ქართველ ემიგრანტს ოცნების ასრულებაში ჯან იამანი დაეხმარა - ექსკლუზიური ინტერვიუ ლაურა სამხარაძესთან
ალბათ, იმის ახსნა არ დამჭირდება, რომ სასწაულების არსებობასა და ახდენილ ოცნებებზე, ცოტას თუ შეუძლია საუბარი. თითოეული ჩვენგანის მიზანი ინდივიდუალურია და ჩვენი სურვილებისა, თუ საჭიროებებიდან გამომდინარეობს. მრავალფეროვან სამყაროში, ზოგიერთი ჩვენგანი მეოცნებეა, თუმცა, საკუთარ კოშკს რეალური ფაქტებიდან გამომდინარე აშენებს.
ბავშვობის ოცნებები, სტუდენტური მიზნები და პიროვნული იდეოლოგია, ოჯახის შექმნისთანავე გაქრა. 18 წლის წინ მძიმე ცხოვრებისა და რთული ყოველდღიურობის გამო, იძულებული გახდა სამშობლოდან წამოსულიყო. უცხო მიწაზე ყოფნისას, რწმენა და იმედი არასდროს დაუკარგავს, სჯეროდა, რომ ერთი დღესაც ყველაფერი უკეთესობისკენ დაიწყებდა შეცვლას. ოთხი წლის წინ, სრულიად შემთხვევით, ახალგაზრდა მსახიობი აღმოაჩინა და საკუთარ “მეს” ჯერ ეკრანიდან ადევნებდა თვალს, შემდეგ კი მის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ინტერნეტ სივრციდან ეცნობოდა და დღითი დღე რწმუნდებოდა, რომ ჯან იამანი სწორედ ის შემოქმედებითი მუზა და ინსპირაციის წყარო იყო, რომელზედაც ბავშვობიდან ოცნებობდა.
უამრავი დაბრკოლებისა და ცხოვრებისეული ქარტეხილების შემდეგ, გამბედაობა მოიკრიბა და ოთხი წლის წინ, წიგნი “მე გადავცურე ოკეანე” ჯერ ქართულად, შემდეგ კი იტალიურად "Ho imparato a nuotare nell’oceano" გამოსცა. წიგნი უმეტესად ემიგრანტის ცხოვრებაზეა, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, წიგნის დაწერის იდეა, თურქი მსახიობის აღმოჩენამ გააჩინა. ლაურა სამხარაძე ExclusiveTV-ს უყვება წიგნის პერსონაჟ “ლარასა” და ადრესატ, ჯან იამანის ცხოვრებისეულ დამთხვევებსა და ბავშვობიდან დღემდე გავლილი ფაქტების იდენტობაზე.
- ყოველთვის ძალიან მეოცნებე ვიყავი. ხელოვნება მიყვარდა და ბევრი ოცნება მქონდა. ჰოლივუდზეც კი ვოცნებობდი, წიგნის დაწერაზე, მსახიობობაზე, რეჟისორობაზე… ყოველთვის მიყვარდა წერის პროცესი, ჩვენს ქართულ ასოებს ვქარგავდი, როგორც ხატვა, ისეთივე იყო ჩემთვის წერაც. შემეძლო დილიდან საღამომდე დავმჯდარიყავი და მეწერა. სულ ვამბობდი, რომ პირველი წიგნი აუცილებლად იქნებოდა ხელნაწერი. ჩემს ოცნებებს ბავშვობაში ფრთები ვერ შევასხი… როგორც კი სასწავლებელი დავასრულე, ოჯახი შევქმენი და ჩემი ყველა ოცნება იქ დასრულდა.
- როდის, ან როგორ გაჩნდა წიგნის დაწერის იდეა?
