ინგა ფხალაძე: „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტები მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოს, არამედ ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტების მიმდინარეობის და მათი არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი როლის შესახებ ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ორი პროექტი, რომლებიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო კაბელების მოწყობას და დალაგებას მოიაზრებს, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. პირველი - საქართველოს მიერ ინიციირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია, რომელიც საქართველოდან რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს გულისხმობს და რომელსაც შემდგომ ლოგიკურად მოყვა მეორე, მასშტაბური „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტი საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის პარტნიორობით.
„რასაკვირველია, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ძალიან სერიოზულ პერსპექტივას უხსნის ევროპასთან ვაჭრობის შესაძლებლობის მხრივ - რაც, გეოგრაფიული მონაცემებით, არ გაგვაჩნია. პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელი გახდა, რომ საქართველო თავისი ძალიან სერიოზული ადგილმდებარეობით პოტენციურად შეიძლება იყოს ენერგეტიკული ჰაბი, რომელიც აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს. შესაბამისად, პროექტმა გამოიწვია ჩვენი მეზობელი ქვეყნების ძალიან დიდი ინტერესი და 2022 წლის დეკემბერში საფუძველი ჩაეყარა მეორე, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტს. მათი განხორციელების შემთხვევაში საქართველო გაიმყარებს არამხოლოდ საკუთარ ენერგოდამოუკიდებლობას და უსაფრთხოების სტატუსს, არამედ ევროპასაც შესძენს ენერგოუსაფრთხოების საკმაოდ მაღალ ხარისხს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სიგრძე იქნება 1155 კმ-ზე მეტი (1115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე), ძაბვა - 525 კვ, ხოლო სიმძლავრე - 1300 მგვტ. ინგა ფხალაძის ინფორმაციით, უკვე გაკეთებულია ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა ცნობილი იტალიური საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია CESI-ს მიერ. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ პროექტი ტექნიკურად აბსოლუტურად მიზანშეწონილია. ახლა კი პროექტი ზღვის ფსკერის ტექნიკურ გამოკვლევის ფაზაზე გადადის, რაც გულისხმობს გეოტექნიკურ და გეოფიზიკურ შესწავლას.
„ტექნიკური დავალების შემუშავება 2026 წელს დასრულდება და 2027 წელს უკვე დაიწყება მისი განხორციელება. უნდა, აღინიშნოს, რომ პროექტისთვის ევროკავშირში უკვე ვართ სტატუსის მინიჭების კანდიდატები, გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 2026 წლის დასაწყისში. სტატუსის მონიჭება გულისხმობს ძალიან სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას, რაც ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებაში საგრანტო კომპონენტი შემოვა. მთლიანად წყალქვეშა კაბელი 3,5 მილიარდი ევროს საინვესტიციო ღირებულების პროექტია“, - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
რაც შეეხება „მწვანე ენერგეტიკულ დერეფანს“, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეს კიდევ უფრო მსხვილი პროექტია, რომელიც მოიცავს 4,000 მგვტ სიმძლავრის სამ კაბელს. პროექტის ფარგლებში ოთხივე ქვეყნის ჩართულობით ფუნქციონირებს ერთობლივი საწარმო. ინგა ფხალაძის პროგნოზით, 2026 წლის იანვრის ბოლოსთვის დამთავრდება ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანგარიშის მომზადება, რომელზედაც ასევე იტალიური კომპანია CESI მუშაობს. 2027 წლის ბოლოსთვის ზღვის ფსკერის შესწავლაა დაგეგმილი.
„მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ენერგეტიკის დერეფანში ელექტრო კაბელის გარდა მოვიაზრებთ წყალბადის მილის ჩადებასაც, რაც შესწავლის ფაზაშია. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენი ქვეყანა ძალიან მდიდარია ჰიდრორესურსებით, რაც ასევე დიდ შესაძლებლობას იძლევა წყალბადის საწარმოებლად. შესაბამისად, საქართველოს შეუძლია მწვანე წყალბადის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. ელექტრო კაბელების საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრულია 10 -12 მლრდ ევრო, დაახლოებით ასეთივეა წყალბადის კაბელის ღირებულებაც“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ პროექტების მიმართ ძალიან დიდია დაინტერესება კერძო სექტორიდან და შესაბამისად, მნიშვნელოვანი მოცულობის ინვესტიციის მოზიდვაა შესაძლებელი, მათ შორის პროექტის ინფრასტრუქტურულ კომპონენტში. ამასთან, როგორც ინგა ფხალაძე აღნიშნავს, ენერგეტიკა ძალიან დინამიკურად განვითარებადი სექტორია და მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყანას სიმძლავრეების მატების გეგმა აქვს, იქ აუცილებლად იყოს ქსელის და ინფრასტრუქტურის გაძლიერება-გაფართოებაც, რის გარეშეც მისი განხორციელება შეუძლებელი იქნება.
„ჩვენი ხედვა ასეთია - უნისონში უნდა მოხდეს როგორც სტრატეგიის დახვეწა 10-წლიანი ხედვით, ასევე იმის გაანგარიშება, თუ რა იქნება საჭირო იმისთვის, რომ სექტორში სიმძლავრეების დამატება ფიზიკურად მოხდეს და ქვეყანას შესაძლებლობა მიეცეს, რომ გახდეს განახლებადი ენერგიების ნეტო-ექსპორტიორი ევროპის მიმართულებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
1763559291
ახალი ამბებისაახალწლო განათებების მონტაჟის გამო, მელიქიშვილის გამზირზე და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 20 ნოემბერს, 00:00-დან 03:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება მელიქიშვილის გამზირზე. 03:00 საათიდ...
1763558534
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7073 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7078 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1763557305
ახალი ამბებიბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა მიუსაჯა
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ამნისტია შეეხო მუხლს და, საბოლოოდ, სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე გან...
1763557059
ახალი ამბებიია მეტრეველი: „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე 7 წელი მიუსაჯეს, იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს - მოვუწოდებ პროკურატურას გაითვალისწინონ ჩემი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი
სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე, 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს, - ასე ეხმიანება 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა,...
1763555604
ახალი ამბებიშს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ავარიების შედეგად მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით 6041 ადამიანია დაშავებული, 345 ადამიანი კი დაღუპული
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტი, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაო...



























