ეპარქიისა და არა მისი პირადი.

კამათი იყო ხმამაღალი და ემოციური, რისთვისაც გამომიცხადა იქვე, რომ ჯვარს მხსნიდა, ანუ მღვდელმოქმედების უფლებას მიჩერება.

საღამოს დაჩქარებული წესით შეჰყარა ეპარქიის კრება, სადაც მოითხოვდა ჩემგან შენანებას და დავივიწყებ ამ დღევანდელ უსიამოვნებას და ძველებურად გავაგრძელოთ ერთად მსახურებაო, სინანულისა და შენდობისათვის ორშაბათამდე გაცდიო, რაზედაც კატეგორიული უარი ვუთხარი და მოვთხოვე ეპარქიიდან განთავისუფლების დოკუმენტი, ანუ კანონიკური განტევების სიგელი, რომ მასთან არასდიდებით აღარ დავრჩებოდი, რადგან მიმაჩნდა უსამართლოდ და თავად ვიყავი შეურაცხყოფილი.

ძალიან კარგად, მეგობრულ-კოლეგიალურად დავიწყეთ თანამშრომლობა და აი ასე, ძალიან ცუდად დავასრულეთ, მიზეზებს უფრო დეტალურად მერე მოვყვები.

ძალიან მტკივნეული იყო ეს დაშორება განსაკუთრებით მრევლისთვის, მუნიციპალიტეტის ჩინოსნებისთვის, კლიროსის ნაწილისთვის.

მახსოვს ერთი პატიოსანი მღვდელი, ჩემს ხელში ნაკურთხ ფეხ-ადგმული მუხლებში ჩამივარდა და მეხვეწებოდა უკან დამეხია, შევრიგებოდი ეპისკოპოსს მრევლის და ეპარქიის ინტერესებისათვის, მაგრამ გავჯიუტდი.

საერთოდ არ ვნანობ, მიმაჩნია, რომ ძალიან საჭირო და სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მიუხედავად იმისა რომ ამ 1 -დღიანმა კონფლიქტმა და დაშორებამ სულში დიდი ტკივილი გამოაჩინა, თითქოს გულის და სულის ნაწილი მოვიგლიჯე, იმდენად ვიყავი მარნეულის მრევლთან და გარემოსთან იმ ორ წელში შეთვისებულ-შესისხლხორცებული.

მიკვირს იმ ორ წელში ასე როგორ მივეჩვიეთ ერთმანეთს, თითქოს ის ორი წელი ათი წელი იყო.

ანალოგიური ურთიერთობა მქონდა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მაღალჩინოსნებთან, რომ გაიგეს რომ წამოსვლის მიზეზი ფინანსური გაჭირვება იყო (ბინის ქირის ვერ გადახდა ორი თვე), გამგეობაში თანამშრომლებმა ააგროვეს თანხა საკუთარი ჯიბიდან და გამომიგზავნეს.

დამირეკა გამგებელმა და მისმა მოადგილემ, მეხვეწნენ დარჩენას, აქაურობას ძალიან სჭირდებიო, მხოლოდ შენი დიპლომატიურობა და სოლიდარული ხასიათი სჭირდება ამ მრავალეთნიკურ და სპეციფიკურ რელიგიურ გარემოსო და თანადგომას მპირდებოდნენ, არ ვიცოდით და ვერც წარმოგვედგინა თუ გიჭირდათო, ეპარქიას ხომ ვურიცხავთ საკმაო თანხებს და გვეგონა თქვენამდეც მოდიოდაო.

მაგრამ ვუპასუხე, რომ ამ ეპისკოპოსთან მსახურებას ვერასდიდებით ვეღარ გავაგრძელებდი. ასე ტკივილიანად დავშორდი მარნეულის ეპარქიას 2016 წლის ოქტომბერში.