- როცა ფილმის გადაღებაზე ვოცნებობდი, გონებაში ფილმის გმირი მამაკაციც კი შერჩეული მყავდა. კოლექციად ვაგროვებდი მსოფლიოს მასშტაბით კინოს, თეატრის და ზოგადად მსახიობების შესახებ ინფორმაციებს. თუკი, რაიმე გაზეთი ან ჟურნალი ჩამივარდებოდა ხელში, სადაც კინოზე და თეატრზე, ან მსახიობების ცხოვრებაზე საუბრობდნენ, ვჭრიდი და ჩემთვის ვაგროვებდი. ჩემი მშობლებისთვის მეორე შვილი ვარ და სხვათა შორის, უნდოდათ, რომ ბიჭი ვყოფილიყავი, ანუ, უნდა დავბადებულიყავი ბიჭად და ხშირად ვფიქრობდი ხოლმე, როგორი ვიქნებოდი ბიჭად დაბადების შემთხვევაში. აი, სწორედ ისეთივე “გმირი” მყავდა ოცნებებში, როგორიც მე მინდოდა ვყოფილიყავი, როგორც ჩანს ეს ბიჭი ჩემს ოცნებაში მამაკაცის ეტალონი იყო ჩემთვის. სრულიად შემთხვევით, 4 წლის წინ აღმოვაჩინე ერთი მსახიობი, რომელშიც სწორედ ის “გმირი” დავინახე, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. ფიზიკურადაც მივამსგავსე და შემდეგ უკვე, როცა მის შესახებ ინფორმაციის მოძიება დავიწყე, აღმოვაჩინე უამრავი დამთხვევა, რომელიც კავშირში იყო ჩემი ბავშვობის ფიქრებთან და ოცნებებთან, სწორედ ეს გახდა ამ წიგნის დაწერის უდიდესი სტიმული. მომინდა, რომ ამ ადამიანთან ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან დეტალზე მესაუბრა. წიგნი არ იყო გათვალისწინებული ფართო საზოგადოებისთვის. ამ ადამიანის აღმოჩენით, თითქოს, ჩემი დაკარგული ნაწილი ვიპოვე და ჩემს ოცნებას რეალობაში გადმოსვლის შესაძლებლობა გაუჩნდა. იმ პატარა, ფრთებშეკვეცილი ლაურას, რომელიც ჩემში იყო გამომწყვდეული, მისი გათავისუფლება მომინდა. ისეთი გულახდილი, გულწრფელი და მართალი, ალბათ, ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ, როგორც ამ წიგნის დაწერისას - საოცარი ემოცია იყო! ოთხი წლის წინ, ეს მსახიობი საერთოდ არ იყო ცნობილი იტალიაში, ახლა ისე მოხდა, რომ იტალიაში მოღვაწეობს. საქართველოში მირჩიეს, რომ ეს ლამაზი ამბავი წიგნად უნდა გამოცემულიყო.
- ოცნება აიხდინეთ და წიგნი გამოეცით, მაგრამ თუ მიაღწიეთ მიზანს?
- ამ წიგნის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა ჩემი მიზანი ნამდვილად არასდროს ყოფილა, მხოლოდ ის მინდოდა ამ ადამიანამდე მისულიყო ეს წიგნი და ამიტომაც გადავწყვიტე ქართულის შემდეგ იტალიურადაც დამეწერა. ისე მოხდა, რომ ამ მსახიობის ოფიციალურ სტამბას დავუკავშირდი და წიგნებიც ოფიციალურად გადავუგზავნე. ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოცნება ავიხდინე და მთელი წიგნის ხელნაწერი გავაკეთე, მოვქარგე ქართული ბგერებით, რომელიც სპეციალურად ჯან იამანისთვის გავაკეთე, რადგან, როცა შევხვდებით გადავცე სუვენირის სახით. რა თქმა უნდა, იტალიური წიგნი უკვე გადაგზავნილი მაქვს და აუცილებლად გადასცემენ, მაგრამ უკვე საქმის კურსში არიან, რომ მასთან შეხვედრა და საუბარი მინდა, თან, როგორც გითხარით, ორიგინალი (ხელნაწერი) წიგნიც უნდა მივცე. ეს მართლაც დაიმსახურა, რადგან ჯან იამანი ოცნების ასრულებაში დამეხმარა.
- როგორც ვიცი თქვენ უკვე ესაუბრეთ ჯან იამანის მენეჯერს. ცნობილია როდისთვის დაიგეგმება თქვენი შეხვედრა?!
