მიხეილ სარჯველაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვებით მიმართავს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვებით მიმართავს და ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.

მიხეილ სარჯველაძის მიმართვა, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ განხორციელდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება, რომელიც განთავსებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის N12 დაწესებულებაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან პერმანენტულად ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის, პატიმრის უფლებებისა და მათი განხორციელების მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის თაობაზე:

1) რა სამართლებრივი სტატუსით იმყოფება მიხეილ სააკაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში?

2) რა მდგომარეობაა საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებების განხორციელების კუთხით, კერძოდ:

ა) როგორია პატიმრის საცხოვრებელი პირობები და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

ბ) სარგებლობს თუ არა პატიმარი მიმოწერის უფლებით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

გ) სარგებლობს თუ არა პატიმარი პაემნის (ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი, ხანგრძლივი პაემანი, საოჯახო პაემანი) უფლებით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

დ) სარგებლობს თუ არა პატიმარი იურიდიული დახმარების უფლებით და დაფიქსირდა თუ არა რაიმე შეფერხება ამ მიმართულებით, ასევე პატიმრის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

ე) სარგებლობს თუ არა პატიმარი სატელეფონო საუბრის, ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლებით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

ვ) აქვს თუ არა წვდომა პატიმარს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

ზ) რა მდგომარეობაა პატიმრის პირადი ჰიგიენის კუთხით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

თ) რამდენად არის უზრუნველყოფილი სპეციალური პენიტენციური სამსახური შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალით, მედიკამენტებით და სამედიცინო აპარატურით, პატიმრისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი, ჯეროვანი სამედიცინო დახმარების გასაწევად? დაფიქსირდა თუ არა პატიმრის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

ი) სარგებლობს თუ არა პატიმარი პატიმრობის კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლებით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?

კ) იმყოფება თუ არა პატიმარი არათანაბარ მდგომარეობაში ანალოგიური სამართლებრივი სტატუსის მქონე სხვა პატიმრებთან შედარებით? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ დეტალურად გვაცნობოთ ასეთი არათანაბარი მოპყრობის მიზეზები. 3) დაფიქსირდა თუ არა აღნიშნული პატიმრის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი სხვა რომელიმე უფლების დარღვევის მიმართულებით? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ დეტალური ინფორმაცია აღნიშნული საჩივრისა და შესაბამისი ნაბიჯების შესახებ, რაც გადაიდგა საჩივარზე რეაგირების მიზნით.

4) მე-2 პუნქტის ა-კ პუნქტებში, ასევე მე-3 პუნქტში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით პატიმრის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივრის არსებობის შემთხვევაში, რამდენ შემთხვევაში დადასტურდა საჩივრის საფუძვლიანობა და რა სახის ზომები იქნა მიღებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად? 5) გამოყენებული იქნა თუ არა პატიმრის მიმართ პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე შემზღუდველი ღონისძიება? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ შეზღუდვის არსი და მისი გამოყენების საფუძველი.

6) როგორია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად (შიმშილობიდან გამომდინარე)?

7) რამდენად გაზრდილია შიმშილობიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მოსალოდნელი გაუარესებისა და საგანგებო სპეციალური სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა (იმის მხედველობაში მიღებით, რომ გამოითქმის მოსაზრებები შიმშილობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ვითარების სწრაფად გაუარესების რისკების შესახებ)? აქვე, გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ, რომ გამოითქმის მოსაზრებები შიმშილობის მაქსიმალურად დასაშვები ხანგრძლივობის შესახებ. ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პატიმარმა შეიძინა გარკვეული პროდუქტები, ასევე, რომ მოხდა ექიმების მიერ რეკომენდირებული გარკვეული პრეპარატების მიღება, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს იმ ვადებზე, რომლის შემდეგაც მოსალოდნელია მოშიმშილის ჯანმრთელობის გაუარესება. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ფლობდეს ამ საკითხების ირგვლივ მაქსიმალურად სრულ ინფორმაციას.

8) რამდენად არსებობს პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობა?

9) რამდენად შესწავლილია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გართულებების რისკები (შიმშილობიდან გამომდინარე)?

10) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, ასევე 6-9 პუნქტებში მითითებული საკითხების თაობაზე ინფორმაციის მოწოდებისას, გთხოვთ მოგვაწოდოთ შესაბამისი არგუმენტაციისას გამოყენებული მასალებიც, რათა გვქონდეს საკითხის შეფასებისთვის აუცილებელი მასალების ანალიზის შესაძლებლობა.

11) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გართულების გამო პატიმრის იმ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, რომლის ფუნქციაც არის სამკურნალო მომსახურებით პატიმართა უზრუნველყოფა, რამდენად არის უზრუნველყოფილი ადეკვატური და სათანადო, ჯეროვანი სამედიცინო სერვისის მიწოდება, ასევე სამართლებრივი და ფაქტობრივი გარანტიები პატიმრის უსაფრთხოებისა და სხვა უფლებების დაცვისათვის?", – აღნიშნულია მიხეილ სარჯველაძის მიმართვაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 36-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵  სუსი "ნაცმოძრაობის" აქციაზე: გეგმავენ გარკვეული სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას, ასევე აქტიურად განიხილავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც

🔵  "დღეს მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას რუსთავში" - მიხეილ სააკაშვილი

🔵 რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა სახის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს, ამის მყარი მტკიცებულებები გაგვაჩნია

🔵 "არჩევნებზე ხმა მივცეთ ვისაც გვსურს ... არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს რიგ საკითხებში, მაგრამ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ადამიანურობა შევძლოთ" - ნიაზ დიასამიძე

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769970671

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე ფასების რეგულირებაზე: გარკვეულ შესაძლებლობას ყველა მხარე ხედავს, ბიზნესიც, სახელმწიფო სტრუქტურაც, ბენეფიციარიც, უკლებლივ ყველა დაინტერესებული მხარე

გარკვეულ შესაძლებლობას ყველა მხარე ხედავს, ბიზნესიც, სახელმწიფო სტრუქტურაც, ბენეფიციარიც, უკლებლივ ყველა დაინტერესებული მხარე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველა...

მიხეილ სარჯველაძე

1769969346

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია ბიზნესმა განაგრძოს ზრდა და განვითარება, თუმცა სახელმწიფომ უნდა დაიცვას სწორი ბალანსი მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესებს შორის

ჩვენი მხრიდან მოხდა დაახლოებით 9 ფაქტორის იდენტიფიცირება, რომელიც ახდენს ფასის გაძვირებაზე პირდაპირ ეფექტს. ჩვენ ძალიან გულწრფელად და პირდაპირ წარვუდგინეთ ამ კვლევის შედეგები კერძო სექტორის წარმომადგე...

მარიამ ქვრივიშვილი

1769967692

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: კარგი იქნება, მიხაელ გალერს თუ გააგებინებენ, რომ რუსული ნარატივი აღარ მუშაობს, გაცვდა მისი ლექსიკა, პირველ რიგში, საკუთარი თავის უპატივცემულებაა, ეს არ არის გერმანელი ხალხის პოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიხაელ გალერი უპატივცემულობას გამოხატავს. მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა მიხაელ...

ლევან მაჭავარიანი

1769967190

საზოგადოება

პრემიერი: მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, ჩვენი მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია, ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილის თავიდან არიდება ჩვენი საზოგადოებისთვის

მთავარი მიზანი იმის, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. როგორც მ...

ირაკლი კობახიძე

1769966581

საზოგადოება

იაგო ხვიჩია: პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე

პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე, - განაცხადა გადა...

იაგო ხვიჩია