აი, ბოლნისის ეპარქიასთან მართებით ამის თქმა, რაც სუსის იმ დოსიეში წერია, მტკნარი სისულელე და ტყუილია, რადგან მეუფე ეფრემთან არათუ არანაირი კონფლიქტი არ მომსვლია არასოდეს, არამედ არც კი უფიქრია ჩემი გამოშვება და გული დაწყდა ძალიან, რომ მივატოვე მისი ეპარქია.

და როდესაც მარნეულში დავინიშნე, მთხოვა, ახლოს ხარ და ჩვენ სკოლაში დაბრუნდი, ნუ მიგვატოვებ, გაუძეხი ძველებურად შენ საქმესო.

რაზედაც კუშტი უარი ვუთხარი, ორ ეპარქიაში ერთდროულად ვერ ვიქნებითქო.

რასაც ვნანობ ახლა, ცუდი არ იქნებოდა შემენარჩუნებინა საყვარელი საქმიანობა საყვარელ სკოლაში და ის საცოდავი 500 (უფრო ადრე 400) ლარიანი ხელფასიც.

რას ვიზამ, იმ წუთს ვერ გავთვალე, რომ ეს შეთანხმება ჩემი მწირი ჯიბისთვის სასარგებლო იქნებოდა, რაც მერე სანანებელი გამიხდა.

რაღაცნაირად, არც ის მიფიქრია, რომ ფინანსურად გამიჭირდებოდა მარნეულში, არც ის რომ მაკურთხებელი ეპისკოპოსის ეფრემის თხოვნა-სურვილი გამეთვალისწინება.

ეს მართლაც ახალგაზრდული ჯიბრის, ჟინიანობის, თავდაჯერებულობის გამო მომივიდა, რის საფუძვლადაც ის კანონიკური ნორმა მოვიყვანე, რომელიც ორ ეპარქიაში მღვდლის მსახურებას კრძალავს.

მაგრამ ჩვენს ეკლესიაში საეკლესიო სამართალს არავინ იცავს და რაღა მე უნდა დამეცვა პედანტური სიზუსტით?!

თან ვიფიქრე, რომ იმ ეპარქიის არაფერი აღარ მჭირდებოდა, სადაც სათანადოდ ვერ შემიწყო ხელი ეპისკოპოსმა, თორემ საერთოდაც ხომ არც დავტოვებდი მის ეპარქიას და საფიქრალი არ გამიჩნდებოდა ახალი ადგილის მოძებნა.

ისიც ვიფიქრე, ახალ ეპისკოპოსს არ მოეწონება ძველთანაც რომ შევინარჩუნო რაღაც სამსახურებრივი კავშირი და ვალდებულებები და არ ვაწყენინო, ბოლომდე ავიბარგები ყოფილი ეპარქიიდანო.

თან რჯულის კანონის ეს ნორმა მიტრიალებდა თავში და ასეთი მოშურნეობით ვტკიცე უარი საყვარელ მეუფე ეფრემს.

ძალიან მიყვარს, ძალიან ვაფასებ, მაგრამ გარკვეული უკმაყოფილება, და ვფიქრობ საფუძვლიანი, მაქვს, როგორც ადმინისტრატორის (არასწორი საკადრო პოლიტიკა - სასულიერო განათლების არმქონეთა მასობრივი ხელდასხმები სადიაკვნო და სამღვდელო ხარისხებში, მათ შორის რამდენიმე ფანატიკოსი მმკელის) და ფინანსების ხარჯვის მიზნობრიობა.

მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საეპარქიო თანხები სათანადოდ არ ნაწილდებოდა არც მასთან, ძირითადად იხარჯებოდა საეკლესიო მშენებლობებზე, მაშინ როცა მღვდლები ზოგი კიდეც შიმშილობდა ლამის და დახეულ - ჩამოძონძილი დადიოდა.