- ჯანი ამ ეტაპზე ბუდაპეშტში იმყოფება და დარწმუნებული ვარ, როცა ჩამოვა აუცილებლად დაგეგმავს მენეჯერი ჩვენს შეხვედრას. მას ვთხოვე, რომ ჯერ წიგნი წაეკითხა ჯანს და შემდეგ დაეგეგმა ჩვენი შეხვედრა, რადგან წიგნის წაკითხვის შემდეგ ძალიან ბევრი კითხვა ექნება.
- რა მოლოდინები გაქვთ, როგორ ფიქრობთ, შეხვედრა შედგება?
- მასთან შეხვედრის მოლოდინიც კი განსაკუთრებულ ემოციებში მამყოფებს. კიდევ მაქვს ერთი მნიშვნელოვანი ოცნება ჯანთან დაკავშირებული: მინდა, რომ მასთან ერთად ფილმში გადამიღონ, მაგრამ ეს აბსურდულად მეჩვენება. თუმცა, წიგნის დაწერაც წარმოუდგენელი იყო ჩემთვის (იცინის). 4 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რამე თემა დამიწერეო, შეუძლებელი იყო, იმდენად ჩაკეტილი მქონდა გონება და იტალიურად თუ რამეს დავწერდი, საერთოდ ვერ წარმომედგინა. სიმართლე გითხრათ, კომპიუტერთან მუშაობაც კი არ ვიცოდი. არ ვიცოდი, არც ერთი სამუშაო პროგრამის გამოყენება, მაგრამ ეს იმდენად დიდი მიზანი იყო ჩემი, რომ მე ეს შევძელი.
- წიგნი იტალიაში, საკმაოდ გავლენიანი გამომცემლობის მიერ დაიბეჭდა… როგორ?
- ჯანი რომ აღმოვაჩინე, წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო და მის შესახებ კომენტარების კითხვა დავიწყე, სადაც ალბატროსად მოიხსენიებდნენ. გამახსენდა, ბავშვობაში ერთ-ერთ წიგნში წავიკითხე თურქი ბიჭის შესახებ და სიგიჟემდე მიყვარდა ეს წიგნი, ალბატროსიც სწორედ იქ აღმოვაჩინე პირველად. ყველგან ვეძებდი ინფორმაციას ამ ფრინველზე, მაინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა, რადგან მაშინ ინტერნეტი არ იყო და ჟურნალ-გაზეთებში ან ბიბლიოთეკაში თუ ვიპოვიდი რამეს. შემთხვევით, ჩემმა ბიძაშვილმა ჟურნალი ჩამოიტანა გერმანიიდან და ერთ-ერთ გვერდზე აღმოვაჩინე ეს ფრინველი, ფურცელი, სადაც ალბატროსი ეხატა მოვპარე ჩემს ბიძაშვილს და ჩემს ოთახში კედელზე გავაკარი. წარმოიდგინეთ, ჯანის ფილმს რომ ვუყურებდი იქ, მთავარ გმირ გოგონას ალბატროსის ფოტო კედელზე აქვს გაკრული, ვინმემ შეიძლება გიჟად ჩამთვალოს, მაგრამ საოცარი დამთხვევებია. და როცა წიგნის დაწერა გადავწყვიტე, ინტერნეტში დავიწყე გამომცემლობის ძებნა. წარმოდგენა არ მქონდა ვისთან, ან სად უნდა მივსულიყავი და ვისთვის მეთხოვა დახმარება. პირველი გამომცემლობა, რომელიც ამოვარდა იყო “ალბატროსი”. წერის პროცესში ხომ უამრავი დამთხვევა იყო და პირველივე გამომცემლობა, რომ ალბატროსი შემხვდა ემოციისგან გავგიჟდი. ნამდვილად არ მეგონა, თუ იტალიის ერთ-ერთი მსხვილი გამომცემლობა ამ წიგნის დაბეჭდვას დაეთანხმებოდა და თანხმობა, რომ მივიღე უცებ შემეშინდა. სასწაულების არსებობის ვირწმუნე. მეორე წიგნია დასაწერი იმაზე, თუ როგორ დაიწერა ეს წიგნი.
