სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე: გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ საკითხში, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, საუკეთესო გზა არის დიალოგი და არა სანქციები

სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე რიხარდ რაშიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა გაიმართა, რათა გაძლიერდეს და გაუმჯობესდეს ორი ქვეყნის საპარლამენტო თანამშრომლობა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრატისლავაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ისტორიული ვიზიტია ბრატისლავაში. მოხარული ვარ, რომ ეს არის ჩვენი დიალოგის გაგრძელება, რომელიც გასულ წელს ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში დავიწყეთ და რასაც აპრილში საქართველოს პრეზიდენტის ბრატისლავაში ვიზიტი მოჰყვა. მინდა, გაგიზიაროთ ჩვენი შეხვედრის ძირითადი ასპექტები. უპირველეს ყოვლისა, სლოვაკეთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვინაიდან დღეს ქვეყნების მთლიანობა ირღვევა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სლოვაკეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჩვენ შევხვდით, რათა გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ საპარლამენტო თანამშრომლობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები, რომლებიც კავშირში იქნებიან საქართველოს პარლამენტთან. წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა კომიტეტების წარმომადგენლები – განათლების, სოციალური საკითხების, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით, რადგან ბევრი სფეროა, სადაც შეგვიძლია გამოცდილების გაცვლა, ასევე თემები, სადაც შეგვიძლია, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან“, – განაცხადა რიხარდ რაშიმ.

როგორც რიხარდ რაშიმ აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო საყრდენია.

„საქართველო არის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული სატრანსპორტო გზა. შესაძლოა, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რომ გვჭირდება კონკრეტული ადგილები, საიდანაც ენერგორესურსებს მივიღებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, გვჭირდება უსაფრთხო სატრანსპორტო გზა. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომ ძალიან ეფექტურად მუშაობს რესურსების დივერსიფიკაციის მიმართულებით, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რაც ხდება უკრაინის კონფლიქტსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველო დარჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო საყრდენად. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც სლოვაკეთი სხვადასხვა საგრანტო პროგრამებით უჭერს მხარს. სლოვაკეთსა და საქართველოს შორის იქნება ერთმილიონიანი თანამშრომლობა. ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვანი და დინამიკურია არა მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის წინა ვიზიტის გამო, არამედ იმის გამოც, რომ სხვადასხვა მინისტრებმა უკვე მოინახულეს სლოვაკეთი. ჩვენ შევქმენით სამთავრობათაშორისო კომისია თანამშრომლობისთვის. პირდაპირი საჰაერო მიმოსვლით სლოვაკეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო. ქართველებისთვისაც უფრო მარტივი გახდა სლოვაკეთში ჩასვლა. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამები ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთა გაფართოებასაც ვგეგმავთ. შესაბამისად, არსებობს დიდი პოტენციალი ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ვისაუბრეთ კულტურის სფეროში თანამშრომლობაზეც – ეს არის სფერო, სადაც ორივე ქვეყანას შეუძლია ერთმანეთისთვის კულტურის გაზიარება და წარმოჩენა. შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ახალგაზრდული მიმართულებითაც, ახალგაზრდულ პარლამენტებთან და იმ პროგრამებზე, რომლებსაც ვამზადებთ საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. ვიმედოვნებ, შევძლებთ თანამშრომლობის განვითარებას ისე, რომ სლოვაკ სტუდენტებს შევთავაზოთ საქართველოს პარლამენტის მუშაობის გაცნობა“, – განაცხადა რიხარდ რაშიმ.

რიხარდ რაშიმ ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთს სურს, დაეხმაროს საქართველოს ყველა იმ საკითხში, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

„ჩვენ ასევე გავიხსენეთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. გავიარეთ ყველა ის ეტაპი, რაც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას ექსპერტების დონეზე – რა იყო საჭირო რეალურად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. სლოვაკეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ სტრატეგიული დიალოგი. გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ საკითხში, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მიგვაჩნია, რომ საუკეთესო გზა არის დიალოგი და არა სანქციები, მიუხედავად იმისა, რომელ სფეროს ეხება საკითხი. დიალოგი ეხმარება, ხოლო სანქციები ადამიანების ცხოვრებას აზიანებს. გვსურს თქვენი ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელება, თანამშრომლობის გაძლიერება. გვინდა, კულტურა, ახალგაზრდობა და ეკონომიკა გახდეს ჩვენი ურთიერთობების განვითარების ძირითადი სფეროები და ჩვენი ურთიერთობები მომავალშიც ისე განვითარდეს, როგორც აქამდე“, – აღნიშნა რიხარდ რაშიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778495125

საზოგადოება

მეუფე გრიგოლი: ყველაფერი კარგად იქნება, გჯეროდეთ, გწამდეთ

ყველაფერი კარგად იქნება, გჯეროდეთ, გწამდეთ, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) გაფართოებული საეკლესიო კრების დაწყ...

მეუფე გრიგოლი

1778494205

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის - ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიხარდ რაშის შეხვდა. მხარეებმა გაიხსენეს ორმხრივი შეხვედრა, რომელიც 2025 წლის ივლისში, ჟენევაშ...

შალვა პაპუაშვილი

1778493894

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩაერთოს ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში, მადლიერებას გამოვთქვამ სლოვაკეთის მიმართ საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკას ვსტუმრობ. ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ჩემს კოლეგა რიხარდ რაშისთან. მახსოვს ჩვენი წინა შეხვედრა, რომელიც გასულ წელს...

შალვა პაპუაშვილი

1778493105

საზოგადოება

ანდრეი სიბიგა - გვსურს, ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ, მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად, უახლოეს მომავალში მოლდოვაში მაკა ბოჭორიშვილს შევხვდები

გვსურს, ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ. ერევანში ჩვენს ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა იყო, მოსაზრებების კარგი გაცვლა. მზად ვართ, გავაგრძელოთ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგი, – ა...

ანდრეი სიბიგა

1778491889

საზოგადოება

მეუფე შიო: მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია

მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია, - განაცხადა კათოლი...

მეუფე შიო