ჯერ მღვდლის უზრუნველყოფაზე უნდა იფიქროს ეპისკოპოსმა, რომ მათხოვრად და მძარცველად არ იქცეს, რომ მუდმივი სიდუხჭირისაგან გული არ აუცრუვდეს საქმეზე და მშვიდად იშრომოს სამრევლოში და მერე ქვის ტაძრების მშენებლობა - გამშვენებაზე.

დღეს მდიდარი საპატრიარქოს, ეპისკოპოსების და დიდი ქალაქების გაზულუქებული მღვდლების შემხედვარე საზოგადოებამ უმეტესად არ იცის რა გაჭირვებაშია სოფლის და პატარა დაბა-ქალაქების სამღვდელოების 90 პროცენტი. ზოგსაც კი სულაც ჰგონია რომ საპატრიარქო თავის მილიონებს მღვდლებს უნაწილებს.

ნუ, რას ვიზამთ, ხალხის დიდმა ნაწილმა არ იცის, რა ხდება ეკლესიის შიგნით.

ბოლნისის საეპარქიო სკოლა-გიმნაზიასთან ერთად დავტოვე ქ. ბოლნისის სასაფლაოს პატარა ეკლესიის დაახლოებით ათკაციანი საბრალო მრევლი, ძირითადად შვილმკვდარი და ქვრივი ქალბატონები, მე ხომ მათთვის ყოველ შაბათს მიცვალებულთა წირვას აღვასრულებდი და მათ დიდ მწუხარებას და ტკივილს ვანუგეშებდი დიდი მონდომებით (როგორც ახალნაკურთხ ენთუზიასტ მღვდლებს სჩვევიათ ხოლმე).

ძალიან დასწყდათ გული მათაც და სკოლის პედკოლექტივსაც, ბევრ მშობელს და ბავშვებსაც, ზოგ ზარმაც და ანც ბავშვებს კი ალბათ კიდევაც გაუხარდა, მე ხომ საკმაოდ მომთხოვნი და დისციპლინის მოყვარე მასწავლებელი და სკოლის მოძღვარი ვიყავი.

სკოლის მასწავლებელი ოთხი წელი ვიყავი, რვა თვე მღვდელმთავრის მთავარდიაკონი და ორი წელი მღვდელი ბოლნისის ეპარქიაში 2010-2014 წლებში.

ბოლნისის ეპარქიიდან წამოვედი 2014 წლის სექტემბერში, საკუთარი სურვილით და თხოვნის საფუძველზე, მეუფე ეფრემის სურვილის საწინააღმდეგოდ, რადგან ძალიან კმაყოფილი იყო ჩემი ოთხწლიანი შრომით ეპარქიის სკოლა-გიმნაზიაში და სულაც არ უნდოდა ჩემი დაკარგვა.

როცა ვუთხარი განთავისუფლების შესახებ ჩემი სურვილი, კაცი მომენტალურად გაწითლდა განერვიულებისაგან და წამოიძახა: სკოლას ვის უტოვებ? რა ვქნა ვისით შეგცვალო, არავინ მყავს ალტერნატივაო.

რაზედაც მე შევთავაზე მისი დიაკონის კანდიდატურა და დამთანხმდა.

ზოგადად მეუფე ეფრემი იყო და არის უკიდურესად კულტურული, კეთილშობილი და ღვთისმოსავი პიროვნება, სასულიერო სასწავლებელში არ უსწავლია, რაც ნაკლია მისთვის, მაგრამ უყვარს ღვთისმსახურება, კარგად იცის ტიპიკონი და წმინდა წერილი, პატივს სცემს ადამიანის ნებას, არაა მოძალადე დიქტატორი, შესაბამისად დამთანხმდა და მითხრა, რომ თუ სასურველ ეპარქიაში გადავიდოდი, მომცემდა განტევების სიგელს.

წამოსვლის სურვილი კი განპირობებული იყო მწირი შემოსავლით ეპარქიაში, რაც ელემენტარულად არანაირად არ ეყოფოდა ჩემს ოჯახს, მქონდა სკოლიდან მასწავლებლობის გამო 500 ლარი, ტაძრიდან კი თითქმის არაფერი, თვეში ასი ლარი თუ მომიგროვდებოდა, მიხაროდა.