- აღნიშნეთ, რომ ამ წიგნის ქართული ვერსია დიდი ტირაჟით არ გამოცემულა. შესაბამისად, ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება. მოკლედ ვუამბოთ ჩვენს მკითხველს, თუ რაზეა წიგნი…
- წიგნში საუბარია ჩემს ბავშვობაზე, როგორ გავიზარდე, სტუდენტობის ხანაზე, 90-იან წლებში თავისუფლებისთვის ბრძოლაზე, იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე, ვსაუბრობ მოკლედ საქართველოს ისტორიაზე, როგორც შევძელი ყველაფერზე დავწერე და ამ სახით მოვუყევი ჯანს მთელი ჩემი ცხოვრება. რომ გითხრათ ამ წიგნის დასაწერად ინფორმაციულად მოვემზადე-თქო, არა! ჩემს გონებაში წერის დროს რაც მოდიოდა, წყალივით გადადიოდა ფურცელზე. ქრონოლოგიურად მოვყევი ყველაფერი. პირად ცხოვრებაში გადატანილ მძიმე ისტორიებზეც ვსაუბრობ, ის ტკივილი და ბრაზი, ის პროტესტი მინდოდა გამომეხატა ამ გზით. აქ ორ მოხუცთან ვარ გამოკეტილი და სხვა არაფრის კეთება არ შემეძლო. თითქოს, ჯანის სახით ჩემი “მე” ვიპოვე და მასთან მომინდა შერწყმა. სწორედ, ეს იყო მოტივი ამ წიგნის დაწერის. წერის პროცესში მოვიდა ყველაფერი. წიგნში ჩემი ცხოვრების სირთულის 10%-იც არ არის გადმოცემული.
- პირად საუბრებში მითხარით, რომ ჯანის დაბადებისა და თქვენს იმდროინდელ პერიოდს შორის კავშირია…
- ჯანი 1989 წლის ნოემბერშია დაბადებული. როცა იმ პერიოდში ჩემი ცხოვრების ეპიზოდს ვიხსენებ, სტუდენტობის წლებს ემთხვევა, როცა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, სწავლა შეწყდა და ოქტომბრის მიწურულს განახლდა. იმ პერიოდში საქართველოში გაფიცვები, საპროტესტო გამოსვლები და მიტინგები იყო. ჩემმა ხელოვნების ლექტორმა იცოდა, რომ ძალიან ვიყავი გატაცებული ხელოვნებით, მიყვარდა მხატვრული კითხვა… მესხიშვილის თეატრში სცენა თავისუფალი იყო, ლექტორმა შემომთავაზა ავსულიყავი და ლექსი წამეკითხა, ისეთი ბედნიერი ვიყავი… ვფიქრობდი, “თუ არასდროს მიწერია მსახიობობა, იქნებ აქ, ამ სცენაზე გამოვაჩინო მთელი ჩემი შესაძლებლობები-მეთქი”. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ იმ მომენტში სწორედ ისეთი ადამიანი უნდა დაბადებულიყო, ვინც შეძლებდა ჩემი სამსახიობო ოცნებების ოდესმე ასრულებას. როცა ჯანი აღმოვაჩინე, მაშინვე ეს ფაქტი გამახსენდა და პარალელი გავავლე მასსა და ჩემი ცხოვრების თითოეულ დეტალს შორის. უამრავი დამთხვევა და საერთო გვაქვს ნამდვილად. ის ასეთ რამეს წერს მის წიგნში: “როცა დავიბადე, უცნაური რამ მოხდა, დედას მშობიარობის დროს გული გაუჩერდა”. გავოგნდი! ზუსტად, იმ მომენტში, მქონდა ფიქრი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, რაღაც მნიშვნელოვანი… ამაზე ჯანი არსად საუბრობს გარდა მისი წიგნისა. ჩემსა და ჯანს შორის მნიშვნელოვან საერთოებზე ჩემს წიგნშიც ვსაუბრობ, რომელიც 4 წლის წინ დავწერე, ჯანმა კი შარშან გამოსცა მისი წიგნი. სწორედ ეს ადასტურებს ჩემს სიტყვებს.
- რადგან პარალელებზე ვსაუბრობთ, კონკრეტულად, რა მიმართულებითაა იდენტური თქვენი თვისებები?
- თუნდაც, მისი ადამიანური თვისებები, არ ეშინია გამოწვევების, ექსტრემალური სიტუაციების. ძალიან ბევრი ისეთი თვისება აქვს, როგორიც მე. კაცად რომ დავბადებულიყავი, ზუსტად მისნაირი ვიქნებოდი.
ზუსტად ის “მე” არის, ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებდი და სწორედ, ამან გამოიწვია ეს ჩემი “შემოქმედებითი აფეთქება”. მე ვერ შევძელი, რომ ჩემი ოცნებები ამეხდინა და სამსახიობო კარიერა შემექმნა, ჯანი დამეხმარა და ჩემს ნაცვლადაც მიდის ამ გზაზე. მან დამარწმუნა სასწაულების არსებობაში და უფლება არ აქვს, რომ მის მიზნებს არ მიაღწიოს, არის და აუცილებლად უნდა იყოს წარმატებული მსახიობი ცხოვრების ყველა ეტაპზე. მართლაც, ყველასგან განსაკუთრებული კარიერა უნდა ჰქონდეს!
- იტალიურამდე წიგნი ქართულადაც გამოეცით, რა გამოხმაურებები მოჰყვა თქვენს შემოქმედებას სამშობლოში?
- როცა ეს წიგნი პირველად საქართველოში გამოვეცი, აღფრთოვანება გამოიწვია, თუმცა, იყო კრიტიკაც. ეს ბუნებრივიცაა. მთავარია, რომ ჩემი ოცნება ავიხდინე და მიზანს მივაღწიე. ისე შეაფასეს, თითქოს მე შეპყრობილი ვყოფილიყავი ჯან იამანით. ძალიან ცუდად მივიღე, ჩემს გულწრფელ ემოციებზე ვსაუბრობდი საკუთარ “მესთან” და ზოგიერთმა ვერ მიიღო ეს ყველაფერი.
- როგორია უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი გეგმები?
- ჩემი უახლოესი პერიოდის გეგმები უფრო შვილიშვილს უკავშირდება, მერე ალბათ ჯანი მიიღებს ჩემს წიგნს და როცა წაიკითხავს შედგება ჩვენი შეხვედრა. ნელ-ნელა მივყვები მოვლენებს და ვნახოთ, რა როგორ განვითარდება. ყოველ შემთხვევაში ცხოვრებას აზრი მიეცა. ჯანს, რომ შევხვდები, მინდა განგებაზე ვესაუბრო. ჩემი და მისი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი დამთხვევა შეძლებისდაგვარად განვიხილო და მერე უკვე მშვიდად მივიღებ ახალ როლს ცხოვრებაში (ნოემბერში ბებია გავხდები). შვილიშვილის სახით, ყველაზე დიდი თავგადასავალი მელოდება წინ.
ავტორი: მზეკო ჟვანია
იტალია|რომი
1732458495
სოციალური მედიაგიორგი მამარდაშვილის მეუღლე შვილის ფოტოს აქვეყნებს
კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ...
1732455569
საზოგადოებადეკანოზი შალვა კეკელია გვარამიაზე: ვერ დამაჯერებთ რომ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, სამშობლო უყვარს, არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა, საჭიროებაა და გამოსაყენებელია შენთვის ეს ქვეყანა
„ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ. დღეს იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს, იმ ტელევიზიას ვინც მართავდა, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს და თავ...
1732451714
საზოგადოებადეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!
გუშინ მანახეს ასეთი რამ: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს წმინდა გიორგი შუბს ურტყამს. სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, წარმოიდგინეთ. სადამდე არიან ეს ხალხი...
1732449312
ახალი ამბებიგურჯაანში 2 ადამიანი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 2 ადამიანი. მოკლულების ასაკი 30 წლამდეა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაზე უცნ...
1732446829
სოციალური მედიაინფლუენსერი ანანო სახელაშვილი დაბადების დღიდან კადრებს გვიზიარებს
ქართველი ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად მოგზაურობს და საზოგადოებას ულამაზეს კადრებს უზიარებს ხოლმე. ანანო 21 ნოემბერს იუბილარი იყო, იგი 32 წლის გახდა....