შემოსავლის აბსოლუტური უმრავლესობა წინამძღვრის იყო, მე დამხმარე მღვდელი ვიყავი.

დამეთანხმებით, 500 ლარით ოჯახის რჩენა რთულზე რთულია.

ეპარქიის სამღვდელოება მუდმივად ჩიოდა მწირ შემოსავლებზე, რომ უჭირდათ არსებობა, წუხდნენ რომ ეპისკოპოსი ან საპატრიარქო არ იძლეოდა არანაირ საარსებო აუცილებელ თანხებს.

ეპისკოპოსთან წუწუნი - ჩივილი არაფერს შველოდა, მისი სურვილი და გადაწყვეტილება ის იყო, რომ ეპარქიისათვის მუნიციპლატიტეტის მიერ ყოველწლიურად ჩარიცხული 200 000 ლარი (ხან 300 000 -ამდეც ადიოდა) ხმარდებოდა ეპარქიის ეკლესია-მონასტრების მშენებლობას და მის პირად აუცილებელ ხარჯებს, თუ სთხოვდი დახმატებას, დაგეხმარებოდა 200-300 ლარის ფარგლებში, მაგრამ ეს მათხოვრობა გამოდიოდა, თან გაჭირვებულ კაცს რას უშველის ერთჯერადი დახმარება, საჭიროა სტაბილური ფიქსირებული შემოსავალი ყოველი ადამიანისთვის, ყოველი ოჯახისთვის. ამის გარეშე ადამიანი ხარ მათხოვარი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფინანსურმა სიღარიბებ მაიძულა დამეტოვებინა ბოლნისის ეპარქია.

სატაძრო-სამღვდელო კუთხითაც სრულიად არასახარბიელოდ ვიყავი, ძნელია სასულიერო აკადემია დამთავრებული მღვდელი დამხმარე მღვდლის სტატუსში იყო, სადაც წინამძღვარ ახალგაზრდა მღვდელს (ასაკით ჩემზე პატარა იყო, მაგრამ მღვდლად ჩემზე ადრე ნაკურთხი) სემინარია-აკადემიის კარიც კი არ შეეღო და არც საკმარისი კომპეტენცია და გამოცდილება ჰქონდა, რომ წიგნიერებით მაინც შეევსო დიდი სიცარიელე.

საუბედუროდ საქართველოს ეკლესიაში მასობრივად ხდება სასულიერო განათლების არ მქონე მღვდლების და ეპისკოპოსების კურთხევები, რაც ყველანაირ ხარისხს აფუჭებს ეკლესიაში.

ორთვიანი აგვისტო-სექტემბრის პერიპეტიის მერე კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით და ზეპირი ბრძანების საფუძველზე, რომ მე მიღებდა მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, მეუფე ეფრემმა დაწერა ჩემი ბოლნისის ეპარქიიდან განტევების ანუ გათავისუფლების სიგელი, სადაც საკუთარი ხელით ჩაწერა ჩემთვის უძვირფასესი და სამახსოვრო სიტყვები: "მადლობას ვუხდი ღირსეული მსახურებისათვის."

ეს იყო 2014 წლის სექტემბერი.

ილია მეორემ ნახა სიგელი და მითხრა მომეცადა, თუ სად დამნიშნავდა.

ამასობაში გავიდა ორი-სამი კვირა, პატრიარქის გადაწყვეტილება იგვიანებდა, ზოგადად რთულიცაა მღვდლის დადგინება მცხეთა-თბილისში, იმდენად გადატვირთულია ტაძრები მღვდლებით, ცოტა არ იყოს მეც ვნერვიულობდი, თან რა თქმა უნდა უფულობაც მაწუხებდა, მღვდელს ხომ არ აქვს სტაბილური სოცდაცვა საპატრიარქოსაგან დანიშნული საქართველოს ეკლესიაში.

ასეთ ვითარებაში მოულოდნელად მოვიდა ჩემთან ერთი წლის დაარსებული მარნეული-ხუჯაბის ეპარქიის მთავარსტიქაროსანი გიორგი და მითხრა, თუ სურვილი მქონდა, მარნეულის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის და ეპარქიის მთავარხუცესის ადგილი თავისუფლდება, ვინც აქამდე იყო, ტოვებს ეპარქიას და თუ სურვილი გაქვს, მეუფე გიორგი დაგნიშნავს მის ადგილზეო.

რადგან გაურკვეველი იყო თბილისში ჩემთვის ადგილი, დავთანხმდი ამ შემოთავაზებას.

ეპისკოპოსთან შეხვედრაც შედგა მარნეულში, რის მერეც ჩავედი საპატრიარქოში და ვუთხარი ჩემი არჩევანი პატრიარქის მდივან-რეფერენტს.

შევატყვე არ მოეწონა, მაგრამ არც შემეწინააღმდეგა, უწმინდესს ვეტყვიო და ის გადაწყვეტსო.

რამდენიმე დღე მაცდევინეს და შემდეგ გადმომცეს პატრიარქის თანხმობა, ასე აღმოვჩნდი მარნეულის ეპარქიის მთავარხუცესად და საკათედრო ტაძრის წინამძღვრად მეუფე გიორგის გადაწყვეტილებით და პატრიარქის თანხმობით.

სხვათა შორის, წინა პოსტში ნახსენები კარის ისტორიკოს-პროფესორი სხვა ჭორებთან ერთად გულმოდგინედ ავრცელებდა თბილისში დეზინფორმაციას, რომ მე მარნეულში მდივან-რეფერენტმა დამნიშა (მან მხოლოდ რეკომენდაცია გამიწია პატრიარქთან თბილისის ეპარქიაში მიღებაზე, რასაც დათანხმდა ილია მეორე). რაც, რა თქმა უნდა, მტკნარი სისულელე და ტყუილია, დეტალები უკვე მოვყევი ზემოთ.

ეპისკოპოსი გიორგი საკმაოდ დამოუკიდებელი პირი იყო და შიდა საეპარქიო საკითხებს არ უთანხმებდა საპატრიარქოს ჩინოსნებს და არც ვალდებული იყო.

გაგრძელება იქნება...", - წერს დეკანოზ ილია ჭიღლაძე.

ცნობისთვის, საპატრიარქომ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს, მღვდელმოქმედება 10 დეკემბერს აუკრძალა.

სხვა სიახლეები:

🔳 "ვერ წარმოიდგენთ, როგორი სიმსუბუქე და სინდისის წუხილისაგან გათავისუფლებაა" - ილია ჭიღლაძე საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

🔳 "ტაძარში ჭყლეტას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 14 ადამიანი"- უცხოური მედია

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732635086

საზოგადოება

ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებებსა და ვადებს განმარტავს

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩ...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო

1732633337

საზოგადოება

„2025 წელს სამხედროების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება“ - ირაკლი ჩიქოვანი

2025 წელს სამხედროების ხელფასები 10%-ით გაიზრდება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. თავდაცვის მინისტრობი...

სამხედროები

1732632873

საზოგადოება

პარტიული სიების გაუქმებასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს

საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თ...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო

1732628692

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა 2.7421 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7428 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

aa

1732627496

სოციალური მედია

გიორგი გასვიანი საავადმყოფოში აღმოჩნდა - რა ფოტოს აქვეყნებს ტელეწამყვანი

მსახიობი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და პროდიუსერი გიორგი გასვიანი თოდუას კლინიკიდან სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს. როგორც ირკვევა მან ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაიკეთა.  „ნაღვლის ბუშტო, პაკა...“, - წერ...

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი